ვლადიმერ ვალიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ ვალიშვილი
დაბადების თარიღი 18 ივნისი, 1910
თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 29 დეკემბერი, 1992 (82 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეთნიკურად ოსი
ალმა-მატერი მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტი
საქმიანობა კინორეჟისორი და სცენარისტი
აქტიური 1927–1992
ჯილდოები მედალი 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი“

ვლადიმერ იაგორის ძე  ვალიშვილი (დ. 18 ივნისი, 1910, თბილისი — გ. 29 დეკემბერი, 1992, იქვე) — პირველი ოსი პროფესიონალი კინორეჟისორი და სცენარისტი, ოსური კინოს ფუძემდებელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961), ჩრდილოეთ ოსეთის დამსახურებული მოღვაწე (1965).

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927–1929 წლებში სწავლობდა თბილისის კინოსტუდიასთან არსებულ კინოსამსახიობთა სკოლაში, 1930 წელს რეჟისორმა გიორგი მაკაროვმა აიყვანა ფილმის „იყავ მზად“ გადამღებ ჯგუფში რეჟისორის თანაშემწედ. შემდგომში იმუშავა მიხეილ კალატოზოვთან ფილმზე „ქვეყანა საფრთხეშია“ („ლურსმანი ჩექმაში“). ამ ფილმში ვლადიმერ ვალიშვილმა შეასრულა ეპიზოდური როლი და ასევე მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად.

1930–1936 წლებში სწავლობდა მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (სერგეი ეიზენშტეინის სახელოსნო). სწავლის პარალელურად პრაქტიკას გადიოდა სერგეი ეიზენშტეინთან ფილმ „ბეჟინ ლუგი“-ის გადაღების დროს. 1936 წელს დიპლომანტი-რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი და დიპლომანტი-ოპერატორი ნიკოლოზ ლისიცინი ჩაერთნენ კუნძულ დიქსონზე მიმავალ ექსპედიციაში, რათა გადაეღოთ კინონარკვევი საბჭოთა პოლარელებზე. მათ ფირზე ასახეს კუნძულ დიქსონის გეოგრაფიულ-გეოლოგიური სახე, აგრეთვე ის კულტურულ-სამეურნეო სამუშაოები, რომლებსაც ატარებდნენ იქ საბჭოთა პოლარელები. ეს ფილმი ვლადიმერ ვალიშვილის სადიპლომო ნამუშევარი გახდა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს სამუშაოდ მიიწვია თბილისის კინოსტუდიის დირექციამ და დაიწყო მუშაობა კინოსტუდიის ქრონიკალურ-დოკუმენტური სტუდიის რეჟისორად. დოკუმენტურ ფილმებთან ერთად ვლადიმერ ვალიშვილი მუშაობდა მხატვრულ ფილმებზეც. 1936 წელს რეჟისორ სერგეი ერმაკოვთან ერთად „მოსფილმში“ გადაიღო მხატვრული ფილმი „სპრინკლერი“. 1937 წელს გადაიღო კინემატოგრაფიული ვარიანტი რუსთაველის თეატრის სცენაზე განხორციელებული სპექტაკლისა „ალკაზარი“ (პიესის ავტორი გიორგი მდივანი). შემდეგ მას მიჰყვა დოკუმენტური ფილმები „საბრძოლო სადარაჯოზე“, „საქართველოს სამხედრო გზაზე“, „ისტორიულ ადგილებში“.

დიდი სამამულო ომის პირველი დღეების ატმოსფერო აისახა ფილმში „გორის ველი“, რომელიც აშუქებს ომის დროს ზურგში მყოფი მოსახლეობის მძიმე ცხოვრებასა და საბრძოლო მზადყოფნას. კინორეჟისორის შემდგომი მოღვაწეობა უკვე უშუალოდ საფრონტო მოვლენებს უკავშირდება. 1942 წელს ვლადიმერ ვალიშვილმა ოპერატორ გიორგი უსეინაშვილთან და ოპერატორის ასისტენტ ი. ედიგარაშვილთან ერთად შეადგინა საფრონტო კინოგადამღები ჯგუფი, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტზე გაემგზავრა, სადაც ნოვოროსიისკის მთებში იბრძოდა მე-18 არმია კონსტანტინე ლესელიძის სარდლობით.

