ზემო ზახორის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ზახორის ციხე — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ზახორში. აგებულია XVII საუკუნეში.

ვახუშტის მიხედვით: „ზაყორს ზეით არს ციხე კაბერი“.

მდინარე ლეხურას ზემოწელში, მრავალ საფორტიფიკაციო და საკულტო ნაგებობათა შორის, ყურადღებას იქცევს კაბაურის ციხე-კოშკი. კომპლექსი შედგება გალავნის, ეკლესიისა და კოშკისაგან, ამათგან ეკლესია–კოშკით ერთ მთლიანობაშია. პირველი სართულის გრძელ სწორკუთხედში მოწყობილია ეკლესია-კარიბჭით, მის თავზე საყარაულო ოთახია. მესამე სართული წარმოადგენს საბრძოლო ტერასას.

მცირე ზომის დარბაზული ეკლესია მაღალი პროპორციებისაა. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. გეგმით კვადრატია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრშიც ვიწრო სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო ნიშაა.

ეკლესიის კამარა ცილინდრულია. სამხრეთ კედელში მოთავსებულია მაღალი სარკმელი. კარიბჭის გრძივი და დასავლეთი კედლები გახსნილია შეისრული თაღებით. კარიბჭის კვადრატული ნაგებობა გადახურულია დაბალი, ჯვარედი კამარით.

მეორე სართული მოწყობილია მხოლოდ კარიბჭის თავზე. ამ სართულზე მოხვედრა შეიძლებოდა ჩრდილოეთიდან, ხის კიბით. მეორე სართული გეგმით კვადრატს უახლოვდება, სიმაღლე 2,5 მეტრს აღწევს. დასავლეთ კედელში ორი თაღოვანი ღიობია. სწორკუთხა ფორმის ასეთივე ღიობი, სამხრეთ კედელშია მოთავსებული.

ამ ნაგებობების აღმოსავლეთ კედელში მოწყობილია კიბე, რომელიც ტერასას უკავშირდება. კიბის გვერდებზე მცირე ნიშებია განლაგებული. შენობა ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვითაა ნაგები.

გალავნის მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 78-79