ზემო მაჩხაანის წმინდა ელიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ზემო მაჩხაანის წმინდა ელიას ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ მაჩხაანის სამხრეთით 9-10 კილომეტრზე, თელათწყლად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდ. შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია დაუდევრად, სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და რიყის ქვით. გარეთა კუთხეების წყობაში ალაგ-ალაგ კვადრატული აგურიცაა ჩართული. აგურითაა გამოყვანილი კამარა, კონქი და ეკლესიის შესასვლელი, რომელიც ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ კიდეშია გაჭრილი. კარი თაღით ყოფილა გადახურული. იგი გარედან ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში, რომელიც დასრულებულია ერთ რიგზე გამოყვანილი, ხერხულა წყობის ზოლით. შესასვლელი შიგნით, სავარაუდოდ, ხის ზღუდრით, თარაზულად ყოფილა გადახურული.

ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით აფსიდითაა დასრულებული, რომელსაც გეგნით უსწორმასწორო ნახევარწრის ფორმა აქვს და გრძივ კედლებს უშუალოდ ერთვის. აფსიდის ღერძზე გაჭრილის დაბალი, თარაზულად გადახურული სარკმელი, გვერდებში კი, თითო სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, აგურითაა და ნატეხი ქვით ნაგები ოთხწახნაგა ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი გადახურულია აგურის ნაწყობი კონქით, რომელიც დარბაზის ფორმის, აგურისავე შეკიდული, საბჯენი თაღითაა გამიჯნული. ოდნავ შეისრული ფორმისაა კამარაც. იგი აფსიდის თაღის გარდა, დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღსაც ეყრდნობა. ეს უკანასკნელი, აფსიდის თაღის მსავსად, შეკიდულია.

აფსიდის სარკმლის გარდა, შიდა სივრცეს დასავლეთ კედელში გაჭრილი სარკმელიც აშუქებს. მას მიახლოებით, კვადრატის ფორმა აქვს და ბრტყლადაა გადახურული. ეკლესიის კედლებში რამდენიმე სათოფურია მოწყობილი, რაც შენობას თითო-თითო სათოფური გრძივ კედლებშია, ორი დასავლეთ კედელში. შიგნით კედლები შელესილია.

ეკლესიის ფასადებზე და შესასვლელის წყობაში, აქა-იქა, ჩრათულია ცისფრად მოჭიქული აგურის ნატეხები. შენობას სახურავის საფარი ჩამოშლილი აქვს. იგი, სავარაუდოდ, კრამიტით იყო გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]