1943 წელს ვლადიმერ ვალიშვილმა ახალი საფრონტო ჯგუფი შეადგინა, რომელშიც შედიოდნენ ვასილ შანიძე და ვლადიმერ კილოსანიძე. კინოაპარატით აღჭურვილები კვალდაკვალ მიჰყვებოდნენ მე-18 არმიას, რომელმაც გაათავისუფლა კრასნოდარი, ნოვოროსიისკი, ანაპა და სხვა ქალაქები. ამიერკავკასიის ფრონტის სხვა სახელგანთქმულ ნაწილებსა და შენაერთებთან ერთად, ვლადიმერ ვალიშვილი და ოპერატორები ცეცხლის ხაზზე იდგნენ. ამ ომში დაიღუპა ვლადიმერ კილოსანიძე.

ვლადიმერ ვალიშვილის მიერ გადაღებული საფრონტო მასალები შევიდა დოკუმენტურ ფილმებში „კავკასია“, „გენერალი ლესელიძრ“, კინოჟურნალებში „საბჭოთა საქართველო“, „ნოვოსტი დნია“ და 20 სერიიან ფილმში „დიდი სამამულო“.

საინტერესო რეჟისორული  ხერხებით გააერთიანა ვლადიმერ ვალიშვილმა ორი თემატური ხაზი — ფრონტული ეპიზოდები და ზურგის მძიმე ცხოვრების ამსახველი კადრები ფილმში „მეთევზე პატრიოტები“. ამ კინონაწარმოებში გამომჟღავნდა რეჟისორ-დოკუმენტალისტის მახვილი ხედვა. დიდი სამამულო ომის პერიოდს ასახავს აგრეთვე ვლადიმერ ვალიშვილი ფილმები „პირველი ფრონტული გაზაფხული“, „გამარჯვების პირველი მაისი“.

1945 წელს ვლადიმერ ვალიშვილის სცენარითა და მისი რეჟისურით (ვ. ვალიშვილი ძირითადად თავისივე სცენარებით იღებდა ფილმებს) კინოსტუდიის ოპერატორთა ჯგუფმა გადაიღო  დოკუმენტური ფილმი „გამარჯვებით დაბრუნებულნი“, ფილმში ნაჩვენებია პირველი მატარებლის ჩამოსვლა დემობილიზებული მეომრებით.

1946 წელს ვლადიმერ ვალიშვილმა საკუთარი სცენარით გადაიღო დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი „უშბა“, რომელიც ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპულ გამოჩენილ მთამსვლელს ალიოშა ჯაფარიძეს. ქართველ მთამსვლელთა ჯგუფთან ერთად კავკასიონის ამ მაღალ და მიუვალ მწვერვალზე ავიდა ალიოშას და, ალექსანდრა ჯაფარიძე; ალპინისტურ ექსპედიციას ახლდნენ რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი, კინოოპერატორები ოთარ დეკანოსიძე, შალვა შიოშვილი და ბორის კრეპსი. მათ ურთულეს პირობებში უხდებოდათ ფილმის გადაღება. შეიქმნა პოეტური კინონოველა, რომელმაც წარმატებით შემოიარა საბჭოთა კავშირისა და უცხოეთის კინოეკრანები.

1947 წელს ფილმმა „უშბა“ ვენეციაში გამართულ VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე პრემია და საპატიო დიპლომი დაიმსახურა. ეს იყო პირველი დიპლომი, რომლითაც აღინიშნა ქართული  კინემატოგრაფია საერთაშორისო კინოფესტივალზე.

