ზემო გრუს წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო გრუს წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გრუში. აგებულია გარდამავალ ხანაში.

სოფლის სასაფლაოზე მდებარე წმ. გიორგის ეკლესია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვითაა ნაგები, წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია ერთი, ხოლო სამხრეთით ორი საფეხურებიანი სარკმელი. სამხრეთი სარკმლის გვერდით მცირე ზომის ნიშაა. ჩრდილოეთით თაღოვანი ნიში სამალავს წარმოადგენს. აბსიდის ცენტრში და ჩრდილოეთ მხარეს ტრაპეზის ქვები დგას. კონქი სფერულია, სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. შემორჩენილია ხის კანკელის ფრაგმენტი. საკურთხეველი დარბაზის იატაკთან შედარებით ერთი საფეხურით მაღალია. ეკლესიის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების საშუალებით ორ ტოლ ნაწილად იყოფა. ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები პილასტრების კაპიტელებს ებჯინება, ხოლო გვერდით საფეხურებზე კედლის თაღები გადადის. დასავლეთი თაღი კუთხის პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესიის ოთხივე კედელს ერთსაფეხურიანი ხარისხი გასდევს. ეკლესია ნათდება აღმოსავლეთით სამი, სამხრეთით ორი და დასავლეთის ერთი თაღოვანი სარკმლით. სამხრეთი შესასვლელი შიგნით თაღოვანი - გარეთ არქიტრავულია. კარი ნაოთხალია. ინტერიერში შემორჩენილია ნალესობის კვალი. ეკლესიის სამხრეთით შემორჩენილია მინაშენის მცირე ფრაგმენტი. დასავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე ჩასმულია ქვის ფილა - ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ძეგლის გარშემო გალავნის ფრაგმენტებია. ნაგებობა დაზიანებულია, კამარა მრავალ ადგილას ჩამონგრეულია. კედლები და სარკმელთა ღიობები დაბზარულია, ინტერიერში მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 84-85