ზაქარია ბანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზაქარია ვალაშკერტელი)

ზაქარია ბანელი, ზაქარია ვალაშკერტელი, სვინგელოზი (X ს. II ნახ. – XI ს. 30-იანი წლები) — შუა საუკუნეების საქართველოს, კერძოდ, ტაოს სამეფოს სასულიერო, კულტურის და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწე.

ე. მეტრეველის ვარაუდით, ზაქარია ბანელის მშობლები ქართველი არისტოკრატების მაღალ წრეს, დაფანჩულთა ცნობილ ფეოდალურ გვარს ეკუთვნოდნენ და დავით კურაპალატთან დაახლოებული პირები იყვნენ. თავად ზაქარია ავტობიოგრაფიულ ანდერძში დავით კურაპალატს თავის „მზრდელსა და შემოქმედს“ უწოდებს. X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ის მორჩილად მიუყვანიათ ოთხთა ეკლესიაში, სადაც არსენ მამამთავარს დამოწაფებია. ცხოვრების დიდი ნაწილი მან გაატარა ტაოში, სადაც უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ეპარქიის – ბანის მამამთავრობას მიაღწია. ერთხანს ის ბიზანტიის სამეფო კარზე დიპლომატად, მწიგნობრად და იმპერატორთან დაახლოებულ პირადაც მოჩანს. ბანელობის დროს ზაქარიამ ბიზანტიის იმპერატორისაგან უმაღლესი სასულიერო პატივი – სვინგელოზობა დაიმსახურა. XI საუკუნის 20-იანი წლებისთვის ბანელობასთან ერთად ვალაშკერტის სამწყსოს ეპისკოპოსობაც შეითავსა, რასაც განსაზღვრული პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა როგორც ტაოს, ისე მეზობელი რეგიონებისთვისაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაისურაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 321-322.
  • მეტრეველი ე., ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996