ვლადიმერ რომანოვი
ვლადიმერ პავლეს ძე რომანოვი (რუს. Владимир Павлович Романов; დ. 12 ივლისი, 1796, ალექსანდრია, რუსეთის იმპერია — გ. 11 ოქტომბერი, 1864, იქვე) — რუსეთის იმპერიის ბალტიის ფლოტის მე-2 ეკიპაჟის ლეიტენანტი. აზნაური.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1810 წელს ჩაირიცხა საზღვაო კადეტთა კორპუსში. 1811 წელს გახდა გარდემარინი, 1914 წელს — მიჩმანი, 1818 წლის 26 ივლისს — ლეიტენანტი. დაცურავდა 1814 წლიდან. 1826 წელს კაპიტან-ლეიტენანტის ჩინით დაითხოვეს სამსახურიდან, ვინაიდან დაკავშირებული იყო 1825 წლის დეკაბრისტთა შეთქმულებასთან. მართალია, იგი არ ყოფილა დეკაბრისტთა მიერ დაარსებული ჩრდილოეთის საზოგადოების წევრი, მაგრამ ასრულებდა დეკაბრისტთა ლიდერის კ, რილეევის დავალებას მისი იდეების გავრცელების შესახებ.
ბრძანება ვ. რომანოვის დაპატიმრების თაობაზე გაიცა 1825 წლის 30 დეკემბერს, დაატუსაღეს ხერსონის გუბერნიის ალექსანდრიის მაზრის სოფელ ბერიოზოვკაში და 1826 წლის 28 იანვარს ჩაიყვანეს სანქტ-პეტერბურგის მთავარ ჰაუპტვახტში, მეორე დღესვე გადაიყვანეს პეტროპავლოვსკის ციხე-სიმაგრეში. იმპერატორის 1826 წლის 15 ივნისის განკარგულებით, პატიმარი ამ სიმაგრეში უნდა გაეჩერებინათ კიდევ 3 თვეს, შემდგომ კი გაეგზავნათ შავი ზღვის ფლოტში სამსახურის გასაგრძელებლად და ყოველთვიურად მოეხსენებინათ მისი ქცევის შესახებ.
ვლადიმერ რომანოვი შავი ზღვის ფლოტში სამსახურის გასაგრძელებლად ლეიტენანტის ჩინით გაგზავნეს 1826 წლის 15 სექტემბერს. 1827 წელს იგი შლიუპ „დიანა“-ზე კრეისირებდა აფხაზეთის ნაპირებთან, რა დროსაც აღწერა სოხუმისა და ყულევის ყურეები. მისი სოხუმში ყოფნის დროს მან შეადგინა თავისი 1952 სიტყვიანი რუსულ-აფხაზური ლექსიკონი. შექმნილი ხელნაწერი წარუდგინა ხელმღვანელობას, რომელთაც ნაშრომი თავის მხრივ სანქტ-პეტერბურგში გაგზავნეს. შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, მიიღო ჭრილობაც. მამაცობის გამო დააჯილდოვეს ოქროს იარაღით და 1828 წლის 18 აგვისტოს კვლავ მიანიჭეს კაპიტან-ლეიტენანტის ჩინი. ჭრილობის გამიზეზების გამო 1834 წელს გაუშვეს უვადო შვებულებაში და ცხოვრობდა ხერსონის გუბერნიის ლებედინსკის მაზრაში. 1842 წელს თადარიგში გავიდა მეორე რანგის კაპიტნის ჩინით.
რომანოვი სამხედრო სამსახურს კვლავ დაუბრუნდა 1854 წლის 14 აპრილს. მონაწილეობდა ყირიმის ომში ჯერ ფინეთის ნაპირებთან, მერე სევასტოპოლში, სადაც ერთ-ერთ ბრძოლაში მიიღო კონტუზია.
1856 წლის 26 აგვისტოს მიენიჭა პირველი რანგის კაპიტნის ჩინი. 1857 წელს აღწერა მდინარე დნესტრი. თადარიგში გასვლისას, 1861 წლის 30 აგვისტოს მიენიჭა კონტრ-ადმირალის ჩინი.
იყო საზღვაო-სამეცნიერო კომიტეტის წევრი და მწერლობდა კიდეც.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თ. გვანცელაძე, „აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი“, თბ., 2014, გვ. 129-130