ზემო არტანის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო არტანის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანის ჩრდილო-დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კომპლექსში შედის ეკლესია, კოშკი და გალავანი. ეკლესია დარბაზულია, დგას გალავნით შემოზღუდული ეზოს შუა ნაწილში. ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. წყობაში გათლილი შირიმის კვადრატებია ჩართული. ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლები თითქმის მთლიანად დანგრეულია, ჩამოშლილია კამარაც, დაზიანებულია დასავლეთ და აღმოსავლეთ კედლები. შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის შუაში სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ერთი სწორკუთხა სარკმელი დასავლეთ კედელშია. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის გვერდის კედლები დარბაზის კედლებისგან პატარა მხრებითაა გამოყოფილი. ეკლესიას სამხრეთით სწორკუთხა მინაშენი ეკვროდა. იგი მთლიანად დანგრეულია. კოშკი გალავნის დასავლეთ ნაწილშია ჩაშენებული, ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. აღმოსავლეთ კედელში, რომელიც 3,5 მეტრზეა შემორჩენილი, გაჭრილია სწორკუთხა შესასვლელი. გალავანი ოთხკუთხაა ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. შემორჩენილია 1,4-1,7 მეტრ სიმაღლეზე. შესასვლელი სამხრეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდანაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]