ზარი (საკრავი)
ზარი — ლითონის, ჩვეულებრივ, ბრინჯაოს ან თითბრის სასიგნალო საკრავი. ზარი მსხლისებრი ან წაკვეთილი კონუსის ფორმის ღრუ ხელსაწყოა, შიგნით შეკიდული მოძრავი ენით, რომლის ცემა ზარის კედლებზე გამოსცემს ხმას.
ზარის რეკვით მოიხმობდნენ მოსახლეობას თავყრილობაზე, საომრად, სალოცავად. შუა საუკუნეებში ზარის ქრისტიანული საეკლესიო რიტუალის განუყოფელ ნაწილად იქცა. მის დასაკიდებლად ხშირად ეკლესიებზე ან ეკლესიებთან სამრეკლოებს აშენებენენ. ზარს იყენებენ აგრეთვე, როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტს. სხვადასხვა ზომის ზარი სხვადასხვა ტონის ბგერას გამოსცემს. რაც უფრო დიდი ზომისაა ზარი, მით უფრო დაბალია მისი ჟღერადობა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა დანიშნულების მცირე ზომის ზარები (ზარაკები, ზანზალაკები, ეჟვნები) ბრინჯაოს ხანიდან მოკიდებული თითქმის მთელ მსოფლიოში იყო გავრცელებული. დასავლეთ ევროპაში დიდი ზომის საეკლესიო ზარების ჩამოსხმა დაიწყეს VII საუკუნიდან. საეკლესიო ზარები ბიზანტიაში პირველად IX საუკუნეში ვენეციიდან ჩამოიტანეს. იგი ფართოდ გავრცელდა XIII საუკუნიდან.
საქართველოსა და კავკასიაში აღმოჩენილი უძველესი ზარაკები ძვ. წ. VII საუკუნით თარიღდება. მათ, უპირატესად, სარიტუალო დანიშნულება უნდა ჰქონოდა. ძვ. წ. VI–IV საუკუნეების ყაზბეგის, ახალგორის, ყანჩაეთის შტანდარტებზე სხვადასხვა ზომის ცილინდრული გვერდჩაჭრილი ზარაკებია შეკიდული. ასეთივე ზარაკებს ჰკიდებდნენ ცხენებს (მკერდზე), საქონელს (საირხე, ძვ. წ. V ს.). ეს დანიშნულება მას გვიანობამდე შემორჩა.
ქართული ეკლესია XII საუკუნემდე მლოცველებს ძელის კვრით მოუხმობდა. ასეთი ძელები საქართველოს ზოგიერთ კუთხეში XVII საუკუნემდე შემორჩენილა. საეკლესიო ზარები საქართველოში ფართოდ გავრცელდა XIII საუკუნიდან. ამავე ხანით თარიღდება უძველესი ქართული სამრეკლოები (გუდარეხი, ვარძია). XVIII საუკუნიდან საქართველოში დაიწყეს რუსული ზარების შემოტანა, XIX საუკუნეში კი ზარების ადგილობრივი წარმოება შეწყდა. ძველი ქართული ზარების დიდი ნაწილი ემსხვერპლა ომიანობას (მაგალითად, ცნობილია, რომ შაჰ-თამაზის შემოსევის დროს ვარძიის სამრეკლოდან ჩამოუხსნიათ 70 ლიტრის მასის მქონე ზარი), 1920-იან წლებში კი — საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიურ კამპანიას.
დღემდე შემორჩენილია 21 ძველი ქართული ზარი (ძირითადად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში), რომელთაგან უძველესი XV საუკუნით თარიღდება. ზოგიერთ მათგანზე შემონახულია ოსტატის ან შემწირველის წარწერა (მაგ., ერთი მხედრული წარწერით ცნობილია XVI საუკუნის ჩამომსხმელი ძედან თითაძე). თანამედროვე ქართული ზარებიდან აღსანიშნავია თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამრეკლოზე დაკიდებულია 9 ზარი, რომელთა შორის ყველაზე დიდის — „დედო-ზარის“ მასაა 8 200 კგ. ისინი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის გათვლებით შეიქმნა და გერმანიაში დამზადდა. ჩამოსხმისას გათვალისწინებულ იქნა გარკვეული სიმბოლიკის მქონე რამდენიმე ქართული რიტუალი, XII ს. ქართულ მინანქარზე აღბეჭდილი ფორმა და ქართული მართლმადიდებლური საგალობლის ტონთა მიზიდულობის პრინციპები და აკუსტიკური ველი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცისკარიშვილი ვ., ქართული ზარები, „მაცნე“ (ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია), 1982, №1. — გვ. 153-166.
- გაგოშიძე ი., კალანდაძე ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.