ზაქარია მდივანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაქარია (შაქრო) ასლანის ძე მდივანი (დ. 5 სექტემბერი, 1867 – გ. 18 აპრილი, 1933) — ქართველი გენერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ — კონსტანტინეს სამხედრო სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1886). მსახურობდა ჯერ ვარშავის ციხესიმაგრის არტილერიაში, შემდეგ — კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. პორუჩიკი (1889). დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. კაპიტანი (1889), პოდპოლკოვნიკი (1902), პოლკოვნიკი (1906). 1910-1912 წლებში იყო სევასტოპოლის ციხესიმაგრის შტაბის უფროსი. 1912-1915 წლებში ლაიბგვარდიის მე-13 პოლკის უფროსია. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.

გენერალი (1915). იყო იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ამალის წევრი. კავკასიის მე-4 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი (1915). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის, წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის, წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ხმლებით, წმინდა ანას მე-3 ხარისხის, წმინდა ანას 1-ლი ხარისხის, წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის, წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის, წმინდა ვლადიმირის მე-2 ხარისხის. 1917-1918 წლებში ბათუმის ციხესიმაგრის და ქალაქ ბათუმის კომენდანტია. 1918 წლის დეკემბერში სომხეთთან ომის დროს იყო საქართველოს სამხედრო მინისტრის მოადგილე. შემდგომში აგრძელებდა სამსახურს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში. 1920 წელს იყო ბათუმსა და მის ოლქში საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი. 1921 წელს წავიდა ემიგრაციაში თურქეთში. 1924 წელს აპირებდა საქართველოში არალეგალურად შემოსვლას, რაც ვერ მოახერხა. შემდეგ წავიდა საფრანგეთში და ცხოვრობდა პარიზში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბახტაძე მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 267.
  • გოგიტიძე, მ., ბეჟიტაშვილი, გ., „სამხედრო ფიცის ერთგულნი“, თბილისი, 2015. — გვ. 77-78, ISBN 978-9941-0-7386-1.