შინაარსზე გადასვლა

ზემო რენეს სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო რენეს სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს დასავლეთით, უსახელო მშრალი ხევის ნაპირას, მსხვილფეხა საქონლის ფერმის ტერიტორიაზე. თარიღდება ძვ. წ. Xlll-Xll საუკუნეებით. სამაროვანი 1974-1975 წლებში, გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის, ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, კასპის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). გაითხარა 8 სამარხი. ყველა ინჰუმაციურია. თიხნარ ნიადაგში, 1,2-1,4 მეტრ სიღრმეზე გათხრილია გეგმით სწორკუთხა, წაგრძელებული, ხის ძელებით ან ტოტებით გადახურული ორმოსამარხები (1,2x0,8; 1,3x0,9 მეტრი). სამარხები დამხრობილია სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ. მიცვალებულები დაკრძალულია ხელფეხმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილოეთის ან ჩრდილო-დასავლეთისკენ. მოპოვებული მასალიდან აღსანიშნავია სამზარეულოს და სამეურნეო დანიშნულების შავად ან ნაცრისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი (დოქი, ფიალა, ჯამი, კოჭობი, დერგი, სადღვებელი და სხვა), რომელიც შემკულია ამოღარული ირიბი ნაჭდევი და ნაპრიალები ხაზებით, ტალღური და თევზიფხური სახეებით, რელიეფური სარტყლებით, ცხოველის თავის სტილიზებული გამოსახულებით. სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს იარაღი და სამკაული: კახური ტიპის სატევარი, ფოთლისებური და ალისებური სატევრისპირები, მასრაგახსნილი ხელშუბისპირები, ცენტრალური ამიერკავკასიის ტიპის ცულები და სხვა; სატეხი, ბრტყელი ცული და ნამგალი; სასაფეთქლე ხვიები, საკინძები, სამაჯურები, მინისა და პასტის მძივები და სხვა; ცხენის აღკაზმულობა: ლაგმები, საყბეურები და სხვა. სამაროვანზე აღმოჩნდა აგრეთვე ინსიგნიები: ბრინჯაოს კოპებით მოჭედილი ირმის რქის ძირის კვერთხი, ბრინჯაოს გრავირებული ცული ბრინჯაოსავე ტარითა და ყუაზე ძაღლის სკულპტურული გამოსახულებით. ცულის პირი და ტარი მორთულია მრავალფეროვანი ორნამენტით, რაც ცულის სარიტუალო-რელიგიურ დანიშნულებაზე მეტყველებს, ხოლო ტარის პროპორციების მიხედვით, იგი საბრძოლო იარაღიც უნდა იყოს. მოპოვებული მასალა ინახება კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.