ზენონისი
| ზენონისი | |
|---|---|
| ავგუსტა | |
|
ზენონისის გამოსახულება მისი მეუღლის მიერ მოჭრილ მონეტაზე | |
| (აღმოსავლეთ) რომის იმპერატორის მეუღლე | |
| მმართ. წლები: | 475-476 |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | V საუკუნე |
| გარდ. თარიღი: | 476/477 |
| გარდ. ადგილი: | კაპადოკია (დღევანდელი თურქეთი) |
| მეუღლე: | ბასილისკოსი |
| შვილები: | მარკუსი |
| სრული სახელი: | ელია ზენონის ავგუსტა |
| დინასტია: | ლეონიდები |
ელია ზენონისი (ბერძ. Ζηνονίς, 476/477) — აღმოსავლეთ რომის დედოფალი, ბასილისკოსის მეუღლე.
დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]474 წლის 17 ნოემბერს ლეო II გარდაიცვალა და მისი მამა ზენონი აღმოსავლეთ რომის იმპერიის ერთადერთი მმართველი გახდა. ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ზენონი ისავრიელი იყო, და, ამის გამო, ბარბაროსად ითვლებოდა. მისმა წარმომავლობამ კონსტანტინოპოლის მოსახლეობაში მისი რეჟიმის მიმართ ანტიპათია გამოიწვია. ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო გამწვავდა, როდესაც იმპერატორმა მაღალი გავლენის თანამდებობები თანამემამულე ისავრიელებს დაუთმო.[1] სამხედროების მეტად მნიშვნელოვან და ძლიერ გერმანულ ნაწილს, რომელსაც თეოდორიხ სტრაბონი მეთაურობდა, ის ისავრიელი ოფიცრები, რომლებიც ლეონ პირველმა რომის არმიაში ოსტგუთების რაოდენობის შესამცირებლად შემოიყვანა, არ მოსწონდა. საბოლოოდ, ზენონმა თავისი თანამემამულე, ისავრიელი გენერალი ილუსი, მეტად აითვალწუნა.
ბასილისკოსმა და ვერინამ სიტუაციით ისარგებლეს და თავიანთი იმპერატორი სიძის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. 475 წელს დედაქალაქში მმართველის წინააღმდეგ სახალხო აჯანყება დაიწყო. აჯანყებამ სამხედრო მხარდაჭერა თეოდორიხ სტრაბონის, ილუსისა და არმატუსის მეთაურობით მოიპოვა, და კონსტანტინოპოლის აღება მოახერხა. ვერინამ სიძე დაარწმუნა, რომ ამ სიტუაციაში ქალაქის დატოვება უმჯობესი იქნებოდა. ზენონმა მშობლიურ მიწებს მიაშურა, თან წაიყვანა კონსტანტინოპოლში მცხოვრები ისავრიელები და წაიღო საიმპერატორო განძეული. 475 წლის 9 იანვარს ბასილისკოსს ავგუსტუსის ტიტული გადაეცა.
ზენონისი ამ წარმატებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ დაუყოვნებლივ გამოცხადდა ავგუსტად. მარკუსი, ახალი სამეფო წყვილის უფროსი ვაჟი, ჯერ კეისარი, შემდეგ კი ავგუსტუსი გახდა - ამასთანავე, მამის თანამმართველი. ბასილისკოსი და ზენონისი მონოფიზიტობას[1] მიემხრნენ, ამ რელიგიური შტოს მთავარი ფიგურები, პაპი ტიმოთე II ალექსანდრიელი და პეტრე ფულერი, ანტიოქიის პატრიარქი, თავიანთ ტახტებზე დააბრუნეს, და მათი დარწმუნებით, 475 წლის 9 აპრილს წერილი (Enkyklikon) გამოაქვეყნეს, რომელიც რომის ეპისკოპოსებს ქალკედონის კრების ლეგიტიმურობის უარყოფას უბრძანებდა.[2] ამ ბრძანებულებისათვის ყველა ეპისკოპოსს უნდა მოეწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლელი ეპისკოპოსების უმეტესობამ ეს წერილი მართლაც მიიღო, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აკაკიუსმა, ქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერით, მასზე ხელის მოწერაზე უარი თქვა, თავისი ზიზღი ბასილისკოსის მიმართ აშკარად გამოხატა და აია სოფიას ხატები შავი ქსოვილებით დაფარა.[3]
სვიდას ზოგიერთი მონაკვეთის მიხედვით, ზენონისი არმატუსის, ქმრის ძმისშვილის საყვარელი გახდა. ჯ. ბ. ბური შემდეგ ნაწყვეტს გვთავაზობს:
