ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო მაჩხაანის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ზემო მაჩხაანის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას, ძველ სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია, ძლიერ წაგრძელებული. შედგება სხვადასხვა პერიოდის ორი ნაწილისგან. თავდაპირველ დარბაზულ ეკლესიას, რომელიც, სავარაუდოდ, XVI საუკუნით თარიღდება, მოგვიანებით ფართობის გაზრდის მიზნით, დასავლეთ კედელი მოხსნეს და მოგრძო დარბაზი მიაშენეს. ამ უკანასკნელს კი, დასავლეთიდან, აგურით ნაშენი სამსართულიანი სამრეკლო მიადგეს, რომლის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს. მეორე კარიბჭე გვიანდ. ნაწილის სამხრეთ კედელზეა მიდგმული, ამ მხრიდან მოწყობილი კარის წინ.

ეკლესიის ძველი ნაწილი მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები. გარეთა კუთხეებში ჩართულია თითო-ოროლა კვადრატული აგური, გვიანდ. ნაწილის კედლები კი ძირითადად აგურისაა, რომელშიც თანაბარი ინტერვალებით, ერთრიგად დაწყობილი რიყის ქვის თარაზული შრეებია ჩართული. შიგნით არქიტექტურის და კონსტრუქციის ელემენტები მთლიანად აგურისაა.

2010-2011 წლებში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩატარდა ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მნიშვნელოვნად შემცირდა გვიანდ. ნაწილის სარკმელთა ღიობები. ინტერიერი მთლიანად შეილესა გაჯით, დაიგო იატაკი, ეკლესიის გარშემო ქვაფენილი. აიგო კანკელი, ხოლო გზის გასწვრივ ქვის კედელი. ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. შენობას ორი მოქმედი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. თითოეული მათგანი ნახევარწრიული თაღითაა დასრულებული და მოგვიანებით მიშენებული ნაწილის კედლებშია გაჭრილი. მესამე შესასვლელი თავდაპირველი ნაწილი ჩრდილოეთ კედელშია, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. კარი აგურითაა გამოყვანილი, შეისრულთაღოვანია და საფეხურით შეღრმავებულ არეშია ჩასმული, რომელსაც ვიწრო, ხერხულა ზოლი აგვირგვინებს. ეკლესიის შიდა სივრცე ძლიერ წაგრძელებულია. აღმოსავლეთით დასრულებულია შენობის გეგმის სწორკუთხედშივე მოქცეული ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე გაჭრილია დაბალი, ნახევარწრიულთაღოვანი სარკმელი. ადრე მის ნაცვლად დასავლეთ ნაწილის მიშენების დროს გადიდებული, მაღალი, განიერი, თაღოვანი სარკმელი ყოფილა, რომელიც რეაბილიტაციის დროს დააპატარავეს. აფსიდის ჩრდილო გვერდში ორი შეისრულთაღოვანი და ერთი სწორკუთხა ნიშაა, სამხრეთ გვერდში კი ერთი შეისრულთაღოვანი და ერთი სწორკუთხა ნიშა. მათგავ თაღოვანი ნიშები თითქმის თანაბარი ზომისაა და დანარჩენ ორს სიდიდით ბევრად აღემატება. ეკლესიის ძველი ნაწილის გრძივ კედლებზე ოთხ-ოთხი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. პილასტრების აღმოსავლეთ ეყვილი და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღი საკურთხეველს სივრცის დანარჩენი ნაწილისგან გამოყოფს. პილასტრებს შორის, კედელში საფეხურით შეღმავებული, შეისრული თაღებია, რომლებიც პილასტრების გვერდებზე გამოყვანილ საფეხურს ეყრდნობა. შეისრული ფორმისაა საბჯენი თაღები და კამარაც.

