ზამბიური სამზარეულო
ზამბიური სამზარეულო (ინგლ. Zambian cuisine) — ტრადიციული ზამბიური კერძების ერთობლიობა, რომლის ძირითადი კერძიც ნშიმაა.[1] როგორც წესი, ნშიმას ყველა ზამბიურ კერძთან, იქნება ეს წვნიანი, ბოსტნეულის სალათი თუ ალკოჰოლური სასმელი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კერძებში, მათ შორის ნშიმაში, სიმინდის გამოყენება ზამბიელებმა მხოლოდ მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს.
ბემბას ხალხი, რომელიც ამჟამად ზამბიაში სახლობს, ტრადიციულად იმას ჭამდა, რის საშუალებასაც გარემო პირობები იძლეოდა. ამის გამო ბემბას ხალხის სამზარეულო დაკომპლექტებული იყო ისეთი კერძებით, როგორიცაა ფეტვისგან მომზადებული სქელი ფაფა, სახელად უბვალი, რომელსაც მიირთმევენ „სიამოვნებით“, რასაც ისინი უმუნანის უწოდებენ. უბვალს ისინი თითქმის ყველა კერძს ატანდნენ. გარდა ფეტვისა, ისინი აგრეთვე იყენებდნენ ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: თევზი, ხორცი, მწერები და ბოსტნეული. მათი ერთ-ერთი წვნიანები ძირითადად მზადდება ხორცითა და ბოსტნეულით, უმეტესად კი ხახვით, მარილითა და დაფქული თხილით. ამის გამო ბემბას კერძებს მჟავე, ან მწარე გემო აქვთ. ბემბას ხალხი ასევე ფლობს ლუდის გამოხდის ტექნიკას, თუმცა კლიმატიდან გამომდინარე ლუდი წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი და მაშინაც რიტუალებისათვის იყენებდნენ.
ბემბას მსგავსად, ჩევას ხალხის ძირითადი საკვებიც ფაფაა, სახელად ნშიმა. ვინაიდან გაცივებასთან ერთად ნშიმა მყარდება, მას ხშირად ჩანგლისა და კოვზის მაგივრად იყენებენ.[2]
ზამბიასა და ზიმბაბვეში მცხოვრები ტონგას ხალხი მოხარშულ და გამომშრალ მწერებს ჭამს.[3]
საჭმელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზამბიაში ყველაზე ხშირად გამოყენებადი პროდუქტი სიმინდია და შესაბამისად, მისგან არაერთი კერძი მზადდება. თეთრი სიმინდის ფქვილისაგან მომზადებული ნშიმა, შეიძლება ითქვას, რომ ზამბიის მთავარი საჭმელია, რადგან მას აბსოლუტურად ყველაფერს ატანენ. გამაგრებულ ნშიმას ჩანგლისა და კოვზის ნაცვლად იყენებენ და მისი დახმარებით ტრაპეზობენ. თავად ნშიმას ისინი ხელით (სასურველია მარჯვენათი) მიირთმევენ. მას შეექცევიან როგორც სადილის, ისე ვახშმის დროს. ნშიმას ამზადებენ როგორც სახლში, ისე ზამბიის თითქმის ყველა რესტორანსა და საკვებ ობიექტში. აღსანიშნავია, რომ ნშიმას დამზადება არც ისეთი მარტივია, რადგან მას დიდი დრო სჭირდება. სიმინდი ჯერ უნდა გამოშრეს, შემდეგ დაიფქვას, გაიცრას და საბოლოოდ უნდა მოიხარშოს.
ნშიმასთან ერთად ზამბიელები მიირთმევენ არა მხოლოდ კერძებს, არამედ ისეთ მარტივ პროდუქტებს, როგორიცაა გოგრის ფოთლები, ან ჩიბვამბვა. მწვანე ბოსტნეულისაგან მომზადებულ კერძებს ისინი დელელსა და თელელს უწოდებენ. განსაკუთრებული გემოს მისაცემად ხშირად იყენებენ ჩიდულოს, რომელიც მზადდება გამომშრალი და შემწვარი ბანანის ფოთლების, ლობიოს ან სიმინდის ყუნწების ან ფოთლებისაგან. დამწვარ ფოთლებს ფშვნიან, შემდეგ წყალში ხსნიან და იღებენ სითხეს, რომელსაც დაახლოებით ძმრის გემო აქვს. კიდევ ერთი გემოს მიმცემია კუტენდელა, რომელიც მზადდება გახეხილი, ნედლი არაქისისაგან.
ზამბიაში გავრცელებული კიდევ ერთი საჭმელია იფიზაში. იგი წვნიანის სახეობაა, რომელიც მზადდება არაქისისა და მწვანე ბოსტნეულისაგან. ტრადიციულად, მას ნშიმასთან ერთად მიირთმევენ. იფიზაში, როგორც წესი, ვეგეტარიანული კერძია, თუმცა, სურვილისამებრ, შეიძლება ხორცის დამატებაც. რაც შეეხება გიზარდს, იგი ზამბიაში ერთ-ერთი ცნობილი დელიკატესია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზამბიელები აქტიურად მიირთმევენ მრავალი სახეობის მწერსა და მატლს. ჩვეულებისამებრ, მათ ახმობენ, შემდეგ წვავენ და სპეციალურ სოუსთან ერთად მიირთმევენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Else, David (2002). Zambia. Melbourne: Lonely Planet Publications. ISBN 1740590457 – via Internet Archive.
- McCann, James C. (2009). Stirring the Pot: A History of African Cuisine. Athens, Ohio: Ohio University Press. ISBN 9780896802728.
- Nyakupfuka, Andrew (2013). Global Delicacies: Diversity, Exotic, Strange, Weird, Relativism. Bloomington, Indiana: Balboa Press. ISBN 9781452567914.
- Richards, Audrey Isabel (1939). Land, Labour, and Diet in Northern Rhodesia: An Economic Study of the Bemba Tribe. Oxford: Oxford University Press. ISBN 3894738766.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kapambwe, Mazuba. 9 Traditional Foods You Must Eat While You're in Zambia. ციტირების თარიღი: 2020-05-24
- ↑ Gough, Amy. (2004) The Chewa. The Peoples of The World Foundation. ციტირების თარიღი: 18 February 2018.
- ↑ Siamonga, Elliot. (24 August 2017) Nutritious insects among the BaTonga en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 2018-02-18