ზეინაბ ბოცვაძე
ზეინაბ ბოცვაძე | |
---|---|
ზეინაბ ბოცვაძე | |
დაბადების თარიღი |
13 აგვისტო, 1944 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
6 ივლისი, 1994 (49 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | სამსახიობო |
ალმა-მატერი | თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი |
აქტიური | 1960–1994 |
ზეინაბ ბოცვაძე (დ. 13 აგვისტო, 1944, თბილისი — გ. 6 ივლისი, 1994, მოსკოვი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1981).
ზეინაბ ბოცვაძე დაიბადა 1944 წლის 13 აგვისტოს, ქალაქ თბილისში. 14 წლისა იყო როდესაც მამა გარდაეცვალა. დედა რომ გარდაიცვალა თეატრში აღარ თამაშობდა. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1968 წელს. 1963 წელს პირველი კურსის სტუდენტმა რუსთაველის სახელობის თეატრის სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე იყო ამ თეატრის მსახიობი.[1]
1964 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: მაგდალენა (ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“), ისმენე (ჟან ანუის „ანტიგონე“), ოფელია და ელო (თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“), დედოფალი, სოფლელი გოგონა, თხა, მოტირალი (სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“), აგრაფინა დანელია და გულიკო (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“), ნელი (ნოდარ წულეისკირის, გ. გეგეჭკორის „ძველი სამრეკლო“) და სხვა.[2]
მისი სამსახიობო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ნანა მჭედლიძემ ქუჩაში დაინახა, მოეწონა და თავის ფილმში „ჩქარი მატარებელი“ გადაიღო. ფილმში მსახიობის გმირს ბიჭი ესალმება ფრაზით: „გამარჯობა გოგონა“. ამ ფილმის შემდეგ მას ყველა ამ ფრაზით ესალმებოდა.[3] ზეინაბ ბოცვაძის კინოდებიუტი შედგა 1960 წელს ნანა მჭედლიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში „ჩქარი მატარებელი“, სადაც „გოგოს“ როლი განასახიერა. სულ 20-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. კინოფილმებში შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ფუნდუ („განძი“), ლელა („ერთი ცის ქვეშ“), მაყვალა („ჩქარი მატარებელი“), გოგონა („ცეცხლი და სიყვარული“) ფატი („პალიასტომი“), დედა („ნერგები“), ქეთევან ბარათელი („მონანიება“) და სხვა.[2]
ბოცვაძის სამსახიობო ხელოვნებისათვის დამახასიათებელი იყო გარდასახვის კარგი უნარი, გამომსახველობითი პლასტიკურობა, თეატრალობა, გემოვნება და ბუნებრივი კომიზმი.[4]
უკანასკნელად კინოში ლევანის დედის როლში გამოჩნდა გუგული მგელაძის ფილმში „ჩაკლული სული“ (1994). აღსანიშნავია ქეთევან ბარათელის როლი თენგიზ აბულაძის გახმაურებულ ფილმში „მონანიება“.[2]
2015 წელს ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში გაიხსნა ზეინაბ ბოცვაძის ბარელიეფი. უკვდავთა ბაღში მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ შექმნილი ბარელიეფი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განთავსდა.[5]
ზეინაბ ბოცვაძეს 23 წლიდან ჰქონდა დიაბეტი. გარდაიცვალა 1994 წლის 6 ივლისს ქალაქ მოსკოვში. დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.[2] იმ ქუჩას, რომელზეც იგი ცხოვრობდა, „ბოცვაძის ქუჩა“ დაარქვეს.[6]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1960: „ჩქარი მატარებელი“ (გოგო) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1961: „ერთი ცის ქვეშ“ (ლელა) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1961: „განძი“ (ფუნდუ) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1963: „ომარ ჯოხაძე“ რეჟ. კონსტანტინე (კოტე) სურმავა
- 1963: „პალიასტომი“ (ფატი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1972: „ნერგები“ (კახას დედა) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1977: „მიმინო“ რეჟ. გიორგი დანელია
- 1981: „დები წყვდიადში“ (ანგუსტიასი) რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1982: „არაჩვეულებრივი რეისი“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1982: „სევდიანი საყვირი“ რეჟ. დავით კობახიძე
- 1982: „გზის დასაწყისი“ რეჟ. ლიანა ელიავა
- 1983: „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (ლალი) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1984: „ჩემი დეიდა დუდუ (ექსკურსია)“ (დუდუხანა) რეჟ. ეთერ პაპუნაშვილი
- 1984: „მონანიება“ (ქეთევან ბარათელი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1984: „ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა“ (სუსანა მელიტონოვნა) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1984: „უკვდავების თეთრი ვარდი“ (დედობილი) რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1985: „ქალაქის მიღმა (ღამის ილუზია)“ რეჟ. მარინე ხონელიძე
- 1985: „ბატონი ავანტიურისტები“ რეჟ. ბიძინა ჩხეიძე
- 1989: „ტურანდოტი“ (ელო) რეჟ. ოთარ შამათავა
- 1991: „კედელი“ რეჟ. ზაზა ბუაძე
- 1992: „მოკვეთილი“ (მოქრისი) რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1994: „იავნანა“ რეჟ. ნანა ჯანელიძე
- 1994: „ჩაკლული სული“ (ლევანის დედა) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზეინაბ ბოცვაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზეინაბ ბოცვაძე — ეროვნული ფილმოგრაფია
- ზეინაბ ბოცვაძე კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ზეინაბ ბოცვაძე | ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2017-01-12.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ზეინაბ ბოცვაძე | ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ↑ ზეინაბ ბოცვაძე — 50 წლის ასაკში შეწყვეტილი ტანჯული სიცოცხლე
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 474.
- ↑ უკვდავთა ბაღში ზეინაბ ბოცვაძის ბარელიეფი გაიხსნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-03. ციტირების თარიღი: 2017-01-14.
- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, გვ. 36, თბ., 2008 წელი.
- ↑ საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1981. №11. გვ. 16.