ეკლესიის გვიანდ. ნაწილის გრძივი კედლები, ადრიანდ. ნაწილის კედლების მსგავსად, პილასტრებითაა დანაწევრებული, ოღონდ აქ პილასტრები ერთსაფეხურიანია და მათ, კამარის საბჯენი თაღების გარდა, კედლის მიმდებარე თაღებიც ეყრდნობა. ძველი ნაწილისგან განსხვავებით, აქ თაღები ნახევარწრიული ფორმისაა. შენობის გვიანდ. ნაწილს ისიც გამოარჩევს, რომ იგი, თავდაპირველ ნაწილთან შედარებით, დაახლოებით 0,7 მეტრით უფრო მაღალია. ეკლესია ძუნწადაა განათებული. საკურთხევლის სარკმლის გარდა, შენობის ძველი ნაწილის სამხრეთ კედელში ორი შეისრულთაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ერთი თაღოვანი სარკმელი მოგვიანებით მიშენებული ნაწილის სამხრეთ კედელშია, ხოლო ორი დასავლეთ კედელში, შესასვლელის გვერდებზე. სამივე მათგანი ეკლესიის რეაბილიტაციის დროსაა მოწყობილი ადრე არსებული, საკმაოდ განიერი და მაღალი სარკმლების ადგილზე. კიდევ ერთი სარკმელი ყოფილა ჩრდილოეთ კედლის შუაში, სამხრეთ სარკმლის მოპირდაპირედ, რომელიც რეაბილიტაციის დროს ამოაშენეს. ინტერიერის დასავლეთ ნაწილში ხის პატრონიკე ყოფილა მოწყობილი, რომლისგანაც შემორჩენილია პილასტრების დასავლეთ წყვილში ჩამაგრებული ხის მძლავრი კოჭი და მასზე დასაყრდნობი კოჭების ხუთი ბუდე დასავლეთ კედელზე. პატრონიკეზე ხის კიბით ადიოდნენ. პატრონიკე დასავლეთ კედელში მოწყობილი თაღოვანი ღიობით სამრეკლოს მეორე სართულს უკავშირდებოდა.

ფასადები დასრულებულია მაღალი, პროფილირებული ლავგარდნით. ეკლესიის სახურავი ორფერდაა, კრამიტის. სამრეკლო ეკლესიაზე ბევრად უფრო მაღალია. მისი ქვედა ორი სართული გეგმით კვადრატულია და სამხრეთ მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი, რომლებიც დაყრდნობილია დასავლეთ კუთხეებში მდგომ, გეგმით კვადრატულ ორ ბურჯზე და ეკლესიის დასავლეთ კედელზე მოწყობილ პილასტრებზე. ორივე სართული დადაბლებული პროპორციების გუმბათოვანი კამარითაა გადახურული.

სამრეკლოს ზედა სართული რვაწახნაგაა და ქვედა სართულებთდან შედარებით რამდენადმე მაღალი. სართულის ღერძულ წახნახებში, რომლებიც დანარჩენ წახნაგებთან შედარებით უფრო განიერია, მოწყობილია თითო მაღალი, ნახევარწრიული თაღი. დანარჩენი ოთხივე წახნაგი კი ყრუა. თაღები წახნაგის სიბრტყის მიმართულებით საფეხურითაა შეღრმავებული. ზემოდან მათ ლეკალური აგურით ნაწყობი ლილვი ევლება. თაღებს ზემოთ, ჰორიზონტალურად ლილვებით, შექმნილია ორი თანაბარი სიმაღლის არე. მათგან ქვედა არე, წყობაში ჩასმული, მწკრივად განლაგებული, მოწითალო აგურის გეომეტრიული ფიგურებითაა მორთული. ზედა არის შუა ნაწილში კი თითო მრგვალი სარკმელია. სამრელო დასრულებულია მაღალი, პროფილირებული ლავგარდნით, გადახურულია პირამიდული ფორმის, აგურის რვაწახნაგა სახურავით. სამხრეთ კარიბჭე გეგმით კვადრატულია და სამ მხარეს ნახევარწრიული თაღებითაა გახსნილი. თაღები, სამრეკლოს პირველი სართულის მსგავსად, ორ კვადრატულ ბოძს და ეკლესიის კედლებზე გამოყვანილ პილასტრებს ეყრდნობა. კარიბჭე შიგნით ბრტყელი გუმბათითაა გადახურული, გარედან კი ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]