ვსეტინი
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ვსეტინი Vsetín | |||||
|
ვსეტინის ციხე | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| ჩეხეთისმხარე | ზლინი | ||||
| შიდა დაყოფა | Horní Jasenka[1] , Rokytnice[1] და Q56413623? | ||||
| კოორდინატები | 49°13′59″ ჩ. გ. 17°40′01″ ა. გ. / 49.23306° ჩ. გ. 17.66694° ა. გ. | ||||
| მმართველი | ირჟი ჩუნეკი | ||||
| პირველი ხსენება | 1308 | ||||
| ფართობი | 57,61 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 342 მ | ||||
| მოსახლეობა | 25 185[2] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 437 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 755 01 | ||||
| საავტომობილო კოდი | Z | ||||
| ოფიციალური საიტი | mestovsetin.cz | ||||
ვსეტინი (ჩეხ. Vsetín) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის ზლინის რეგიონში. ის ვსეტინის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქი 3 ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ვსეტინის გარდა მის შემადგენლობაში შედიან როკიტნიცე და ჰორნი-იასენკა.
სახელწოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვსეტინის სახელწოდება ძველ სლავურ სახელ სეტასთან ან სვატოსლავთანაა დაკავშირებული. ქალაქის დასახელება აქ პირველად დასახლებული კაცის სახელთანაა კავშირში, რომელმაც ქალაქის დღევანდელ ტერიტორიაზე ტყის გაკაფვა და ხვნა-თესვლა დაიწყო. ქალაქს 1396 წლამდე სეტეინცი ერქვა, ამ წლიდან კი ვსეტინად მოიხსენიება.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვსეტინი რეგიონალურ ცენტრ ზლინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ჰოსტინ-ვსეტინის მთების ფერდობებზეა გაშენებული. ქალაქის მუნიციპალურ ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია ცაბის მთა, მისი სიმაღლე 841 მეტრია ზღვის დონიდან. ეს მთა ვსეტინის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ვსეტინი მდინარე ვსეტინის ბეჩვას ნაპირებზეა გაშენებული, ქალაქში მდინარე ბეჩვას ერთვის პატარა მდინარე როკიტენკა.
ვსეტინში ნოტიო კონტინენტური კლიმატია, საშუალო წლიური ტემპერატურაა +8,2°C. ქალაქში წელიწადში 836 მილიმეტრი ნალექი მოდის, ყველაზე ცხელი თვეა ივლისი.[3]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


მდინარე ვსეტინის ბეჩვას ხეობაში არსებული დასახლების შესახებ პირველი ისტორიული ჩანაწერი 1297 წლით თარიღდება, თუმცა ამ დროს აქაურობას ვსეტინი არ ეწოდებოდა. სახელწოდება ვსეტინი პირველად 1308 წელსაა ნახსენები. ამ პერიოდში აქაურ მამულებს ტამპლიერები ფლობდნენ. ვსეტინი XIV საუკუნეში პატარა ქალაქი იყო ეკლესიითა და ქაირს წისქვილით. ის საუკუნეების მანძილზე დიდგვაროვანთა ხელიდან ხელში გადადიოდა.
ქალაქის ციხესიმაგრე XV საუკუნეშია აგებული და მასში ეთნოგრაფიული მუზეუმია მოწყობილი.
1609 წელს საღვთო რომის იმპერიის არმიის გენერალისიმუსი ალბრეხტ ფონ ვალენშტაინი დიდგვაროვან ქვრივ ანა ლუკრეცია ვიცკოველზე დაქორწინდა, ეს ქალბატონი სხვა რამდენიმე ქალაქთან ერთად ვსეტინსაც ფლობდა და შესაბამისად ვსეტინი ალბრეხტ ფონ ვალენშტაინის საკუთრებად იქცა.
მან ვსეტინში იეზუიტები მოიწვია და მოსახლეობის აქტიურ გაკათოლიკებას შეუდგა. ოცდაათწლიანი ომის დროს წარმოებულმა რელიგიურმა და ეკონომიკურმა ჩაგვრამ ვსეტინელ გლეხთა წინააღმდეგობა და ხანგრძლივი აჯანყებები გამოიწვია. ქალაქის მფლობელზე განაწყენებული ვსეტინელი გლეხები ომში შვედეთის არმიას შეუერთდნენ ქალაქი აჯანყების ცენტრად იქცა. 1627 წელს ვსეტინი გადაწვეს და ბევრი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, მაგრამ აჯანყებულები მხოლოდ 1644 წელს დამარცხდნენ. ომის დასრულების შემდეგ ვსეტინში აჯანყების დაახლოებით 200 მონაწილე სიკვდილით დასაჯეს და ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან მოვლენად რჩება.
1663-დან 1683 წლამდე ვსეტინმა თურქთა და უნგრელთა არაერთი შემოსევა განიცადა.
1708 წელს უნგრელმა დამპყრობლებმა ქალაქი თითქმის მთლიანად გადაწვეს. ვსეტინს რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა აღსადგენად.
1653 წელს ვსეტინი უნგრელი დიდგვაროვნების ილეშაზების ოჯახმა შეიძინა და თითქმის 180 წლის განმავლობაში ფლობდა. ქალაქი მათი მფლობელობის პირობებში საგრძნობლად განვითარდა.