1961 წელს ვლადიმერ ვალიშვილმა გადაიღო ფერადი დოკუმენტური ფილმი „ქართული ფოლადი“ (სცენარის ავტორები თ. სვანი და კ. გოგოძე). ისტორიული ექსკურსის პრინციპით, არქეოლოგიური მასალის გაშუქებით, რეჟისორმა აჩვენა საქართველოში ამ დარგის განვითარების საერთო სურათი და ქართველ მეფოლადეთა თანადროული ხელოვნება. თითქმის ორმოცდაათი წელიწადი იმუშავა ვლადიმერ ვალიშვილმა სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების სტუდიებში. მდიდარი და მრავალფეროვანია მისი ფილმების თემატიკა — „იალაღებზე“, „ბაკურიანის თოვლიან ფერდობებზე“, „ერთი სოფლის სპორტსმენები“, „აღორძინებული ოსეთი“, „ადამიანი და ვარსკვლავები“, „ვინ არის დამნაშავე“, „მაღალი ძაბვა“, „ზეიმი ალანების მიწაზე“, „სოფლის თავკაცი“, „ზაქარია ფალიაშვილი“ ,„კორნელი კეკელიძე“, „ივანე ბერიტაშვილი“, „მთაში შობილი ხელოვნება“, „ახალი სვანეთი“, ფილმების გარდა გადაღებული აქვს 300-ზე მეტი კინოჟურნალი „საბჭოთა საქართველო“.

1958 წელს ვლადიმერ ვალიშვილის ინიციატივითა და მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა პირველი ოსური მხატვრული ფილმის „ფატიმას“ დადგმა (სცენარის ავტორი სიკო დოლიძე, დამდგმელი რეჟისორები ვლადიმერ ვალიშვილი, სიკო დოლიძე). იგი გადაღებულია ოსი კლასიკოსის კოსტა ხეთაგუროვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით და მიეძღვნა ავტორის 100 წლის იუბილეს. ფილმმა უდიდესი წარმატება მოიპოვა, მან მსოფლიოს 67 ქვეყანა მოიარა. ამ წარმატებაში ვლადიმერ ვალიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის, მან ფილმზე სამუშაოდ მოიწვია ოთარ მეღვინეთუხუცესი და ოსი მსახიობი, მსოფლიოში „ოტელოს“ როლის ცნობილი შემსრულებელი ვლადიმერ თხაფსაევი, ოსი კომპოზიტორი, ოსური ფოლკლორული მუსიკის ფუძემდებელი, ბორის გალაევი, ოსი მხატვარი აზანბეკ ჯანაევი, რამაც ფილმს უდიდესი წარმატება მოუტანა.

ფილმები „იალარებზე“, „საქართველოს სამხედრო გზაზე“, „ჯიმარაი ხოხ“, „ბაკურიანის თოვლიან ფერდობებზე“, „უშბა“ ნაჩვენები იყო საზღვარგარეთის ეკრანებზე. ამ ფილმებმა ფართო აღიარება ჰპოვა როგორც კრიტიკოსებს, ისე მაყურებელთა შორის.

ვლადიმერ ვალიშვილის მიერ დუბლირებულია ათობით მხატვრული, სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმი, რომლებმაც მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

