ვლადიმერ კიოპენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვლადიმერ კიოპენი
გერმ. Wladimir Köppen
Wladimir Peter Köppen.jpg
დაბ. თარიღი 25 სექტემბერი, 1846
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
გარდ. თარიღი 22 ივნისი, 1940
გარდ. ადგილი გრაცი, მესამე რაიხი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of the German Empire.svg გერმანიის იმპერია
Flag of Austria.svg ავსტრია
Flag of German Reich (1935–1945).svg მესამე რაიხი
საქმიანობა გეოგრაფია
მუშაობის ადგილი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი
მამა პეტრე კიოპენი
დედა Alexandra Fedorovna Adelung
ჯილდოები გრაცის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და Adlerschild des Deutschen Reiches

ვლადიმერ კიოპენი[1] (გერმ. Wladimir Köppen; რუს. Владимир Петрович Кёппен; დ. 25 სექტემბერი, 1846 — გ. 22 ივნისი, 1940) — რუსი და გერმანელი გეოგრაფი, მეტეოროლოგი და კლიმატოლოგი. ცნობილია ფართოდ გავრცელებული კლიმატის კლასიფიკაციის შექმნით. მისმა პრაქტიკულმა და თეორიულმა მიღწევებმა სიღრმისეული გავლენა მოახდინა ატმოსფერული მეცნიერებების განვითარებაზე.[2] იყო სტატისტიკოსის, ეთნოგრაფისა და ბიბლიოგრაფის — პეტრე კიოპენის შვილი.[3]

ვლადიმერ კიოპენი 1864 წლიდან სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, ისმენდა ლექციების კურსს ჰაიდელბერგისა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში; 1871 წელს მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1872–75 წლებში სანქტ-პეტერბურგის მთავარი ფიზიკური ობსერვატორიის სამსახურშია. 1875–1919 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში და მუშაობდა ქალაქ ჰამბურგში გერმანიის საზღვაო ობსერვატორიაში, სადაც განაგებდა ბიულეტენისა და სინოპტიკური რუკების განყოფილებას.[3] 1884–1891 წლებში იყო ჟურნალ „Meteorologische Zeitschrift“-ის რედაქტორი.[4]

1919 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა და მუშაობდა ავსტრიაში, ქალაქ გრაცში. მისი ძირითადი ნაშრომები შეეხება კლიმატოლოგიას, ზოგად და სინოპტიკურ მეტეოროლოგიას, საზღვაო მეტეოროლოგიას. კიოპენი აეროლოგიური კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებელია. შეისწავლა დედამიწის მრავალი რაიონის, განსაკუთრებით ოკეანეების კლიმატური პირობები (მათ შორის შეადგინა ინდოეთის ოკეანის ლოციის მეტეოროლოგიური ნაწილი), აგრეთვე ციკლონებისა და ანტიციკლონების განმეორებადობა და მოძრაობა, მზის აქტივობის გავლენა ამინდსა და კლიმატზე, წარსულის კლიმატები და ა.შ.[3]

კიოპენის კლასიფიკაციაში კლიმატის ძირითად ტიპებად და ქვეტიპებად დაყოფის დროს გათვალისწინებულია ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების სხვადასხვაობა.[5]

განსაკუთრებით ცნობილია დედამიწის კლიმატების კლასიფიკაცია, რომელზედაც იგი 1900–20 წლებში მუშაობდა. რუს კლიმატოლოგთან ალექსანდრე ვოეიკოვთან და ავსტრიელ მეტეოროლოგთან იულიუს ჰანთან ერთად გადამწყვეტი გავლენა მოახდინა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის კლიმატოლოგიის განვითარებაზე.[3]

იყო ესპერანტოს გამოყენების მტკიცე მომხრე, რომელზედაც იგი ისევე თავისუფლად საუბრობდა, როგორც გერმანულ და რუსულ ენებზე. 1868–1939 წლებში გამოაქვეყნა 500-ზე მეტი პუბლიკაცია, რომელთაგან ზოგიერთი ესპერანტოზე გადათარგმნა.[2] მისი ნაშრომი „Geographisches System der Klimate“ (1936) მნიშვნელობას დღესაც ინარჩუნებს.[6]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. კიოპენი. კლიმატოლოგიის საფუძვლები, 1935;
  • Die Klimate der geolo­gischen Vorzeit. B., 1924;
  • Das geographische System der Klimate. B., 1936.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]