შინაარსზე გადასვლა

ვიტორიო ემანუელე III

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვიქტორ ემანუელ III)
ვიტორიო ემანუელე III
Vittorio Emanuele III
იტალიის მეფე
ეთიოპიის იმპერატორი
ალბანეთის მეფე
კორონაცია: 29 ივლისი, 1900
მმართ. დასაწყისი: 29 ივლისი, 1900
მმართ. დასასრული: 9 მაისი, 1946
წინამორბედი: უმბერტო I
მემკვიდრე: უმბერტო II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 11 ნოემბერი, 1869
დაბ. ადგილი: ნეაპოლი, იტალია
გარდ. თარიღი: 28 დეკემბერი, 1947
გარდ. ადგილი: ალექსანდრია, ეგვიპტე
მეუღლე: ელენა მონტენეგროელი
დინასტია: სავოიელები
მამა: უმბერტო I
დედა: მარგერიტა სავოიელი

ვიტორიო ემანუელე III (იტალ. Vittorio Emanuele III; 11 ნოემბერი 186928 დეკემბერი 1947) — სავოიელების დინასტიიდან. იტალიის მეფე 1900–1946 წლებში, ეთიოპიის იმპერატორი 1936–1943 წლებში და ალბანეთის მეფე 1939–1943 წლებში. უმბერტო I-სა და მარგერიტა სავოიელის ვაჟი. იქორწინა 1896 წელს ელენაზე, ჩერნოგორიის მეფე ნიკოლა I-ის ასულზე.

ვიტორიო ემანუელე გამეფდა ანარქისტების მიერ მისი მამის მკვლელობის შემდეგ. იგი ჩაკეტილი და ჩუმი ადამიანი იყო. წინამორბედებთან შედარებით მას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული: ორიგინალში კითხულობდა ძველ რომაელ პოეტებს, კარგად იცოდა გეოგრაფია, ისტორია, უკრავდა ფორტეპიანოზე. იგი გატაცებული იყო ნადირობით, თევზაობით, ფოტოგრაფიით და ნუმიზმატიკით. მას ჰქონდა მონეტების მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია.

ვიტორიო ემანუელემ სახელმწიფო საქმიანობაში, თავი ფრთხილ პოლიტიკოსად გამოავლინა. მან შეასუსტა რადიკალების წინააღმდეგ რეპრესიები, ზრუნავდა საგადასახადო და სასამართლო სისტემების დახვეწაზე. კოლონიზაციისგან იგი ჯერ თავს იკავებდა. 1911 წელს, ნაციონალისტების გავლენით, მან თურქეთის წინააღმდეგ დაიწყო ომი, რაც ტრიპოლისა და კირენაიკის ოკუპაციით დამთავრდა. საგარეო პოლიტიკაში მეფე თანდათან შორდებოდა გერმანიას და ავსტრია-უნგრეთს და უახლოვდებოდა ანტანტას. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, იგი დიდხანს ვაჭრობდა ორივე მხარესთან, თუ ვინ მეტ ტერიტორიებს დაპირდებოდა. საბოლოოდ იგი იმ დასკვნამდე მივიდა რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გაიმარჯვებდნენ და 1915 წლის მაისში ჩაება ომში ანტანტის მხარეს.

შემდეგ წლებში იტალიის არმია რამდენიმეჯერ მძიმედ დამარცხდა, და მხოლოდ მოკავშირეთა დახმარებამ გადაარჩინა იტალიის ფრონტი. ამის გამო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე იტალიის როლი უმნიშვნელო იყო, და მიიღო ნაკლები ვიდრე ელოდა, მხოლოდ ტრენტინო, ალტო ადიჯე, ისტრია და ტრიესტი, დალმაციაზე და ფიუმეზე მოკავშირეებმა უარი უთხრეს. ისევე როგორც იტალიელი ნაციონალისტები, ვიტორიო ემანუელეც გაბრაზებული იყო და მიიჩნევდა, რომ ”იტალიას მოპარეს გამარჯვება”.

ომის შემდეგ ქვეყანა მოიცვა სოციალისტურმა და ეროვნულმა მოძრაობებმა. ვიტორიო ემანუელე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სერიოზულად განიცდიდა იტალიის მონარქიის ბედს. ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ, მან გადაწყვიტა ცუდსა და უარესს შორის ცუდი აერჩია და ბენიტო მუსოლინის დაუკავშირდა. 1922 წელს ფაშისტებმა რომი აიღეს. მეფემ გადატრიალებას ხელი არაფრით არ შეუშალა, თუმცა არმია მის მხარეზე იყო და მზად იყო პუტჩი შეეჩერებინა. ოქტომბერში მეფემ მუსოლინი პრემიერ-მინისტრად დანიშნა და საგანგებო უფლბები მიანიჭა.

იტალიამ რამდენიმე წლით დაისვენა სოციალისტებისგან, მონარქია გადარჩა, მაგრამ მეფეს აღარ დარჩა ძალაუფლება. 1930-ანი წლების დასაწყისისთვის მეფე უკვე აღარ მონაწილეობდა ქვეყნის არც პოლიტიკურ და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ვიტორიო ემანუელე დაკავებული იყო ნადირობით, თევზაობით და წიგნების კითხვით. იგი მხარს უჭერდა მუსოლინის პოლიტიკას, მათ შორის ანტიკომინტერნის პაქტის ხელმოწერას და მეორე მსოფლიო ომში გერმანიის მხარეზე ჩართვას.

მეფის და დუჩეს შორის განხეთქილება მხოლოდ 1943 წელს მოხდა. ამ დროს ვიტორიო ემანუელემ, რომის პაპის შუამავლობით დაიწყო ინგლისთან და ამერიკასთან მოლაპარაკებები. მათ დაპირდნენ იტალიაში მონარქიის შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი იგი დაიწყებდა ახალ ომს გერმანიის წინააღმდეგ. ივლისში მეფემ მუსოლინის მოსთხოვა დიდი ფაშისტური კრების მოწვევა, რომელზეც დუჩემ ვერ მიიღო პარტიის მხარდაჭერა და უნდა გადამდგარიყო. ვიტორიო ემანუელემ იგი დაითხოვა, მაგრამ ფაშისტური რეჟიმი არ შეუცვლია, შენარჩუნდა ცენზურა და სხვა პარტიების აკრძალვა და არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.

3 საქტემბერს ხელი მოეწერა ინგლისთან და აშშ-სთან ზავს, რამდენიმე დღეში კი გერმანულმა არმიამ მოახდინა იტალიის ოკუპაცია. მეფე ოჯახთან ერთად რომიდან ბრინდიზიში გაიქცა, სადაც მას ამერიკის ჯარი იცავდა. რომში იგი მხოლოდ 1944 წელს მოკავშირეთა არმიასთან ერთად დაბრუნდა.

ამ დროისთვის ვიტორიო ემანუელეს სახელი ფაშისტებთან თანამშრომლობით იმდენად კომპრომეტირებული იყო, რომ მის მიერ ქვეყნის მართვაზე საუბარიც ზედმეტი იყო. მეფემ ქვეყნის მართვა ვაჟს უმბერტოს გადასცა და ჩამოშორდა საქმეებს. 1946 წლის 9 მაისს კი ოფიციალურად უარი თქვა ტახტზე შვილის სასარგებლოდ. თუმცა ამ ნაბიჯმა ვერ გადაარჩინა მონარქია და 2 ივნისის რეფერენდუმზე უმეტესობამ ხმა რესპუბლიკის გამოცხადებას მისცა. ვიტორ ემანუელე გარდაიცვალა შემდეგ წელს ეგვიპტეში.

  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва.