ზემფირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია მომღერლალს და ჯგუფს ეხება. ალბომის შესახებ იხილეთ Земфира (ალბომი).
ზემფირა
Zemfira March 2009.jpg
ზემფირა 2009 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ზემფირა რამაზანოვა
დაიბადა 26 აგვისტო, 1976 (1976-08-26) (40 წლის)
წარმოშობა უფა, რუსეთი
ჟანრ(ებ)ი რუსული როკი
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი, პოეტი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა
აქტიური 1998-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Real Records
ასოციაციები „Zемфира“
საიტი Zemfira.Ru

ზემფირა, სრული სახელი ზემფირა რამაზანოვა (რუს. Земфира Талгатовна Рамазанова. ბაშკ. Земфира Тәлғәт ҡыҙы Рамазанова. დ. 26 აგვისტო, 1976. უფა, ბაშკირეთი, რუსეთი) — რუსი მომღერალი, მუსიკოსი, პოეტი და კომპოზიტორი. რუსული როკ ჯგუფის „Zемфира“-ს დამაარსებელი და სოლისტი. ამჟამად მოღვაწეობს როგორც სოლო ავტორი და შემსრულებელი; მისი ჯგუფი სესიური მუსიკოსებისგან შედგება.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემფირა ბავშვობაში

ზემფირა რამაზანოვა ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში დაიბადა. იზრდებოდა ინტელიგენტურ ოჯახში: მამა, ტალგატ რამაზანოვი ისტორიის მასწავლებელი იყო, დედა, ფლორიდა — ექიმი, სამკურნალო ფიზკულტურის სპეციალობით. ჯერ კიდევ ოთხი წლის ასაკში ზემფირა მუსიკამ გაიტაცა. ხუთი წლის ასაკში კი ფორტეპიანოს შესასწავლად უკვე მუსიკალურ სკოლაში დადიოდა. მისი მუსიკალური „დებიუტი“ სკოლამდელ ასაკში შედგა, როცა თავისი დაწერილი სიმღერა დედასთან სამსახურში შეასრულა, შემდეგ კი ბაშკირეთის ტელევიზიით მისი საბავშვო სიმღერის შესრულება გადმოიცა. უფროსი ძმის, რამილის, გავლენის ქვეშ მყოფი ზემფირა მოულოდნელად როკ-მუსიკამ გაიტაცა. მის „მუსიკალურ პროგრამაში“ კლასიკური როკის ისეთი ლეგენდები შედიოდა, როგორებიცაა Black Sabbath, Nazareth და Queen.

სკოლაში ფრიადოსანი იყო. მეშვიდე კლასში კი ერთდროულად შვიდ წრესა თუ სექციაზე დადიოდა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი მომავალი მომღერლის ცხოვრებაში, ძირითადად, მუსიკასა და კალათბურთს ეჭირა. ამ უკანასკნელი გატაცების წყალობით, მას სპორტული აგრესია, მიზანდასახულობისა და ემოციური დამუხტულობის თვისებები ჩამოუყალიბდა, რაც, საბოლოო ჯამში, ზემფირას კალათბურთელის კარიერაში წინსვლაში დაეხმარა: თავისი სიმაღლის მიუხედავად, რომელიც ახლა — ზრდასრულ ასაკში — 173 სმ-ია, 1990 წელს იგი კალათბურთში რუსეთის გოგონათა ნაკრების კაპიტანი გახდა. რამაზანოვას ცხოვრების ამ ეტაპზე მუსიკა სულ უფრო და უფრო უკანა პლანზე იწევდა და მისთვის მოსაბეზრებელი ხდებოდა. გაუთავებელი მონოტონურობა მუსიკის შესწავლისას მას თრგუნავდა. მუსიკალური განათლების გაგრძელება ეჭვქვეშ დადგა, თუმცა ზემფირას დედა სწავლის დანებების უფლებას არ აძლევს; და სწორედ ამ დროს, როკ მუსიკით გატაცებამ „გამოყენებითი“ ელფერი შეიძინა. მშობლიური ქალაქის ქუჩებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში, გიტარით ხელში, თვითნასწავლი გიტარისტი ზემფირა და მისი მეგობრები იმ დროს წარმატებული ჯგუფების: „კინოს“, „აკვარიუმის“ და „ნაუტილუს პომპილიუსის“ სიმღერების შესრულებას იწყებენ.

უპირველეს ყოვლისა, შეუძლებელია მიწისქვეშა გადასასვლელებში დიდხანს დაკვრა. შეგიძლია დაუკრა საათი, დიდი-დიდი — ორი. ძალიან გტიკვდება თითები. და საერთოდ, იქ საკმაოდ უბერავს, შეიძლება ყელიც კი აგკტკივდეს. იმ დროს მედიატორის გარეშე ვუკრავდი. ყველაფერს არასწორად ვაკეთებდი და ამიტომაც მხოლოდ ერთ-ორ საათს ვუკრავდი. საკმაოდ კარგი შემოსავალი მქონდა. სახლში ხილი მიმქონდა. და საერთოდ, მშობლებსაც ვუნაწილებდი ფულს. ისინი გიჟდებოდნენ…[1]
ზემფირა, მისი მწვრთნელი და კალათბურთის ნაკრები.

მეთერთმეტე კლასში კალათბურთის და სწავლის შეთავსება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა და ზემფირას სპორტის დატოვება მოუწია. ორივე სკოლა — საშუალო და მუსიკალური — წითელი დიპლომით დაამთავრა. როგორც მაშინ ეგონა, შემდგომში პიანინოსთვის დრო უკვე აღარ ექნებოდა. სხვებისთვის სრულიად მოულოდნელად, ზემფირამ ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება გადაწყვიტა, თუმცა კლასის დამრიგებელმა მას მუსიკალურ სასწავლებელში ჩაბარება ურჩია. ხელოვნების სასწავლებელთან გავლისას, ზემფირამ კედელზე განცხადება შენიშნა, რომელიც მეორე დღეს დაგეგმილი მისაღები გამოცდების შესახებ იუწყებოდა. მომავალმა მომღერალმა გადაწვიტა ბედი ეცადა… ის საესტრადო ვოკალის განყოფილების მეორე კურსზე მიიღეს. ზემფირას გარდა, რომელიც ვოკალისტი უნდა გამხდარიყო, მის ჯგუფში ორი მომავალი მედოლე, ორი პიანისტი, ბასისტი და გიტარისტი ემზადებოდა. სწავლის პარალელურად, თავის ამხანაგთან, საქსოფონისტ ვლად კოლჩინთან ერთად, ზემფირა ქალაქ უფას ბარებსა და რესტორნებში ჯაზურ კომპოზიციებსა და ცნობილ დასავლურ ჰიტებს ასრულებდა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, ყოველივე ეს მას უკვე მობერზრდა, თუმცა სასწავლებელი მაინც წარჩინებით დაამთავრა.

1996 წლიდან ზემფირა რუსული რადიოსადგურის, „ევროპა +“-ის უფას ფილიალში იწყებს მუშაობას ოპერატორის თანამდებობაზე: დილაობით ამზადებს სარეკლამო რგოლებს, რაც, საბოლოო ჯამში, ხმასთან მუშაობის შესწავლაში ეხმარება, ღამ-ღამობით კი პერსონალურ კომპიუტერზე თავის პირველ „ნამდვილ“ სიმღერებს წერს: „Почему“, „Снег“, „Синоптик“…

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998—1999 წწ. — დებიუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი მუსიკალური ვიდეოდან სიმღერაზე „СПИД“, რომელიც უცნობი მიზეზების გამო, ეკრანებზე დღემდე არ გამოსულა.

1998 წლის დასაწყისში ზემფირა აარსებს საკუთარ ჯგუფს, მარტივი სახელწოდებით „ზემფირა“, რომელთან ერთადაც მოგვიანებით სიმღერების ჩაწერას იწყებს. ამჯერად არა კომპიუტერზე. ჯგუფის სადებიუტო გამოსვლა იმავე წლის 19 ივნისს შედგა, რადიოსადგურის „სერებრიანი დოჟდი — უფას“ დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. იმ ეტაპზე ზემფირას და თავის ჯგუფს იმდენი მასალა ჰქონდათ, რომ ერთზე მეტ ალბომსაც კი ეყოფოდა და მომღერალმა, თავისი მეგობრის დახმარებით, რამდენიმესიმღერიანი დემო-კასეტის ლეონიდ ბურლაკოვისთვის, ჯგუფ მუმი ტროლის პროდიუსერისთვის გადაცემა მოახერხა. ეს როკ მუსიკის ფესტივალ „მაქსიდრომზე“ მოხდა. ლეონიდმა დაუყოვნებლივ დარეკა უფაში და დამატებითი აუდიომასალის გამოგზავნა მოითხოვა. პროდიუსერი დარწმუნებული იყო, რომ ეს გოგონა მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა და ამიტომაც ზემფირა და მისი მუსიკოსები მოსკოვში, ალბომის ჩასაწერად მიიწვია.

19-23 სექტემბერს „მოსფილმი“-ს ტონ-სტუდიაში რამდენიმე სიმღერა ჩაწერეს. ეს იყო სადებიუტო ალბომის პირველი ესკიზები. ჩანაწერის პროდიუსერის როლში თავად ილია ლაგუტენკო იღებდა მონაწილეობას, ხმის რეჟისორი კი — ვლადიმირ ოვჩინიკოვი იყო. შვიდი ნოემბრისთვის ალბომის ჩაწერა ბოლომდე დასრულდა და მასში 15 სიმღერა შევიდა, რომლის საერთო ხანგრძლივობა 50 წუთი იყო. სიმღერების ასეთი დიდი რაოდენობა იმით იხსნებოდა, რომ ზემფირას იმ მომენტისთვის კიდევ ორმოცამდე დასრულებული სიმღერა ჰქონდა, რაც კიდევ არაერთ ჩანაწერს ეყოფოდა. ალბომის ჩაწერაში როგორც „ზემფირას“ მუსიკოსები (ვადიმ სოლოვიოვი, გიტარა; რენატ ახმადიევი, ბას-გიტარა; სერგეი მიროლიუბოვი, კლავიშები; სერგეი სოზინოვი, დასარტყმელი საკრავები), ისე „მუმი ტროლის“ წევრები (იური ცალერი, გიტარა; ოლეგ პუნგინი, დასარტყმელი საკრავები) იღებდნენ მონაწილეობას.

მუსიკალური ნაწყვეტები:
  • "СПИД"
    ზემფირას პირველი მუსიკალური ვიდეოსთვის 150 გამოკითხულმა სწორედ ეს სიმღერა შეარჩია.
    "Ракеты"
    ეს სიმღერა იმდენად პოპულარული იყო, რომ რამდენიმე არალეგალური CD-ნაკრების პირველი სიმღერა იყო.
    "Ариведерчи"
    იდუმალების ეფექტის შესანარჩუნებლად, ამ სიმღერის მუსიკალურ ვიდეოში ზემფირას სახე დაფარული იყო.
  • ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

1999 წლის იანვრის შუა რიცხვებში ზემფირა ჯგუფის გარეშე ლონდონში გაემგზავრა, სადაც ალბომს საბოლოო სახე უნდა მიეღო. ყოველივე ეს „Beethoven Street Studio“-ში მოხდა, ხმის რეჟისორი კი კრის ბენდი იყო. ალბომის თავდაპირველი ვარიანტიდან სიმღერა „Не отпускай“ ამოვარდა და შესაბამისად, იგი 14 სიმღერიანი გახდა.

თებერვლის შუა რიცხვებიდან ჯერ რუსულ რაიოსადგურ „ნაშე რადიოზე“, ხოლო შემდეგ „მაქსიმუმზე“, „სერებრიანი დოჟდზე“ და „მ-რადიოზე“ ზემფირას სიმღერა — „СПИД“ იწყებს ტრიალს, რომელსაც მოგვიანების მოჰყვა სიმღერები „Ариведерчи“ და „Ракеты“.

5-6 მარტს ქალაქ პრაღაში ადგილობრივ კლიპმეიკერებთან ერთად, ზემფირამ გადაიღო მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე „СПИД“. სცენარის ავტორი პაველ რუმინოვი იყო. სიმღერა შემთხვევით არ შეირჩა, რადგან 150 გამოკითხულმა ადამიანმა ზემფირას სადებიუტო ვიდეო რგოლისთვის სწორედ ამ სიმღერის ნახვა მოისურვა. პარალელურად, გაყიდვაში გამოვიდა რამდენიმე მუსიკალური ნაკრები, რომელშიც ზემფირას სიმღერები იყო შესული, თუმცა მომღერალთან არანაირ კავშირში არ ყოფილა. 24 მარტს მოსკოვის კლუბ „რესპუბლიკა ბიფიტერში“ ხმისჩამწერი კომპანიის „უტეკაი ზვუკოზაპისის“ პრეს-კონფერენცია შედგა, სადაც ჟურნალისტებს პირველად წარუდგინეს იმ მომენტისთვის მეტ-ნაკლებად პოპულარული ზემფირა. კითხვებზე პასუხის გარდა, მომღერალმა სიმღერაც კი შეასრულა ბაშკირულ ენაზე. 5 აპრილიდან MTV რუსეთზე სიმღერა „СПИД“-ზე გადაღებული მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია იგეგმებოდა, თუმცა უცნობი მიზეზების გამო, ივლისამდე გადაიდო. ის დღემდე არ გამოსულა. 24 აპრილს სადებიუტო ალბომის გამოშვება იგეგმებოდა, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია 8 მაისამდე გადაიდო, ხოლო გამოსვლა — 10 მაისისთვის. სამაგიეროდ, ალბომის თავდაპირველი გამოსვლის დღეს გადაიღეს მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის „Ариведерчи“, რომელიც ტელეეკრანებზე, რა თქმა უნდა, „СПИД“-ზე ადრე მოხვდა.

კადრი მუსიკალური ვიდეოდან სიმღერისთვის „Ариведерчи“, სადაც ზემფირას სახე განგებ იყო დაფარული.

8 მაისს კლუბში „16 ტონი“ შედგა ზემფირას პირველი ალბომის და ჟურნალ „ОМ“-ის მაისის ნომრის ერთობლივი პრეზენტაცია, რომლის ორგანიზატორებიც ხმისჩამწერი კომპანია Decade Music International, ჟურნალი „ОМ“ და რადიოსადგური „ევროპა +“ იყვნენ. ღონისძიებაზე იმდენი ადამიანი შეიკრიბა, რომ როგორც თავად ზემფირამ აღნიშნა, „მთლად კომფორტულად“ არ გრძნობდა თავს. გამართულ კონცერტზე მომღერალი გაზაფხულის განწყობის შექმნას ცდილობდა და სცენის გარშემო მწვანე ფოთლები იყო მიმოფანტული, რომლებმაც მესამე სიმღერისთვის ჭკნობა დაიწყეს; ყვავილებიც იყო, უფრო სწორად, ერთი ყვავილი — გვირილა ზემფირას თმაში, რომელზეც მომღერალი სიმღერა „Ромашки“-ს შესრულების დროს, მარჩიელობდა. მათთვის, ვინც სცენასთან ახლოს მისვლა ვერ შეძლო, დამონტაჟებული იყო დიდი ეკრანი, რომელზეც ახლადგამზადებულ მუსიკალური ვიდეოს — „Ариведерчи“-ს უჩვენებდნენ. თუმცა, ყველა და მათ შორის ზემფირაც, ამ დღით კმაყოფილი ჩანდა.

10 მაისს ზემფირას სადებიუტო ალბომი, რომელსაც ბევრი ადამიანი ელოდებოდა, საბოლოოდ გაყიდვაში გამოვიდა. მას მარტივად და უბრალოდ — „Земфира“ ერქვა.

19 ივლის ზემფირა გამოვიდა ქალაქ უფას დღისადმი მიძღვნილ მორიგ ღონისძიებაზე, ხოლო თავისი პირველი საკონცერტო ტურნე 1 სექტემბერს ქალაქ მოსკოვში გახსნა. გამოსვლების გრაფიკი დღე-დღეზე იყო გაწერილი, რაც საბოლოო ჯამში ზემფირას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახა. 15 ოქტომბერს, ავადმყოფობის გამო, ზემფირა საავადმყოფოში დააწვინეს და ორგანიზატორები იძულებული გახდნენ, ტურნე 15 დღით შეეწყვიტათ.

ტურნეს დაწყებამდე კი, 1999 წლის აგვისტოში, ისევ ლონდონის „Beethoven Street Studio“-ში, ჯგუფის რიგით მეორე სტუდიური ალბომის მასტერინგი დასრულდა, რომელიც გეგმის მიხედვით, ერთ წელიწადში იხილავდა დღის სინათლეს.

2000—2004 წწ. — ზემფირომანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი მუსიკალური ვიდეოდან სიმღერისთვის „Искала“, რომლის გადაღების დროსაც ზემფირა მსუბუქად დაშავდა.

გამოჯანმრთელების შემდეგ ზემფირას საკონცერტო ტურნე გაგრძელდა და 2000 წლის 5 იანვარს ქალაქ რიგაში დასრულდა. ბოლო კონცერტის ვიდეოჩანაწერის პრემიერა რუსეთის პირველ არხზე შედგა. ამავდროულად გამოდის ზემფირას პირველი სინგლი — „Снег“, რომელშიც შევიდა სიმღერა „Снег“-ის რემიქსული ვარიანტი და „Небо Лондона“-ის საკონცერტო ვერსია, რომელიც მომღერალმა ერთ-ერთ კონცერტზე შეასრულა. მოგვიანებით ზემფირა რუსეთის ტელეარხის, НТВ-ს საახალწლო გადაცემაში გამოდის, სადაც პოპულარულ რუსულ სიმღერას „Крутится, вертится шар голубой“ ასრულებს.

2000 წლის 28 მარტიდან სრულიად რუსეთი „ზემფირომანიის“ ახალმა ტალღამ მოიცვა. სწორედ ამ დროს გამოდის ზემფირას რიგით მეორე ალბომი, სახელწოდებით „Прости меня моя любовь“, ან როგორც მას ხშირად შემოკლებით გამოსახავენ — „ПММЛ“. სიმღერები „Искала“ და „Созрела“ რუსეთის რადიოეთერს იპყრობს და დღეში რამდენიმეჯერ ტრიალებს. პარალელურად, გამოდის მუსიკალური ვიდეო სიმღერისთვის „Искала“, რომელიც რუსეთის MTV-ს საუკეთესო ვიდეოების ხუთეულში დიდხანს რჩება. ვიდეოს გადაღებისას ზემფირას გაჩერებული ავტომანქანების სახურავებზე სიარული უწევდა, ერთ-ერთ მანქანაზე გადაბიჯებისას მას ფეხი აუცდა და დაეცა. „ბუნებრიობის“ გამო, კადრი მუსიკალური ვიდეოდან არ ამოუღიათ. მოგვიანებით, ამ ალბომიდან სხვა სიმღერებმაც მოიპოვა საყოველთაო აღიარება: „Хочешь“, „Не отпускай“, „Рассветы“, „Ненавижу“ — ამ სიმღერის ტექსტები მისმა ფანებმა ზეპირად იციან და ზემფირასთან ერთად მღერიან კონცერტებზე. საგულისხმოა, რომ სიმღერა „Хочешь“ მოგვიანებით რუსეთის სახალხო არტისტმა — ლიუდმილა გურჩენკომ შეიტანა თავის რეპერტუარში და მსმენელს მისთვის დამახასიათებელი „საესტრადო“ ინტერპრეტაციით წარუდგინა.

მუსიკალური ნაწყვეტები:
  • "Искала"
    ამ სიმღერაზე მუსიკალური ვიდეოს გადაღებისას, ზემფირას მანქანის სახურავიდან ფეხი აუსრიალდა.
    "Созрела"
    სიმღერა, რომლის სათაურსაც ამ პერიოდის ზემფირას ეპონიმად იყენებდნენ.
    "Хочешь"
    ამბობდნენ, რომ ეს სიმღერა ზემფირას გარდაცვლილ შვილს ეძღვნებოდა. ლიუდმილა გურჩენკომ კი იგი თავის რეპერტუარში შეიტანა.
  • ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ალბომის გამოსვლიდან მეორე დღესვე ახალი საგასტროლო ტურნე დაიწყო. ამ გამოსვლებს შორის, აღსანიშნავია ზემფირას გამოსვლა ფესტივალზე „მაქსიდრომი“, სადაც მომღერალი „ჰედლაინერი“ იყო. „მაქსიდრომი“ 2000 წლის 20 მაისს, მოსკოვის სპორტულ კომპლექს „ოლიმპიისკიში“ ჩატარდა.

