ვლადიმირ სტაროსელსკი
ვლადიმირ სტაროსელსკი |
---|
ვლადიმირ სტაროსელსკი (რუს. Владимир Александрович Старосельский დ. 1860, ჩერნიჰივი, რუსეთის იმპერია — გ. 26 აგვისტო, 1916, პარიზი) — რუსი აგრონომი და სახელმწიფო მოღვაწე, ქუთაისის გუბერნატორი 1905 წელს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1860 წელს ღარიბი აზნაურის ოჯახში. 1885 წელს დაამთავრა პეტროვო-რაზუმოვსკის სასოფლო-სამეურნეო აკადემია. აკადემიის დამთავრებისთანავე სტაროსელსკი შავი ზღვის ოლქში დანიშნეს აგრონომად. 1888 წელს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონებათა სამინისტროს კავკასიის სამმართველოს უფროს აგრონომად გადაიყვანეს თბილისში.
სტაროსელსკიმ საფრანგეთში შეისწავლა ფილოქსერასთან ბრძოლის და ამერიკული საძირის გამოყენების მეთოდები. 1890 წელს ის დაინიშნა ქუთაისის გუბერნიის საფილოქსერო პარტიის მთავარ ექსპერტად. სტაროსელსკი დასახლდა საქარაში, სადაც ამერიკული ვაზის საცდელი სანერგე მოაწყო. 5–6 წლის განმავლობაში, საქარის სანერგე 2 000 კვ. მეტრიდან 18 ჰექტარამდე გაიზარდა და მისი სანერგე მასალით უზრუნველყოფის საქმეც საგრძნობლად გაუმჯობესდა. ფილოქსერასთან ბრძოლა არა მარტო წარმატებით დასრულდა, მისი უშრეტი ენერგიით მნიშვნელოვნად განვითარდა საქართველოში მევენახეობა. საქარის მევენახეობის საცდელ სადგურს შემდგომში მისი სახელი მიენიჭა.
ქუთაისის გუბერნატორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1905 წელს კავკასიაში მეფისნაცვლად დაინიშნა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი, რომელიც სტაროსელსკის მეგობარი იყო. მან 1905 წლის 1 აგვისტოს სტაროსელსკი დანიშნა ქუთაისის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად. სტაროსელსკი რევოლუციური მოძრაობისადმი გამოირჩეოდა ლოიალური დამოკიდებულებით. პირადად იცნობდა რევოლუციონერე,ს კიკია მამულაიშვილს, ერმილე ანდღულაძეს და სხვებს. ამის გამო შეარქვეს „წითელი გუბერნატორი“. გუბერნატორის დროს მისი მოადგილე იყო ალექსანდრე ყიფშიძე. სტაროსელსკის დაევალა მიწის რეფორმის გატარება გუბერნიაში. სტაროსელსკის დანიშვნა ნიშნავდა მთავრობის მიერ რბილი ხაზის გატარებას და დათმობებს, მაგრამ ამან გლეხთა მოძრაობა ვერ შეაჩერა.[1]
სტაროსელსკის მოთხოვნით აგვისტოში ოზურგეთის მაზრაში გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და მაზრიდან გავიდა „რიონის რაზმი“ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით. 28 ოქტომბერს, ნასაკირალის ბრძოლის შემდეგ, სტაროსელსკი პირადად ჩავიდა გურიაში. ის გადაადგილდებოდა გურიის კომიტეტის საშვით და კომიტეტის მიერ დანიშნული დაცვით.[2]მის დაცვაში შედიოდნენ რევოლუციონერები მამულაიშვილი და საბაშვილი. სტაროსელსკი ხალმა კარგად მიიღო.[3] ის გურიაში დარჩა ოთხი დღის განმავლობაში, დაესწრო კრებებს ჩოხატაურში, ხიდისთავსა და ოზურგეთში. მან მოუწოდა მოსახლეობას უარი ეთქვათ იარაღით ბრძოლაზე და ემოქმედათ ოქტომბრის მანიფესტის მიხედვით.[4]
1906 წლის იანვარში გადააყენეს და მის ნაცვლად დანიშნეს ალიხანოვ-ავარსკი. ალიხანოვ-ავარსკიმ სტაროსელსკი და ალექსანდრე ყიფშიძე დააპატიმრა. სტაროსელსკი ყუბანში გადაასახლეს, ყიფშიძე კი მეტეხის ციხეში ჩასვეს. 1907 წელს სტაროსელსკი გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის წევრი. ცხოვრობდა ეკატერინოდარში და იყო ყუბანის საოლქო კომიტეტის წევრი, შემდეგ კი ჩრდილო-კავკასიის საკავშირო კომიტეტის წევრი. 1908 წელს მისი სახლის ჩხრეკის დროს ჟანდარმებმა იპოვეს მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვის წერილები და ვერ გაბედეს დაპატიმრება. სანამ ჟანდარმერია ზედგომებიდან ინსტრუქციებს მიიღებდა, სტაროსელსკი გაიქცა ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ პეტერბურგში, იქედან ფინეთის გავლით პარიზში, სადაც მუშაობდა ფოტოგრაფად თუმცა თავი მაინც გაჭირვებით გაჰქონდა. გარდაიცვალა 1916 წლის 26 აგვისტოს, პარიზში, 56 წლის ასაკში.
თხზულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „გლეხთა მოძრაობა ქუთაისის გუბერნიაში“ (ტფილისი, სახელგამი, 1928)
- Дни свободы в Кутаисской губернии, 1907
- ქუთაისის გუბერნიის შორაპნისა და ქუთაისის მაზრების ვაზის ჯიშები, 1893.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თხევადი მზის ქვეყანა=Land of the liquid sun: [ფოტოალბომი]; თბილისი, 2012. - 309 გვ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ჟღენტი თ., 1905 წელი გურიაში, ტფილისი: სახელგამი, 1927. — გვ. 71.
- ↑ Каландадзе, Варл. Мхеидзе, Вл., Очерки революционного движения в Гурии, სანქტ-პეტერბურგი: Эпоха, 1906. — გვ. 78. (რუსული)
- ↑ მახარაძე ი., „გურიის რესპუბლიკა გურიის გლეხთა მოძრაობა 1902-1906 წლებში“, თბილისი: „აზრი", 2016. — გვ. 184, ISBN 978-9941-9458-6-1.
- ↑ ურატაძე გ., Воспоминания грузинского социал-демократа, კალიფორნია: The Hoover institution on war, revolution and peace სტენფორდის უნივერსიტეტი, 1968. — გვ. 117. (რუსული)