შინაარსზე გადასვლა

ზედენადობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზედენადობა — კვანტური სითხის დაბალტემპერატურული მოწესრიგებული ფაზის თვისება – ვიწრო ხვრელებში სითხის გადინების უნარი სიბლანტის გარეშე, როდესაც დინების სიჩქარე დაბალია (ე. წ. კრიზისულ სიჩქარეზე ნაკლები). კარგად არის შესწავლილი ჰელიუმის იზოტოპების (A4A224He და A3A223He) ზედენადობა. სავარაუდოდ, ზედენადობის უნარი აქვს ბირთვულ ნივთიერებას ნეიტრონულ ვარსკვლავებში (ე. წ. პულსარებში).

გაჯერებული ორთქლის წნევისას თხევადი A4A224He ამჟღავნებს ზედენადობას Tc=2.17 K კრიზისულ ტემპერატურაზე დაბლა. ამ მოწესრიგებულ ფაზას უწოდებენ A4A224He II (ნორმალურ, ანუ მოუწესრიგებელ ფაზას, რომელიც ხორციელდება T>Tc ტემპერატურაზე, უწოდებენ A4A224He I). A4A224He-ის ზედენადობა აღმოაჩინა პ. კაპიცამ (1938). ბოზე-სითხის (რომლის მაგალითია A4A224He) ფენომენოლოგიური თეორია შექმნა ლ. ლანდაუმ, ხოლო პირველად მიკროსკოპულად აღწერა ნ. ბოგოლიუბოვმა.

ლანდაუს ორსითხოვანი მოდელის თანახმად, A4A224He II არის ორი ურთიერთშეღწევადი კომპონენტის (ნორმალურისა და ზედენადის) ნარევი. ნორმალური კომპონენტი [სიმკვრივე ρn(T)] სითხის ელემენტარული აღგზნებების (კვაზინაწილაკების) ერთობლიობაა. განსხვავებით ნორმალური კომპონენტისაგან, რომელსაც გარკვეული სიბლანტე ახასიათებს, ზედენად კომპონენტს [სიმკვრივე — ρs=ρ-ρn(T)] სიბლანტე არა აქვს და სწორედ მას შეუძლია ვიწრო ხვრელებში სიბლანტის გარეშე გადინება.

ტემპერატურის აბსოლუტურ ნულზე ρn=0, ხოლო ρs=ρ (ρ — სითხის მასური სიმკვრივეა).

A4A224He II თვისებების კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართველმა ფიზიკოსებმა. ფუნდამენტური ექსპერიმეტური შედეგი მიიღო ე. ანდრონიკაშვილმა. მან პირველმა დაადგინა (1946) ნორმალური კომპონენტის სიმკვრივის ტემპერატურული დამოკიდებულება, რაც ლანდაუს ფენომენოლოგიური თეორიის მართებულობის დამამტკიცებელია (იხ. ანდრონიკაშვილის ექსპერიმენტი). გ. გამცემლიძის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები გამოიყენეს საბჭოთა მეცნიერებმა ვ. გინზბურგმა და ლ. პიტაევსკიმ A4A224He II თეორიის შექმნისას. შესწავლილ იქნა კვანტური გრიგალებით გამსჭვალული მბრუნავი A4A224He II თვისებები (ე. ანდრონიკაშვილი, ი. მამალაძე, ჯ. წაქაძე). გინზბურგ–პიტაევსკის თეორია განავითარა ი. მამალაძემ. თეორიულად შესწავლილია ბგერის გავრცელების თავისებურებანი A4A224He II-ში ნორმალური კომპონენტის დამუხრუჭების პირობებში (ჯ. სანიკიძე).

A3A223He ფერმი-სითხეა და მოწესრიგებულ (ზედენად) მდგომარეობაში გადადის უკიდურესად დაბალი კრიზისული ტემპერატურის დროს (Tc~3⋅10­-3 K). ამ პირობებში ფერმიონული კვაზინაწილაკები ქმნის კუპერის წყვილებს (ზეგამტარებში ელექტრონული წყვილების მსგავსად). A3A223He-ში კუპერის წყვილებს აქვს შინაგანი სტრუქტურა — აქვს ნულისაგან განსხვავებული სპინური და ორბიტული მომენტები. ამის შედეგად კუპერის წყვილების მოწესრიგებული ფაზა (T<Tc), გარდა ზედენადობისა, ამჟღავნებს თხევადი კრისტალებისა და ანტიფერო-მაგნიტური ნივთიერებებისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. ამერიკელი ფიზიკოსების (დ. ოშეროვი, დ. ლისა, რ. რიჩარდსონი) მიერ აღმოჩენილია ზედენადი A3A223He-ის სამი ფაზა: A, A1 და B, რომელთა თვისებები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებულია.

მნიშვნელოვანია ქართველი ფიზიკოსების წვლილი A3A223He-ის ზედენადი ფაზების თვისებათა გამოკვლევაში. გ. ვაჩნაძემ და გ. ხარაძემ ჩამოაყალიბეს ძლიერ მაგნიტურ ველში მოთავსებული ზედენადი A ფაზის სამსიჩქარიანი ჰიდროდინამიკა. მათვე შეიმუშავეს მბრუნავი ზედენადი ფაზის ანიზოტროპული თვისებების თეორია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველო-რუსეთ-ფინეთის ერთობლივი პროექტის (ROTA Project, 1973-1975)-ში მიღებული ექსპერიმენტული შედეგების ინტერპრეტაციას. ამ ექსპერიმენტების შესრულებაში მონაწილეობდნენ ქართველი ფიზიკოსები დ. ღარიბაშვილი და ჯ. წაქაძე. გ. ვაჩნაძემ და გ. ხარაძემ თეორიულად დაადგინეს ზედენად B ფაზაში ახალი ტიპის მაგნიტური აღგზნებების არსებობა, რაც შემდგომ ექსპერიმენტულადაც დადასტურდა.

  • ხარაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 338-339.
  • ანდრონიკაშვილი ე., მამალაძე ი., წაქაძე ჯ., ზედენადი ჰელიუმი, ტ. 1–2, თბ., 1975.