პედაგოგიური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს ვლადიმერ ვალიშვილმა ქალაქ ცხინვალში დააარსა კინომოყვარულთა სტუდია, სადაც სტუდიის წევრებს ასწავლიდა კინოხელოვნების ზოგად კანონებს, უზიარებდა მდიდარ გამოცდილებას. ამ სტუდიის მიერ გადაღებულმა ფილმმა „13 კომუნარი“, 1972 წელს კინომოყვარულთა რესპუბლიკურ კინოფესტივალზე, თბილისში, პირველი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „სპრინკლერი“ — 1935, მოსფილმი, მხატვ. დამდგმელი რეჟისორი ევგენი ერმაკოვთან ერთად
  • „იალაღებზე“ — 1936, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „დიადი თარიღი“ — 1937, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ალკაზარი“ — 1937, სცენარისტი გ. მდივანი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „ჯიმარაი ხოხ“ — 1938, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „საბრძოლო სადარაჯოზე“ — 1938, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ბაკურიანი“ — 1939, სცენარის ავტორი ვ. მიტროფანოვი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „სამშობლოს დასაცავად“ — 1939, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ისტორიულ ადგილებში“ — 1939, სცენარის ავტორი ვ. მიტროფანოვი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „ბედნიერი ბავშვობა“ — 1939, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ხრამჰესმშენი“ — 1939, სცენარისტი დადამდგმელი რეჟისორი
  • „მილიონერი კოლმეურნეობა“ — 1940, სცენარის ავტორები ვ. მიტროფანოვი, ვ. ვალიშვილი, რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „კავკასიონის ქედის გადაღმა“ — 1940, დამდგმელი რეჟისორი
  • „საქართველოს სამხედრო გზაზე“ 1940,  სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „დეპუტატი მდინარაძე“ — 1940, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ქართველი ხალხის ზეიმი“ — 1941, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „საქართველოს კურორტები“ — 1941, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „პირველი ფრონტული გაზაფხული“ — 1942, სცენარის ავტორი ი. რუსანოვი, დამდგმელი რეჟისორი  ვ. ვალიშვილი
  • „გორის ველი“ — 1942, სცენარის ავტორი ი. რუსანოვი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „მეთევზე პატრიოტები“ — 1943, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ბახმარო“ — 1945, სცენარისტი და დამდგმელი  რეჟისორი
  • „გამარჯვებით დაბრუნებულნი“ — 1945, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ბაკურიანის თოვლიან ფერდობებზე“ — 1946, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „უშბა“ — 1946, სცენარისტი და დამდგმელი  რეჟისორი
  • „საჰაერო განგაში“ — 1946, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ყაზბეგი“ — 1948, სცენარის ავტორები იოსებ ნონეშვილი და ვლადიმერ ვალიშვილი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „ზამთარი ბაკურიანში“ — 1948, სცენარის ავტორები შალვა ხომერიკი და ვლადიმერ ვალიშვილი, რეჟისორები ვ. ვალიშვილი, შ. ხომერიკი
  • „სტალინის ბიოგრაფია“ — 1949, სცენარის ავტორები იოსებ ნონეშვილი და ვლადიმერ ვალიშვილი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „სვანეთის მთებში“ — 1949, სცენარის ავტორები ვ. ვალიშვილი, კარსანიძე, ი. ნონეშვილი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „საქართველოს მზიური სანაპიროები“ — 1949, სცენარის ავტორები კარლო გოგოძე და ვლადიმერ ვალიშვილი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „საქართველოს ბუნების ძეგლები და ნაკრძალები“ — 1950, სცენარის ავტორი ვ. ვალიშვილი, რეჟისორები ვ. ვალიშვილი, შ. მარტაშვილი
  • „ისტორიული დოკუმენტები სტალინზე“ — 1950, სცენარის ავტორები ვ. მიტროფანოვი, ი. ნონეშვილი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „სამხრეთ ოსეთი“ — 1951, სცენარის ავტორები ილია კავკაზაგი და გიორგი მდივანი, რეჟისორები ვ. ვალიშვილი, ი. კანდელაკი, შ. მარტაშვილი
  • „მოთხილამურეები ბაკურიანში“ — 1952, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „მაღალი ძაბვა“ — 1953, სცენარის ავტორები ა. კოროლოვი, ი. სკლუტი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „ფატიმა“ — 1957, დამდგმელი რეჟისორები ვ. ვალიშვილი, ს. დოლიძე
  • „მეკამეჩეობა“ — 1960, სცენარის ავტორი ს. სულაკაური, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „საყვარელი სამშობლოს სადარაჯოზე“ — 1960, დამდგმელი რეჟისორი
  • „ერთი სოფლის სპორტსმენები“ — 1960, სცენარის ავტორი კარლო გოგოძე, დამდგმელი რეჟისორი  ვ. ვალიშვილი