საკონცერტო ტურნეს პარალელურად, გამოვიდა სინგლი „До свидания“, სადაც მოგვიანებით მსმენელისთვის საყვარელი ჰიტები — „До свидания (мой любимый город)“, „Брызги“, რამდენიმე სიმღერის რემიქსი და მუსიკალური ნაკრებისთვის „КИНОпробы“ სპეციალურად ჩაწერილი ვიქტორ ცოის სიმღერის, „Кукушка“-ს ზემფირასეული ვერსია შევიდა. ჩანაწერმა მსმენელის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგიერთი მასში პოპსას ელემენტებს ხედავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი დადებითისკენ შეიცვალა.

ზოგადი სიტუაცია და განწყობა იაკუტსკში ჩატარებულმა კონცერტმა გააფუჭა, სადაც არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა: კონცერტის ცუდმა ორგანიზებამ დარბაზში ჭყლეტა გამოიწვია. რამდენიმე ადამიანმა სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო და აუცილებელი გახდა მათი საავადმყოფოში გადაყვანა. ამ ფაქტმა ზემფირას პიროვნება ყვითელი პრესის გმირად აქცია. გაჩნდა აშკარად გამოგონილი სტატიების და ინტერვიუების მთელი სერია, რის გამოც ზემფირამ პრესასთან ურთიერთობა შეზღუდა.

2001 წლის მაისამდე ჯგუფი შემოქმედებით სტაგნაციას განიცდის. როგორც თავად მომღერალმა განაცხადა, „ყველა თავის თავით და საკუთარი პრობლემებით იყო დაკავებული“. ახალ სიმღერებზე სამუშაოდ მაისში ჯგუფი მოსკოვში შეიკრიბა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ზემფირამ ჯგუფის წევრებს მუშაობის სურვილის არქონაში დასდო ბრალი, ხოლო მუსიკოსებმა ზემფირა უნდობლობაში დაადანაშაულეს. მალე ჯგუფი დაიშალა და მუსიკოსები უფაში დაბრუნდნენ. გარკვეული დროის მანძილზე, ზემფირა ახალ სიმღერებს შესანიშნავ მუსიკოსებთან, მაგრამ მისთვის უცხო ადამიანებთან ერთად წერდა, რომლებთან ერთადაც თავი სცენაზე ვერაფრით წარმოედგინა. სულ ცოტა ხანში, მეგობრის წყალობით, მომღერალმა პროფესიული რიტმ-სექცია დაიქირავა, დაასრულა მესამე დისკის ჩაწერა და საბოლოო სახის მისაცემად ისევ ლონდონში გაემგზავრა.

მუსიკალური ნაწყვეტები:

11 ნოემბერს გამოდის სინგლი „Трафик“ და გულახდილი ვიდეო ამავე სახელწოდების მქონე სიმღერაზე.

2002 წლის 1 აპრილს გამოდის ზემფირას ახალი ალბომი სახელწოდებით „Четырнадцать недель тишины“ (დუმილის თოთხმეტი კვირა). სწორედ თოთხმეტი კვირა მუშაობდა მომღერალი ამ ჩანაწერზე. ალბომის გამოსვლის შემდეგ, ზემფირა თავის ჯგუფთან ერთად ჩანაწერის მხარდასაჭერ ტურნეს იწყებს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამჯერად ჯგუფი საკუთარი განათებისა და მონიტორის ინჟინრების თანხლებით მოგზაურობდნენ. მათ ასევე გაუჩნდათ მუდმივი საკონცერტო აპარატი. შეიცვალა სიმღერების არანჟირება და რამდენიმე სიმღერა საერთოდ ამოვარდა რეპერტუარიდან. წლის ბოლოს კი ზემფირამ კვლავ დაშალა თავისი ჯგუფის რიტმ-განყოფილება.

2003 წელს მომღერალი მხოლოდ რამდენიმე საკონცერტო გამოსვლით შემოიფარგლა. იგეგმებოდა კონცერტები აშშ-შიც, თუმცა ზემფირამ გადაიფიქრა და ამ ფაქტთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა:

მე არ ვაპირებ ამერიკაში იმ დროს გამოსვლას, როდესაც ეს ქვეყანა მსოფლიო თანამეგობრობის გადაწყვეტილებებს უგულვებელყოფს და ომისთვის ემზადება! პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვინც ამერიკაში ვაშინგტონის აგრესიულ პოლიტიკას მხარს არ უჭერენ. სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მათ. ამავე დროს, გული მწყდება, რომ ჩემი ტურნეს ჩაშლა მაყურებელს დისკომფორტს შეუქმნის. ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ამერიკაში, ოღონდ მშვიდობიან დროს…[2]

