შინაარსზე გადასვლა

ზაჰრა ჯოია

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაჰრა ჯოია (დ. 1992) — წარმოშობით ავღანელი, ჰაზარა ეთნიკური ჯგუფის ჟურნალისტია.[1] ზაჰრა არის რუხშანა მედიის (Rukhshana Media) დამფუძნებელი — დარისა და ინგლისურ ენებზე მოქმედი მედიაპლატფორმისა, რომელსაც გადასახლებიდან მართავს.[1]

ზაჰრა ჯოია 1992 წელს დაიბადა ჰაზარათა ოჯახში, ბამიანის პროვინციის ერთ პატარა სოფელში. ჯოია ხუთი წლის იყო, როდესაც თალიბანმა ავღანეთში ხელისუფლება ჩაიგდო ხელში. 1996–2001 წლებში თალიბანმა გოგონებისთვის თითქმის სრულად აკრძალა განათლება. ჯოია ბიჭის ტანსაცმელს იცვამდა, თავს მუჰამედს უწოდებდა და ყოველდღე ორი საათის განმავლობაში დადიოდა სკოლაში თავისი ახალგაზრდა ბიძის გვერდით. 2022 წელს ჟურნალ TIME-ისთვის ანჯელინა ჯოლისთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯოიას ოჯახის ზოგიერთი მამაკაცი, მათ შორის მამაც, ქალთა უფლებების მხარდამჭერი იყო.[2]

2001 წელს, მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთში შეჭრა განახორციელეს და თალიბანის ხელისუფლება დაამხეს, ჯოიამ შეძლო უარი ეთქვა შენიღბვაზე და ქაბულში სამართლის ფაკულტეტზე ჩარიცხულიყო. ზაჰრა გეგმავდა, მამამისის კვალს გაჰყოლოდა და პროკურორი გამხდარიყო.[1][3] თუმცა, ჯოიას ქალი თანაკურსელების უთქმელმა ისტორიებმა ძლიერი გავლენა მოახდინა და გადაწყვიტა, ჟურნალისტი გამხდარიყო — ავღანეთში ქალ რეპორტიორად მუშაობასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და სირთულეების მიუხედავად.[4][5][6][7]

ჯოია მუშაობდა ქაბულის მუნიციპალური მთავრობის კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. ზოგიერთ პერიოდში ზაჰრა ჯოია ერთადერთი ქალი იყო კოლეგებს შორის. როდესაც ამ ფაქტს აღნიშნავდა, ეუბნებოდნენ, რომ ქალებს თითქოს არ ჰქონდათ ამ სამუშაოსთვის საჭირო შესაძლებლობები ან უნარები.

2020 წლის დეკემბერში ზაჰრამ დააარსა რუხშანა მედია (Rukhshana Media) — ქვეყნის პირველი ფემინისტური საინფორმაციო სააგენტო.[8] ამ ნაბიჯისკენ ჯოიას უბიძგა მეგობრის რჩევამ და ასევე იმ დამოკიდებულებამ, რომელსაც მამაკაცი კოლეგები გამოხატავდნენ ქალი ჟურნალისტების ნაკლებობის საკითხთან დაკავშირებით. მედია პლატფორმას სახელი „რუხშანა“ ეწოდა 19 წლის გოგონას პატივსაცემად, რომელიც 2015 წელს თალიბანმა ქვებით ჩაქოლა ღურის პროვინციაში. გოგონა სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ საყვარელთან ერთად გაიქცა, მას შემდეგ რაც ოჯახმა მისთვის ქორწინება მოაწყო.

ჯოიას მიზანია ავღანელი ქალების რეალური ცხოვრების წარმოჩენა — ადგილობრივი ქალი ჟურნალისტების მიერ მომზადებული და გამოქვეყნებული ისტორიების საშუალებით, რომლებიც ისეთ საკითხებს აშუქებდა, როგორიცაა გაუპატიურება და იძულებითი ქორწინება. ზაჰრა ჯოიამ რუხშანა მედია საკუთარი დანაზოგით დააფუძნა, თუმცა საქმიანობის გასაგრძელებლად მოგვიანებით ონლაინ-ფონდების შეგროვება მოუწია.[9][3]

ჯოია მწვავედ აკრიტიკებდა თალიბანს და აშუქებდა მათ მიერ ქალ საჯარო მოხელეებზე განხორციელებულ ზეწოლას იმ თვეებში, რომლებიც წინ უძღოდა შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების ჯარების გაყვანას. ქვეყნის თალიბანის ხელში ჩავარდნამდე რამდენიმე დღით ადრე ჯოიამ გაზეთ The Guardian-თან თანამშრომლობით გამოაქვეყნა პროექტი Women Report Afghanistan, რომელიც თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ასახავდა. ჯოიამ და სხვა კოლეგებმა ჟურნალისტური საქმიანობის გამო არაერთი მუქარა მიიღეს.[10]