  • „ქართული ფოლადი“ — 1961, სცენარის ავტორი კ. გოგოძე, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „მაღალი დონის ოსტატი“ — 1961, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ორსანტიელი მესიმინდე“ — 1961, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ახალი სვანეთი“ — 1962, სცენარის ავტორი ა. გელოვანი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „სოფლის თავკაცი“ — 1963, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „24 საათი“(„ენგურჰესი“) — 1964, სცენარის ავტორი ა. ხუჭუა, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „ივანე ბერიტაშვილი“ — 1965, სცენარის ავტორები ვ. ვალიშვილი, ი. ძიძიშვილი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „ინტერვიუ ქარხანაში“ — 1965, დამდგმელი  რეჟისორი
  • „ჩემი ოსეთის დილა“ — 1965, სცენარის ავტორი ვ. გაგლოევი, რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „მუსიკალური გაზაფხული“ — 1965, რეჟისორები ვ. ვალიშვილი, კ. ღამბაშიძე
  • „მიწისქვეშა მდინარეთა საიდუმლოება“ — 1966, დამდგმელი  რეჟისორი
  • „საქართველოს თერმული წყლები“ — 1967, სცენარის ავტორი ალან ვალიშვილი, დამდგმელი რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი
  • „ყურძნის ქვეყანაში“ — 1967, რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი
  • „წყალდიდობა“ — 1968, სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი
  • „ორი დღესასწაული“ — 1968, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „რვა ივნისი“ — 1968, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „რუსთავის მეტალურგიული ქარხანა“ — 1968, სცენარის ავტორი და დამდგმელი  რეჟისორი
  • „აღორძინებული ოსეთი“ — 1969, სცენარის ავტორები ვ. გაგლოევი და ვ. ვალიშვილი, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „ადამიანები და ვარსკვლავები“ — 1970, სცენარის ავტორი ნ. ღამბაშიძე, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „ზაქარია ფალიაშვილი“ — 1971, სცენარის ავტორი რ. ებრალიძე, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „მახარბეკ ტუგანოვი“ — 1971, სცენარის ავტორი ალან ვალიშვილი, რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი
  • „მწვანე ჰორიზონტები“ — 1972, რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი
  • „მეფოლადეთა ოჯახი“ — 1973, სცენარის ავტორი ალან ვალიშვილი, რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი
  • „სამხრეთ ოსეთი“ — 1974, სცენარის ავტორები ნელი დოლიძე და ვ. ვალიშვილი, რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „მთაში შობილი ხელოვნება“ — 1974, სცენარის ავტორები ნელი დოლიძე და ვ. ვალიშვილი, დამდგმელი  რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი
  • „დირექტორი“ — 1975, სცენარის ავტორი კ. წერეთელი, რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „პროფესიის სიყვარულით“ — 1976, სცენარის ავტორი თ. თვალავაძე, რეჟისორი ვ. ვალიშვილი
  • „ნათელა ბუთხუზი“ — 1978, რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი
  • „ყრილობიდან ყრილობამდე“ — 1980, რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი
  • „ზეიმი ალანების მიწაზე“ — 1982, სცენარისტი და  დამდგმელი რეჟისორი
  • „სამხრეთ ოსეთი 60“ — 1982, სცენარისტი და დამდგმელი რეჟისორი
  • „აი ია“ — 1986, სცენარის ავტორი ალან ვალიშვილი, დამდგმელი რეჟისორი ვლადიმერ ვალიშვილი
  • „ვასო აბაევი“ — 1988, სცენარის ავტორი ნელი დოლიძე, დამდგმელი რეჟისორი ვ. ვალიშვილი

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სამამულო ომის ორდენი „კავკასიის დაცვისათვის“;
  • მედალი „1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“;
  • მედალი „გერმანიაზე გამარჯვებისათვის 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში“;
  • საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“;
  • საიუბილეო მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი“;
  • „სსრ კავშირის კინემატოგრაფიის წარჩინებული ნიშანი“
  • „სსრკ მინისტრთა საბჭოსთან არსებული კინემატოგრაფიის კომიტეტისა და კულტურის მუშაკტა პროფკავშირის ცკ-ის საპატიო სიგელი“
  • 1947 წელს ვენეციის VIII საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო დიპლომი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგოძე კ., ქართული საბჭოთა კინემატოგრაფიის 40 წელი, თბ., 1961;
  • გოგოძე კ., ქართული ფილმები მსოფლიო ეკრანებზე, თბ., 1975;
  • ჟვანია გ., ქართული დოკუმენტური კინო, თბ., 1990;
  • Аннотированный каталог фильмов (1958-1963) т. 4 с. 98;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]