ზემო ბარის მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ბარის მთავარანგელოზის ეკლესია (ჭბოს მთავარანგელოზი) — ეკლესია საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბარში. მიეკუთვნება IX-X საუკუნეს, შეტანილია ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სიაში (სააღრიცხვო ნომერი — 2655). ზემო ბარის „ჭბოს“ მთავარანგელოზის ეკლესია ამჟამად რესტავრირებულია. სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განხორციელებულ კვლევაში, მხატვრულ-არქიტექტურული და შიდა სივრცითი ფორმების ანალიზის საფუძველზე ხელოვნებათმცოდნე გიორგი მისრიაშვილი ტაძარს ათარიღებს X საუკუნის მიწურულით. ნაგებობა მცირე ზომის დარბაზული ტიპის ტაძარს წარმოადგენს, რომელიც კამარულად გადახურული სწორკუთხა საკურთხევლით და ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში დატანებული თითო-თითო მაღალი, თაღოვანი ნიშითურთ და დასავლეთის კედელში გაჭრილი სამი თაღოვანი კარის ღიობით გამოირჩევა.

ტაძარი შირიმის და ფლეთილი ქვითაა ნაგები. ინტერიერი პილასტრებითა და კედლის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღებითაა დანაწევრებული. თითო-თითო მაღალი, ვიწრო სარკმელი დატანებული აქვს აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში პირაღამა ჩაშენებული რელიეფური ჩუქურთმებით შემკული ნახევარწრიული მოყვანილობის ქვის ფილა, საკურთხევლის ჩრდილოეთ კედელში განთავსებული თაღოვანი თახჩის ქვედა ნაწილში მდებარეობს. აღნიშნულ ფილის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია სამღეროვანი ლენტის წნულისგან შედგენილი ტოლმკლავა ჯვარი, რომლის განედლებული ბოლოებიდან ოთხმხრივ გამომავალი ფოთლოვანი სახეები ჯვრის მკლავებს შორის შექმნილ სამკუთხედ მონაკვეთებს ავსებენ. აღწერილი ჩუქურთმის პირდაპირ პარალელს ვხედავთ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ, სოფელ ბარიდან შემოტანილ ორ ტიმპანის ქვაზე და მრავალ ძალის წმინდა გიორგის ეკლესიის სამრეკლოს ჩრდილოეთ კედელში დატანებული სარკმლის მოჩარჩოების ქვედა ნაწილში ხელოვნურად მორგებულ, 105x33 სანტიმეტრ სიგრძეზე, ქვის კადრებზე ფრიზისებრ გამოსახულ ორნამენტულ კომპოზიციაში. ვალერი სილოგავა XI საუკუნით ათარიღებს ბარის დასახელებულ ტიმპანის ქვებზე მოცემულ ლიპიდარულ წარწერებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16414