ვირჯინია ვულფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვულფი, ვირჯინია)
ვირჯინია ვულფი
ინგლ. Virginia Woolf
დაბადების თარიღი 25 იანვარი, 1882(1882-01-25)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი ლონდონი[4] [4]
გარდაცვალების თარიღი 28 მარტი, 1941(1941-03-28)[5] [4] [2] [3] (59 წლის)
გარდაცვალების ადგილი Lewes, გაერთიანებული სამეფო[6]
დასაფლავებულია Monk's House
საქმიანობა რომანისტი[7] , ესეისტი, ავტობიოგრაფი, ნოველისტი[7] , დღიურის ავტორი, ლიტერატურული კრიტიკოსი[7] , გამომცემელი[6] , მწერალი[6] [2] , ქალთა უფლებების დამცველი და ავტორი[8]
ენა ბრიტანული ინგლისური
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ლონდონის სამეფო კოლეჯი[6]
ჟანრი დრამა და პროზა
Magnum opus გზა შუქურისკენ, მისის დელოუეი, ორლანდო, A Room of One's Own და ტალღები
მეუღლე ლეონარდ ვულფი[6] [9]
პარტნიორ(ებ)ი Vita Sackville-West[10]
გავლენა მოახდინეს
ხელმოწერა

ადელაინ ვირჯინია ვულფი (ინგლ. Adeline Virginia Woolf, ქალიშვილობის გვარით: სტივენიინგლ. Stephen, დ. 25 იანვარი, 1882 – გ. 28 მარტი, 1941) — ინგლისელი მწერალი და ესეისტი, აღიარებული, როგორც XX საუკუნის მოდერნისტული ლიტერატურის ერთ–ერთი მოწინავე ფიგურა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვირჯინია ედელინ ვულფი (ქალიშვილობაში სტეფენი) დაიბადა ლონდონში 1882 წლის 25 იანვარს. მამამისი, ლესლი სტეფენი ვიქტორიანული ეპოქის ცნობილი მწერალი და კრიტიკოსი იყო. ვირჯინიას მშობლები ვულფის 1927 წელს დაწერილი რომანის „შუქურასკენ“ გმირების, მისტერ და მისის რამსეების პროტოტიპები არიან.

1895 წელს დედის გარდაცვალებამ ცამეტი წლის გოგონა ნერვულ კრიზისამდე მიიყვანა. იმ ხანიდან მოყოლებული ვირჯინია მამასთან იზრდებოდა სახლში, სადაც მისთვის „ხელმისაწვდომი იყო დიდი ბიბლიოთეკა, რომელშიც არც ერთი წიგნი არავისთვის ყოფილა დამალული“. ძმებისგან განსხვავებით უნივერსიტეტში არ უსწავლია. როდესაც 1904 წელს მამამისი გარდაიცვალა ვირჯინია დასთან და ძმებთან ერთად კენსინგტონის ფეშენებელური რაიონიდან საცხოვრებლად ბლუმსბერიში გადავიდა - რაიონში, სადაც ლონდონური ბოჰემა ცხოვრობდა. 1905 წელს ვულფი რეგულარულად წერს „თაიმსის“ ლიტერატურული დამატებისთვის. კიდევ ერთ ტრავმად 1906 წელს ერთ-ერთი ძმის, ტობის გარდაცვალება იქცა. ამ შემთხვევასთან დაკავშირებული ტკივილი მისი რომანის „ტალღების“ საფუძველი გახდა.

1907 წელს დის, ვანესას კრიტიკოსსა და ხელოვნებათმცოდნე კლაივ ბელზე დაქორწინების შემდეგ ვირჯინია ძმასთან ერთად ფიტცროი-სკვერზე (ასევე ბლუმსბერიში) გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ აქ იმართებოდა ე.წ. „ბლუმსბერის ჯგუფის“ შეხვედრები. თავისუფლად შეკრებილი თანამოაზრეებისგან შემდგარ ჯგუფში უმეტესობა ჰომოსექსუალი იყო. ფილოსოფოს გ.ე. მურის იდეების ზეგავლენით ისინი თვლიდნენ, რომ მეგობრობისა და სიყვარულის იდეალები უმთავრესია და რომ ეს იდეალები მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როდესაც გულწრფელობა და თავისუფლება თვალთმაქცობაზე აღმატებული იქნება. მათი აზრით, სოციალური პირობითობები პირადი მორალისა და პასუხისმგებლობის პრინციპების მიხედვით უნდა გამოდევნილიყო. ჯგუფის წევრთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის ურთიერთობები იყო, რომელიც მათ შორის ყალიბდებოდა. როგორც რომანისტი ე.მ. ფორსტერი წერდა, „ურთიერთობებს არაფერი შეცვლის“. ფორსტერის გარდა ჯგუფში შედიოდნენ ეკონომისტი ჯონ მეინერდ კეინსი, ბიოგრაფი და ესსეისტი ლიტტონ სტრეჩი, მხატვარი დანკან გრანტი, კრიტიკოსი-ხელოვნებათმცოდნეები როჯერ ფრაი და კლაივ ბელი.