2004 წელს ზემფირას ოფიციალურ საიტზე ზემფირა ჯგუფ „ბრავოს“ სიმღერის — „Как быть“-ის ქავერ-ვერსიის პრეზენტაციას ახდენს, რასაც ჯგუფის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტებზე გამოსვლა მოჰყვა; 21 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგში და 26-27 ნოემბერს მოსკოვში. მოგვიანებით, იმავე საიტზე მომღერლის ახალი სიმღერა — „Небомореоблака“ (ცა-ზღვა-ღრუბლები) ჩნდება, რომელიც მომენტალურად რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების რადიოსადგურებზე იწყებს ტრიალს. ეს სიმღერა ერთგვარი მაგალითივით იყო მსმენელისთვის, რომელიც მომავალი ალბომის რეპერტუარის შესახებ მსმენელს გარკვეულ წარმოდგენას უქმნიდა.

იმავე წელს, ახალი ალბომისთვის ზემფირა იწყებს თანამშრომლობას პეტერბურგელ ელექტრო-მუსიკოსთან, იგორ ვდოვინთან. მათი პირველი საერთო ნამუშევარი რენატა ლიტვინოვას ფილმის „ქალღმერთი: როგორ შემიყვარდა“ საუნდტრეკი — „Любовь как случайная смерть“ იყო. პარალელურად კი, მომღერალი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე აბარებს, სადაც პირველსავე ზამთრის სესიაზე აკადემიურ შვებულებას იღებს. რიგ მიზეზთა გამო, მომღერალი საკუთარი თავის უნივერსიტეტში აღდგენით აღარაა დაინტერესებული. 2006 წლის აგვისტოში იგი გარიცხეს.

აღსანიშნავია ასევე ზემფირას გამოსვლა ფესტივალ „მაქსიდრომზე“ და ჯგუფ „მუმი ტროლთან“ ერთად დუეტში შესრულებული სკანდალური სიმღერა „Медведица“. 13 დეკემბერს მომღერლის საიტზე ახალი მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია ხდება, რომელიც სიმღერისთვის „Прогулка“ (გასეირნება) გადაიღეს. ორ დღეში მისი ხილვა უკვე რუსეთის MTV-ზეც არის შესაძლებელი. ამ სიმღერის შესრულებით ფესტივალზე „მეგაჰაუსი“, ზემფირას წლის შოუ-მოღვაწეობა სრულდება, რის შემდეგაც ცხადდება ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი — 21 იანვარი, 2005 წელი.

2005-დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კადრი მუსიკალური ვიდეოდან სიმღერაზე „Блюз“.

2005 წელს რუსული მედია აქტიურად ემზადება ახალი ალბომის გამოსვლისთვის და თავის ეთერსა თუ ნაბეჭდ გვერდებს ზემფირასთან დაკავშირებულ ინტერვიუებს უთმობს. ჟურნალი „აფიშა“ აცხადებს, რომ ზემფირას ახალ ნამუშვარს „Нефть“ ერქმევა. ყველა მოლოდინშია, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო, ალბომის გამოსვლის თარიღი 1 მარტისთვის ინაცვლებს. ბოლო მომენტში ცნობილი ხდება, რომ მომღერლის ახალი კომპოზიციების კრებულს სახელად — „Вендетта“ ერქმევა. „ვენდეტას“ გამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ოფიციალურ საიტზე, ზემფირა სიმღერების ჩამონათვალს აქვეყნებს. ალბომის გამოსვლის დღეს კი იმავე საიტზე ჩნდება მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე „Блюз“, რომელიც რენატა ლიტვინოვამ გადაიღო.

ალბომის გამოსვლის შემდეგ, რომელიც რუსეთში 2005 წლის მოვლენად ჩაითვალა, ზემფირა თავის საკონცერტო ტურნეს იწყებს. აგრეთვე მონაწილეობს მუსიკალურ ფესტივალ „მაქსიდრომში“. მოგვიანებით, კიევში რენატა ლიტვინოვას გადაღებული ახალი მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია იმართება, რომელიც სიმღერა „Самолёт“-ის ცოცხალი ვერსიისთვის გადაიღეს. ამის შემდეგ, ზემფირა გამოდის ფესტივალზე „კრილია“, სადაც ლიუდმილა გურჩენკოს იუბილეს ულოცავს და სიმღერა „Лондон“-ს უძღვნის. საკონცერტო გრაფიკი მოსკოვში დამთავრდა.

