ზაქარიების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაქარიების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხევის განაპირას, ჩრილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია დარბაზის კამაროვანი გადახურვა, მთლიანადაა დანგრეული სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილი, აღმოსავლეთ კედელს მთელ სიმაღლეზე ფართო ბზარი დაუყვება. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ყოფილა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით ერთი სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთით - ერთ ვერტიკალზე, ორი სწორკუთხა ნიში. თითო გარეთკენ შევიწროებული სარკმელია გაჭრილი დასავლეთ კედლის ღერძზე და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. აფსიდის სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია ოთხწახნაგა ტრაპეზი. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნული ყოფილა რიყის ქვით ნაგები კანკელით, რომელსაც ჩრდილოეთ ნახევარიღა შემორჩა. დარბაზის გრძივი კედლები პილასტრით გაყოფილია ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად. მარტივპროფილიან იმპოსტებზე დაყრდნობილი კონქის თაღზე შემორჩენილია კამარის წყობის მცირე ნაწილი. ეკლესიას ირგვლივ გალავანი ევლებოდა, მისგან ამჟამად ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]