ზაჰრა ჯოიას რეპორტაჟების და თალიბანის მხრიდან ჰაზარების ხანგრძლივი დევნის გამო, ჯოია თავადაც თალიბანის სამიზნე გახდა. სიცოცხლის შიშით ჯოიამ ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. ზაჰრამ მიიღო ევაკუაციის შეტყობინება ბრიტანეთის მთავრობისგან და საბოლოოდ ლონდონში გადაიყვანეს საჰაერო გზით. ზაჰრა კვლავაც განაგრძობს რუხშანა მედიის მართვას გადასახლებიდან და ფარულად ინარჩუნებს კავშირს საკუთარ გუნდთან, რომელიც ავღანეთიდან საიდუმლოდ უგზავნის ჯოიას მასალებს.[11] ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ავღანელი ქალი ჟურნალისტების უმრავლესობა იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამუშაო.[12][13][14]

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წელს ჯოია დასახელდა ჟურნალ Time-ის „წლის ქალებად“ შერჩეულ 12 ქალს შორის. ზაჰრა აღიარეს ჟურნალისტური საქმიანობისთვის.[15] ჯოიას ინტერვიუ ჩაუტარა ანჯელინა ჯოლიმ.[2] 2022 წლის 20 სექტემბერს ჯოიამ მიიღო ცვლილებების შემქმნელის ჯილდო (Change Maker Award) ბილ და მელინდა გეიტსების ფონდისგან.[16] 2022 წლის დეკემბერში ზაჰრა ჯოია დასახელდა BBC-ის 100 გამორჩეული ქალის სიაში.[17]

რუხშანა მედიამ 2021 წელს, ბრიტანული ჟურნალისტიკის ჯილდოებზე, მიიღო მარი კოლვინის ჯილდო.[18][19]

  1. 1 2 3 Zahra Joya: the Afghan reporter who fled the Taliban – and kept telling the truth about women en (2021-09-22). ციტირების თარიღი: 2022-10-14
  2. 1 2 „Zahra Joya Fled the Taliban. She's Still Telling the Stories of Afghan Women“. Time (ინგლისური). 3 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-01-11. ციტირების თარიღი: 2022-03-05.
  3. 1 2 'My computer is my weapon': Afghan woman journalist stands up to Taliban“. Reuters (ინგლისური). 2021-11-18. ციტირების თარიღი: 2022-03-05.
  4. Women journalists in Afghanistan defiant in the face of violence en (2018-05-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-05. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  5. 2016 the bloodiest year ever for Afghan journalists and media en. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  6. Women journalists targeted in Afghanistan en (26 June 2007). ციტირების თარიღი: 2022-03-05
  7. Esfandiari, Golnaz. „Journalists In The Spotlight“. RadioFreeEurope/RadioLiberty (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-03-05.
  8. 'For as long as we can': reporting as an Afghan woman as the Taliban advance en (2021-08-12). ციტირების თარიღი: 2022-03-05
  9. An all-female news site raised $200,000 to cover Afghan women. Will it survive now? en. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  10. Zahra Joya: the Afghan reporter who fled the Taliban – and kept telling the truth about women en (2021-09-22). ციტირების თარიღი: 2022-03-05
  11. Journal, Sune Engel Rasmussen | Photographs by Joel Van Houdt for The Wall Street (2021-12-01). „Afghan Journalists in Exile Keep Spotlight on Their Homeland“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2022-03-05.
  12. Fewer than 100 of Kabul's 700 women journalists still working | Reporters without borders en (2021-08-31). ციტირების თარიღი: 2022-03-05
  13. As winter approaches, Afghan women journalists speak out: "I enjoyed all the liberties of life. Now I feel like a prisoner" en. ციტირების თარიღი: 2022-03-05
  14. „Just 39 Female Journalists Are Still Working in Kabul After the Taliban's Takeover“. Time (ინგლისური). 2 September 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-04. ციტირების თარიღი: 2022-03-05.
  15. „How We Chose the 2022 Women of the Year“. Time (ინგლისური). 3 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-04. ციტირების თარიღი: 2022-03-05.
  16. Gates Foundation Honors Four Leaders With 2022 Goalkeepers Global Goals Awards for Their Inspiring Efforts to Drive Progress for All en-US. ციტირების თარიღი: 2022-09-21
  17. BBC 100 Women 2022: Who is on the list this year? en-GB. ციტირების თარიღი: 2022-12-10
  18. The Guardian named news provider of the year and wins four other awards en (2021-12-09). ციტირების თარიღი: 2022-03-05
  19. Colvin award-winning Rukhshana Media founder: 'Exposing the truth can result in death and torture' en-US (2021-12-10). ციტირების თარიღი: 2022-03-05