2006 წლის დასაწყისში, პირადი გარემოებების გამო, ზემფირა საკუთარ მუსიკალურ კოლექტივს შლის; ისევე როგორც დაგეგმილ კონცერტებს. 8 აპრილს პერსონალური ოფიციალური საიტი „რეკონსტრუქციაზე“ იხურება, რომელიც შეცვლილი სახით 9 აგვისტოს იხსნება. მოგვიანებით, საიტზე ჩნდება ინფორმაცია, რომ ოქტომბერში ახალი ალბომის გამოსვლა იგეგმება. „Земфра. LIVE“ — მომღერლის პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთი საკონცერტო ალბომი 2006 წლის 16 ოქტომბერს გამოდის.

კადრი მუსიკალური ვიდეოდან სიმღერაზე „Господа“.

14 დეკემბერს ზემფირა მოსკოვის კლუბ „აპელსინში“, მუსიკალური საიტის zvuki.ru-ს დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას, სადაც ახალ სიმღერასთან ერთად, მსმენელს თავის ახალ კოლექტივს წარუდგენს. 31 დეკემბერს კი თავის თაყვანისმცემლებს საჩუქრად მუსიკალურ ვიდეოს სიმღერაზე „Итоги“ ჩუქნის და ოფიციალურ საიტზე აცხადებს, რომ ახალი ალბომი უკვე მზადაა.

ზემფირას ახალი ნამუშევარი, ალბომი სახელწოდებით „Спасибо“ 2007 წლის 1 ოქტომბერს გამოვიდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ იგი ისე ჩაიწერა და გამოიცა, რომ მის შექმნაში თუ პოპულარიზაციაში არცერთ საპროდიუსერო კომპანიასა და არც ხმისჩამწერ ლეიბლს არ მიუღია მონაწილეობა. ეს გარემოება კი იმით აიხსნება, რომ რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა ზემფირას მიერ მოთხოვნილი ჰონორარი არაადეკვატურად ჩათვალეს. სწორედ ამ დროს, მომღერალი მისთვის დამახასიათებელ პერპენდიკულარულ ნაბიჯს დგამს — ქმნის საკუთარ ხმისჩამწერ ლეიბლს „ზემფირა რეკორდს“; რენატა ლიტვინოვას თანაავტორობით, იწერს მუსიკალურ ვიდეოს სიმღერაზე „Мы Разбиваемся“; ალბომს პოპულარიზაციას კი რუსეთისთვის ძლიერი და უპრეცედენტო მეთოდით — მხოლოდ ერთი მედია-ჰოლდინგის მაღაზიების ქსელებში გაყიდვით ეწევა. (დეტალებისთვის იხილეთ ალბომის გვერდი: „Спасибо“) "ამ ალბომით ჩემს ცხოვრებაში ახალი პერიოდი იწყება," — ამბობს ზემფირა.[3]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მომღერალი ზემფირა ხშირად გამხდარა რუსული მედიისა თუ პაპარაცების მუდმივი დაკვირვების ობიექტი. მას შემდეგ, რაც მომღერალმა მედიის მხრიდან პირველი ცილისმწამებლური დარტყმა იწვნია, ჟურნალისტებთან ურთიერთობა შეზღუდა, რამაც მედიის მხრიდან კიდევ უფრო მძაფრი გაღიზიანება გამოიწვია. რუსეთის არაერთი „ყვითელი“ გამოცემა მომღერლის სექსუალურ ორიენტაციაზე ალაპარაკდა. ამის საფუძველს ჟურნალისტები ზემფირას სიმღერების ტექსტებში ეძებდნენ, ხოლო უკანასკნელ წლებში ზემფირასა და მსახიობ, რეჟისორსა და სცენარისტ რენატა ლიტვინოვას შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე სპეკულირებენ. თვით მომღერალი კი არასდროს საუბრობს თავის პირად ცხოვრებაზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუნდტრეკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები და DVD[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.