შინაარსზე გადასვლა

ზაურ პაპუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაურ პაპუაშვილი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1945 (1945-02-01) (79 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ზაურ პაპუაშვილი (დ. 1 თებერვალი, 1945, დედოფლისწყარო) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი და პედაგოგი.

1969 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით, ქ. თბილისის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის უნივერსიტეტის ასპირანტურა.

1969-1973 წლებში მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში", ინჟინერ-კონსტრუქტორად; 1874-1986 წლებში მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების უნივერსიტეტში ("თბილზნიეპი") უფროს მეცნიერ მუშაკად; 1986-1998 წლებში ამავე უნივერსიტეტის სამრეწველო და სამოქალაქო შენობების სეისმური ზემოქმედებისაგან დამცავი ახალი სისტემების სექტორის ხელმძღვანელად; 1980-1986 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შეთავსებით, სამშენებლო ფაკულტეტზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; კითხულობდა ლექციებს მშენებლობის ეკონომიკისა და მასალათა გამძლეობის პროგრამის შესაბამისად; 1998-2004 წლებში იყო შპს "საქბინპროექტი"-ს განყოფილების გამგე; 2004-2011 წლებში შპს "ივერკონტრაქტის" დირექტორი; 2011-2012 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად; 2012 წლიდან ეწევა კერძო სამშენებლო საქმიანობას, სხვადასხვა კერძო სტატუსის მქონე საპროექტო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სახით ინჟინერ-კონსტრუქტორად და ექსპერტად; მისი მონაწილეობით დამუშავებულია მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის პროექტი. მათ შორის: ქ. თბილისის საკონცერტო დარბაზის (კონსტრუქციული ნაწილი), საქართველოს თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის; აგრეთვე შესრულებული აქვს მრავალი სამრეწველო, სამოქალაქო და საკულტო ნაგებობების პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა, მათ შორის ბაგრატის ტაძრის ქ. ქუთაისში; გამოქვეყნებული აქვს 34-მდე სამეცნიერო ნაშრომი; ავტორია 10 დაპატენტებული გამოგონების; მონაწილეობა აქვს მიღებული საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებში, მათ შორის 1977 წელს ქ. ტოკიოში (იაპონია) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, წიგნი 2. თბ., 2021, გვ. 216-217

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]