ზემო მაჩხაანის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო მაჩხაანის ყველაწმინდის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ ზემო მაჩხაანის სამხრეთ-დასავლეთ კიდეში, რობიტაანთ უბანში. თარიღდება გვიანდ. შუა საუკუნეებით. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ადრე სასაფლაო ყოფილა. შენობის მახლობლად რამდენიმე საფლავის ქვაა შემორჩენილი.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, არქიტექტურული კონსტრუქციის ელემენტები კვადრატული აგურით. თითო-ოროლა აგური გარეთა კუთხეების ქვედა წყობაშიცაა ჩართული, კუთხეების ზედა ნაწილი კი, მთლიანად აგურისაა, რაც, სავარაუდოდ, შეკეთების დროინდელია. 2007 წელს, საქართველოს ისტორიის ძეგლთა დაცვის და სადარჩენის ფონდის დაფინანსებით ეკლესიას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. კარი შეისრული თაღითაა დასრულებული და გარედან ოდნავ შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია მოქცეული. კარის წირთხლებში მოწყობილია ურდულის ბუდეები.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით კვადრატული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც გაჭრილია შიგნიდან შეისრულთაღოვანი, გარედან კი თარაზულად გადახურული, მაღალი სარკმელი ერთი მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელში, შესასვლელის ზემოთაა. აფსიდის გვერდებში თითო მაღალი, შეისრულთაღოვანი ნაშაა. მათგან ჩრდილოეთ ნიშასა და აფსიდის ჩრდილოეთ კუთხეს შორის მცირე ოთკუთხა ნიშაა მოწყობილი. თითო შეისრულთაღოვანი ნიშა დასავლეთ კედელში, აფსიდის თაღი შეიდრული ფორმისაა ოდნავ შემაღლებული წვერით. თაღი აფსიდის მხრებთან შედარებით, თითქმის ორჯერ უფრო განიერია, რის გამოც მისი ქუსლები მხრების მიმართ გადმოშვერილია და საფეხურს ქმნის.გრძივი კედლები დანაწევრებულია ერთმანეთისგან პილასტრით გამიჯნული ორ-ორი შეისრული თაღით. თითოეულ მათგანში მოწყობილია თითო სათოფური, რაც ეკლესიის თავისებურებაა. სათოფურია მოწყობილი შესასვლელის სამხრეთით მდებარე ნიშშიც. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა ანალოგიური ფორმის ერთ შეკიდულ საბჯენ თაღს.

გარედან ეკლესიის კედლები გასწორებულია ბათქაშით, რომელიც საპირე ქვების ზედაპირის უმეტეს ნაწილს ფარავს. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, აგურის შეღრმავებული წყობით, გამოყვანილია საფეხუროვან ბაზისზე აღმართული ჯვრის გამოსახულება, რომლის ვერტიკალური მკლავის ქვემოთა ნაწილში ეკლესიის დასავლეთ სარკმლის ღიობია მოქცეული. ფასადები დასრულებულია ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც შედგება ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურის რიგების მონაცვლეობით.

ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის წვერზე დადგმულია კვადრატულსაფუძვლიანი, თითქმის ცილინდრული ფორმის, ოთხი თაღოვანი ღიობით გახსნილი მცირე სამრეკლო. თაღებს შორის, სამრეკლოს მთელ სიმაღლეზე, გამოვარდნილია თითო ნახევარსვეტი. ყოველ მათგანში, გარკვეული ინტერვალის დაცვით, ჩართულია თარაზულად დადებული ორი აგური, რომლებიც მათ სამ ნაწილად ყოფს. გაფორმების მიზნით, ოთხივე თაღის ზემოთ, წყობაში ჩასმულია ცისფრად მოჭიქული სამ-სამი აგური. სამრეკლო გადახურულია თუნუქის პირამიდული სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]