1849 წელს ზემო და ქვემო ვსეტინი გაერთიანდნენ. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ვსეტინი და მისი მიმდებარე ტერიტორია ინდუსტრიული რევოლუციის გავლენის ქვეშ მოექცა, რასაც ხელი შეუწყო მის გარშემო წიფლისა და ნაძვის ტყეებში არსებულმა ხის უზარმაზარმა მარაგმა. ქალაქში 1868 წელს დაარსდა შაქრის ქარხანა, ორთქლის სახერხი, ასანთის მწარმოებელი და მინის ქარხანები.
1885 წელს ვსეტინში რკინიგზა გაიყვანეს, რასაც სკოლებისა და საავდმყოფოების მშენებლობა მოჰყვა.
1909 წელს ვსეტინი მუნიციპალური სტატუსის ქალაქი გახდა და მისი მნიშვნელობა საკმაოდ გაიზარდა. 1937 წელს აქ თავისი ქარხანა გახსნა ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელმა კომპანია „ზბროიოვკა ბრნომ“. ამ დროისთვის ვსეტინში იოზეფ სოუსედიკის ქარხანა უკვე აწარმოებდა ელექტროძრავებს.[4]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ ცენტრის გამორჩეული ადგილია ჰორნის მოედანი და მისი შემოგარენი. მოედანზე მდებარეობს რამდენიმე ძეგლი, მათ შორის ვსეტინის ციხე, ძველი მერია და ახალი მერია.
ვსეტინის ციხე თავისი მაღალი კოშკით ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა და უძველესი ისტორიული ნაგებობაა. ეს რენესანსის სტილის ციხე 1600-1610 წლებში აშენდა ძველი ციხის ადგილას. 1708 წელს ის ხანძარმა გაანადგურა და რამდენიმეჯერ აღადგინეს. ციხის ამჟამინდელი ნეოკლასიკური იერსახე 1833-1834 წლების რეკონსტრუქციას უკავშირდება. მე-20 საუკუნეში ციხე სხვადასხვა დაწესებულების ადგილსამყოფელს წარმოადგენდა და დაზიანდა. რემონტის შემდეგ, ის საზოგადოებისთვის 1975 წელს გაიხსნა და დღემდე რეგიონის მთავარ კულტურულ და სოციალურ ცენტრს წარმოადგენს. მასში განთავსებულია მორავიის ვლახეთის რეგიონალური მუზეუმი, რომელიც 1924 წელს დაარსდა.[5]
ვსეტინის ძველი მერია 1720–1721 წლებში აშენდა. ის 1850 წელს აღადგინეს და კოშკი დაამატეს. დღეს შენობაში გალერეა და საზეიმო დარბაზია განთავსებული. ახალი მერია ნეორენესანსის სტილში 1898–1899 წლებში აშენდა და დღეს მასში სასტუმროა განთავსებული.[6]
ვსეტინის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია XVII საუკუნის ბოლოს აშენებული ბაროკოს სტილის ნაგებობაა. თავდაპირველად ის უნგრელ დიდგვაროვან ირჟი ილეშიაზის ციხესიმაგრედ აშენდა, მან ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ნაგებობა კათოლიკურ ეკლესიას აჩუქა, რადგან აქ მდგარი ძველი კათოლიკური ტაძარი 1683 წელს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა. ახალი ეკლესია კი 1689 წელს აკურთხეს.[7]
ვსეტინში ორი ევანგელისტური ტაძარია, ძველი ევანგელისტური ტაძარი 1782 წელს არის აგებული და 1994 წლიდან ჩეხეთის კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, მას ქვემო ევანგელისტური ეკლესია ეწოდება. მეორე ევანგელისტური ეკლესია ძველი ეკლესიიდან დაახლოებით 50 მეტრში მდებარეობს და ის 1827 წელს ააგეს, მას ზემო ევანგელისტურ ეკლესიას უწოდებენ.[8]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იოზეფ სოუსედიკი (1894–1944) – გამომგონებელი და ინჟინერი
- ევჟენ ერბანი (1912–1994) – პოლიტიკოსი
- იარმილა შულაკოვა (1929–2017) – ფოლკლორის მომღერალი
- მიროსლავ ტეტერი (1938–2021) – პოლიტიკოსი და აკადემიკოსი
- ელიშკა ბალზეროვა (დაბ. 1949) – მსახიობი
- მირეკ ტოპოლანეკი (დაბ. 1956) – ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი
- რომან ვოიტეკი (დაბ. 1972) – მსახიობი
- ვაცლავ ვარადა (დაბ. 1976) – ჰოკეისტი
- რომან ჰუბნიკი (დაბ. 1984) – ფეხბურთელი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- ↑ Teplota vzduchu v jednotlivé kalendářní dny cs. Czech Hydrometeorological Institute. ციტირების თარიღი: 2025-02-25
- ↑ Nejstarší listiny týkající se vzniku města Vsetína cs. Vsetínské noviny. Město Vsetín (2008-01-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-29. ციტირების თარიღი: 2021-12-29
- ↑ Zámek cs. Město Vsetín. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-29. ციტირების თარიღი: 2021-12-29
- ↑ Stará a nová radnice cs. Město Vsetín. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-29. ციტირების თარიღი: 2021-12-29
- ↑ Římskokatolický kostel Nanebevzetí Panny Marie cs. Město Vsetín. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-29. ციტირების თარიღი: 2021-12-29
- ↑ Vsetín-Dolní. ციტირების თარიღი: 2025-08-19
- ↑ Partnerská města cs. Město Vsetín. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-01-09. ციტირების თარიღი: 2025-03-24