1912 წელს, მას შემდეგ რაც კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ცეილონიდან ახლადდაბრუნებული საქმრო ლეონარდ ვულფი წინასწარ გააფრთხილა მამაკაცთან სექსის მიმართ ცუდი დამოკიდებულების შესახებ, ვირჯინია მას ცოლად მიჰყვება. მათი ქორწინება ურთიერთპატივისცემისა და ემოციური მხარდაჭერის მაგალითი იყო, სექსუალური ურთიერთობები კი - მინიმუმამდე დაყვანილი. ვირჯინიამ და ლეონარდმა ერთად დააარსეს „ჰოგარტ პრესი“ - გამომცემლობა, სადაც ვირჯინია ვულფის რომანების გარდა იბეჭდებოდა ფორსტერის, ტ.ს. ელიოტის და კეტრინ მენსფილდის ნაწარმოებები.რომანზე სახელწოდებით „მოგზაურობა“ მუშაობის დროს ვულფმა კიდევ ერთი სერიოზული ნერვული შეტევა გადაიტანა, რომელმაც 1915 წელს ის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა. თუმცა, შემდეგ გამოკეთდა და 1919 წელს მომდევნო რომანი „ღამე და დღე“ გამოაქვეყნა. ორივე ეს ნაწარმოები უჩვეულო ენით იყო დაწერილი. შემდეგ ნაწარმოებში სახელწოდებით „იაკობის ოთახი“ (1922) კი ვულფმა ლიტერატურულ ფორმებში ფართო და რადიკალურ ექსპერიმენტირებას მიჰყო ხელი. ნაყოფიერი ექსპერიმენტები სამ მომდევნო რომანში გრძელდებოდა: “მისის დელოუეი“ (1925), „შუქურისაკენ“ (1927) და „ტალღები“ (1931). თხრობის ხერხების, პერსონაჟების შინაგანი სამყაროს და ცნობიერების გარდატეხის გადმოცემის თვალსაზრისით ნოვატორული რომანები ლიტერატურული მოდერნიზმის ოქროს ფონდში შევიდა.

ვირჯინია ვულფი ემოციურად ყოველთვის უფრო ქალებზე იყო მიჯაჭვული ვიდრე მამაკაცებზე. 1922 წელს მას ვიტა სეკვილ-უესტი შეუყვარდა. გარკვეული ხნის შემდეგ მათ შორის რომანი განვითარდა, რომელმაც თითქმის მთელი 20 წელი გასტანა. 1928 წელს ვულფმა ვიტა ასახა „ორლანდოში“ - ფანტასმაგორიულ ბიოგრაფიაში, სადაც ეფემერული მთავარი პერსონაჟის ცხოვრება სამი საუკუნის განმავლობაში გრძელდება. ის ხან მამაკაცად, ხანაც ქალად იქცევა. ვიტა სეკვილ-უესტის შვილმა ნაიჯელ ნიკოლსონმა ამ ნაწარმოებს „ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე მომხიბვლელი სასიყვარულო წერილი“ უწოდა ვულფი წერდა ბევრს და დაუღალავად. რომანების გარდა მას ეკუთვნის რამდენიმე ნაშრომი ლიტერატურულ კრიტიკაში. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა მოიცავს ათასობით წერილს და დაახლოებით ხუთი ათასი ფურცლის ოდენობის დღიურებს. მისი ამბიციური რომანი „წლები“, რომელიც ვირჯინიას წინა რომანების მსგავსად დიდ ფსიქიკურ ძალისხმევად დაუჯდა, შეფასებულ იქნა როგორც „ბრწყინვალე კატასტროფა“.

გერმანული ავიაციის მიერ ლონდონის დაბომბვების შედეგად სახლის დანგრევის შემდეგ ლეონარდ და ვირჯინია ვულფები ქალაქ როდმელში გადავიდნენ, რომელიც სასექსის საგრაფოში მდებარეობდა. ომთან დაკავშირებული საშინელებების და ახალი რომანის „აქტებს შორის“ მუშაობაზე დაღლილობისგან ღრმა დეპრესიაში მყოფი ვულფის მდგომარეობა გაუარესდა. ლეონარდოს მორიგი ტანჯვისგან დახსნის სურვილით 1941 წლის 28 მარტს ვირჯინია ვულფმა მდინარე ოუსში დაიხრჩო თავი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Reid P. Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 2.2 The Fine Art Archive — 2003.
  3. 3.0 3.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — გვ. 464. — ISBN 978-1-85743-228-2
  4. 4.0 4.1 4.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
  5. Вулф Вирджиния // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  7. 7.0 7.1 7.2 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1185.
  8. Union List of Artist Names — 2013.
  9. Kindred Britain
  10. https://www.literaryladiesguide.com/literary-musings/beyond-the-legend-virginia-woolf-and-vita-sackville-wests-love-affair-friendship/
  11. 11.0 11.1 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 495.