ბასილისკოსმა არმატუსს, რამდენადაც ისინი ნათესავები იყვნენ, ნება დართო, რომ თავისუფლად შეხვედროდა და ესაუბრა დედოფალთან. ეს ურთიერთობა ინტიმური გახდა და რადგან ორივე არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე ადამიანები იყვნენ, ერთმანეთი გამორჩეულადაც შეუყვარდათ. ისინი ერთმანეთს ვნებიანი თვალებით უყურებდნენ, გამუდმებით ერთმანეთს ეძებდნენ და უღიმოდნენ, და ვნება, რომლის დამალვაც მათ ევალებოდათ, განუზომელი ტანჯვის მიზეზიც იყო. ისინი თავიანთ უბედურებას დანიელს, საჭურისს, და მარიას, ბებიაქალს ანდობდნენ, რომლებიც ძლივს კურნავდნენ ამ ავადმყოფობას მათი ერთად შეყრით. მოგვიანებით, ზენონისმა ბასილისკოსი აიძულა, მისი საყვარლისათვის ქალაქში უმაღლესი თანამდებობა მიენიჭებინა.[1]
არმატუსი მაგისტრ მილიტუმ პრაზენტიალის თანამდებობაზე დაინიშნა. 476 წელს მას ასევე კონსულობაც მიენიჭა.[4][5]
სიკვდილი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი გამეფებიდან მალევე, ბასილისკოსმა ილუსი, და მისი ძმა ტროკუნდუსი, ზენონის წინააღმდეგ გაგზავნა, რომელიც ახლა უკვე მშობლიურ ციხე-სიმაგრეებში აგრძელებდა ისავრიელი მეფის შესაფერ ცხოვრებას. ბასილისკოსს ის დაპირებები, რომლებითაც ძმები მოთაფლა, არ შეუსრულებია; გარდა ამისა, წარგზავნილებმა სამეფო კარის რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი მინისტრისაგან წერილები მიიღეს, რომლებშიც მათ მოუწოდბდნენ, რომ მთელი ძალ-ღონე ეხმარათ და ზენონი მმართველობაში დაებრუნებინათ, რადგან ქალაქს მიაფიზიტს ისევ ისავრიელი ერჩივნა.[1]
ისავრიაში ოპერაციების დროს ილუსმა ზენონის ძმა ლონგინუსი დაატყვევა და ციხესიმაგრეში გამოკეტა. იმის გამო, რომ ლონგინუსი მიიჩნევდა, რომ მას მომავალში ზენონზე დიდი გავლენა ექნებოდა, მან მხარე იცვალა და ძმასთან ერთად, კონსტანტინოპოლისკენ, 476 წლის ზაფხულში გაემართა. როდესაც ბასილისკოსმა ამ საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღო, მან სასწრაფოდ გააუქმა საკუთარი საეკლესიო ბრძანებები და სცადა პატრიარქი და ხალხი შემოერიგებინა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.[1]
არმატუსი მცირე აზიაში ყველა არსებული ძალით გაიგზავნა, რათა ისავრების მოწინავე არმიას დაპირისპირებოდა, მაგრამ ზენონის საიდუმლო გზავნილებმა და ქრთამმა მას ღალატისაკენ უბიძგა. არმატუსი იმ გზას მოერიდა, რომლითაც ზენონი მიიწევდა და ისავრიაში სხვა გზით გაემართა. ბასილისკოსის ბედი ამ ღალატმა გადაწყვიტა.[1]
476 წლის აგვისტოში ზენონმა კონსტანტინოპოლს ალყა შემოარტყა.[6] სენატმა ქალაქის კარი გააღო, რითაც ყოფილ იმპერატორს ტახტის აღდგენის საშუალება მისცა. ბასილისკოსი ტაძრის საკურთხევლისაკენ გაიქცა, მაგრამ მას აკაკიუსმა უღალატა და ყოფილ იმპერატორს სხვა გზა აღარ დარჩენოდა, გარდა იმისა რომ საკუთარი თავი და ოჯახი ზენონისათვის ჩაებარებინა, ოღონდ მხოლოდ იმ საზეიმო დაპირების სანაცვლოდ, რომ ახალი მმართველი მათ სისხლს არ დაღვრიდა. ამის შემდეგ ბასილისკოსი, ზენონისი და მათი ვაჟი მარკუსი კაპადოკიის ციხესიმაგრეში გაგზავნეს, სადაც ზენონმა ისინი მშრალ ცისტერნაში ჩასვა, რათა შიმშილითა და უწყლობით დახოცილიყვნენ.[7]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Heather, Peter (May 1998). Goths. Blackwell Publishing, გვ. 158–159. ISBN 0-631-20932-8.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 6 J. B. Bury, History of the Later Roman Empire from the Death of Theodosius I to the Death of Justinian (1923), Chapter XII
- ↑ "Pope St. Simplicius", Catholic Encyclopedia.
- ↑ Evagrius Scholasticus.
- ↑ Suda, s.v. Ἁρμάτος.
- ↑ Prosopography of the Later Roman Empire, vol. 2
- ↑ Heather, Peter (May 1998). Goths. Blackwell Publishing, გვ. 158–159. ISBN 0-631-20932-8.
- ↑ roman-emperors.