ვლადიმერ ბექაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვლადიმერ ბექაური

ვლადიმერ ივანეს ძე ბექაური (დ. 27 დეკემბერი, 1882, სოფ. კიტოხი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 თებერვალი, 1938) — ქართველი გამომგონებელი, რევოლუციონერი-ორგანიზატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903 წელს დაამთავრა თბილისის მიხეილის რკინიგზის ტექნიკური სასწავლებელი. 1905 წელს მონაწილეობდა ხაშურის საორთქლმავლო დეპოს რევოლუციურ გამოსვლებში, რის გამოც იდევნებოდა პოლიციისაგან. 1907 წელს საცხოვრებლად გადავიდა ციმბირში, შემდეგ კი პეტერბურგში. ამ პერიოდს განეკუთვნება მისი მთელი რიგი გამოგონებები, მ. შ. აღსანიშნავია - ავტომატური დამცავი სიგნალიზაციის ხერხი, რომლის პატენტი შეისყიდეს გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისში, იტალიასა და იაპონიაში. 1921 წლის 15 აგვისტოს მთავრობის დადგენილებით და პირადად ვ. ი. ლენინის მიერ ხელმოწერილი მანდატით შეიქმნა "განსაკუთრებული ტექნიკური ბიურო" ბექაურის ხელმძღვანელობით. ბიუროს სამუშაოთა თემატიკა ეხებოდა ნაღმების ტორპედოების წარმოებას, წყალქვეშა ცურვას, კავშირგაბმულობას, საპარაშუტო ტექნიკისა და სხვა დარგებს. აქ ამუშავებდნენ აგრეთვე ტორპედოებს წყალქვეშა ნავებისათვის, განსაკუთრებულ ფუგასებს, რადიოს საშუალებით მართულ კატარღბს და სხვა. ბექაურმა გამოიგონა აპარატურა საჰაერო-სადესანტო ოპერაციათა ტექნიკის უზრუნველყოფისათვის. დიდი ღვაწლი მიუძღვის რადიოტექნიკის დარგშიც, სადაც მისი პირადი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი ორიგინალური კონსტრუქცია.

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით.

რეპრესირებულია. სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია. ხაშურის ოთხსართულიანი, ტუფის ქვით აშენებული ქალაქის საავადმყოფოს კედელზე, შესასვლელთან, დამაგრებულია ბარელიეფის დაფა რომელიც გვამცნობს, რომ ეს საავადმყოფო აშენებულია 1934-1936 წლებში ქართველი გამომგონებლის ვლადიმერ ივანეს ბექაურის გამოგონებებზე გაცემული ჰონორანით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]