ვიქტორია (ტელესერიალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორია
ჟანრი ისტორიული
დრამა
ავტორი დეიზი გუდვინი
სცენარი დეიზი გუდვინი
გაი ენდრიუსი
ოტილი უილფორდი
თემის კომპოზიტორი მარტინ ფილიპსი
კომპოზიტორ(ებ)ი რუთ ბარეტი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
სეზონი 3
სერია 25
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი პოლ ფრიფტი
დევიდ ბოტლერი
ხანგრძლივობა 46-89 წუთი
ეთერი
აუდიო ფორმატი სტერეო
ეთერში 28 აგვისტო, 2016 — 12 მაისი, 2019
რესურსები ინტერნეტში
http://www.itv.com/hub/victoria/ საიტი

ვიქტორია (ინგლ. Victoria) — 2016 წელს გამოსული ბრიტანული ისტორიული ტელესერიალი, რომელიც მოგვითხრობს დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას ისტორიას მისი ტახტზე ასვლის შემდეგ. ფილმში დედოფლის როლს მსახიობი ჯენა კოლემანი ასრულებს. 2016 წლის 28 მაისს სერიალი პირველად გავიდა ეთერში, 2019 წლის 12 მაისს კი უკანასკნელად.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მოქმედება 1837 წლის დიდი ბრიტანეთის სამეფო კარზე იწყება. მეფე უილიამ IV გარდაიცვალა და ტახტს მისი 18 წლის ძმისწული, დედოფალი ვიქტორია იკავებს. იგი სასწრაფოდ ტოვებს კენსინგტონის სასახლეს, რომელიც ბავშვობის ცუდ მოგონებებს ახსენებს და ბაკინგემში გადადის. ახალგაზრდა დედოფალს ცუდი ურთიერთობა აქვს დედასთან და ვინაიდანაც ოჯახის სხვა წევრები მისი ტახტის მიტაცებას ცდილობენ, იგი მთლიანად პრემიერ-მინისტრ მელბურნზე ხდება დამოკიდებული, ეს დამოკიდებულება კი მალევე სიყვარულში გადაიზრდება. იმავდროულად ბიძამისი, ჰანოვერის მეფე ერნესტ ავგუსტი ცდილობს დაამტკიცოს, რომ პაპის, მეფე ჯორჯ III-ის მსგავსად ვიქტორიაც შეშლილია, რათა თავად მისი რეგენტი გახდეს და ასე მაინც ჩაიგდოს ბრიტანეთში ხელში ძალაუფლება. იგი მიზანს ვერ აღწევს, თუმცა იმავდროულად ვიქტორიასა და მელბურნის ურთიერთობები ფუჭდება, რამეთუ დედოფალი იძულებულია გათხოვდეს, რათა მემკვიდრე გააჩინოს. ამ პერიოდში ლონდონს ვიქტორიას დედის ძმა, ბელგიის მეფე ლეოპოლდ I სტუმრობს და ვიქტორიას საქმროდ თავის ძმისწულს, პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელს სთავაზობს. ვიქტორია თავიდან უარს ამბობს ალბერტზე, მათი ურთიერთობაც ცუდად ეწყობა, მაგრამ შემდეგ წყვილი ერთმანეთს კარგად უგებს და ქორწინდება. პრობლემები იქმნება ალბერტის წოდებასა და პენსიასთან დაკავშირებითაც, თუმცა საბოლოოდ ვიქტორია გამოსავლის პოვნას ახერხებს.

ქორწინებიდან მალევე ვიქტორიას შიში უჩნდება, რომ თავისი ბიძაშვილის, პრინცესა შარლოტას მსგავსად არ დაასრულოს, რომელიც მშობიარობისას დაიღუპა ბავშვთან ერთად, ამიტომაც იგი ყველანაირად ცდილობს, რომ არ დაორსულდეს. იმავდროულად, ვიქტორია გადაწყვეტს დაეხმაროს თავის ბიძას, სასექსის ჰერცოგს, რომელიც ბედნიერ, თუმცა მორგანატიკულ ქორწინებაშია თავის საყვარელ ქალთან, რომელსაც არასამეფო ფესვების გამო საზოგადოება მის ცოლად არ აღიარებს. ამიტომაც ვიქტორია მის ცოლს ინვერნესის ჰერცოგინიის წოდებას ანიჭებს და ბიძასთან ერთად გადაჰყავს სამეფო კარზე.

მიუხედავად მცდელობისა, ვიქტორია ორსულდება და იგი შეშინებულია მოსალოდნელი მშობიარობით. ამას ისიც ერთვის, რომ ბიძამისი ჩადის ლონდონში ჰანოვერიდან, რომელიც იმედოვნებს, რომ ვიქტორია შარლოტას მსგავსად ბავშვთან ერთად დაიღუპება და ტახტს დაიკავებს. ამის მიუხედავად, ვიქტორია ჯანმრთელ გოგონას აჩენს, სახელად ვიქტორიას, რომელსაც შემდეგში პრინცესა ვიკის უწოდებენ.

მეორე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვის გაჩენის შემდეგ ვიქტორია აღმოაჩენს, რომ ქმარი და მინისტრები მისი პოლიტიკისაგან ჩამოცილებას ცდილობენ. ამის გამო იგი ტოვებს პოსტსამშობიარო პალატებს და პოლიტიკას უბრუნდება, რა დროსაც იგებს რომ ათასობით ბრიტანელი ჯარისკაცი ავღანებმა ქაბულთან ამოხოცეს. ამის პარალელურად იგი ცდილობს შეაჩეროს თავისი ბიძა, მეფე ლეოპოლდი, რომელიც უკვე გეგმავს პრინცესა ვიკის პრუსიაში გათხოვებას. იმავდროულად კი დედოფალი ვიქტორია ხალხში გადის და გადაწყვეტს ტრაფალგარის ბრძოლის უკვდავსაყოფად ძეგლი გახსნას, გახსნისას კი მის მოკვლას შეეცდებიან, რის შემდეგაც იწყება მისი და ალბერტის ისევ დაახლოვება.

ამასობაში დედოფალი ისევ ორსულდება და პრინც ედუარდს აჩენს, რომელსაც მეტსახელად ბერტის უწოდებენ. ამის პარალელურად კი ვიქტორია იგებს, რომ ლორდი მელბურნი კვდება, რის გამოც იგი მასთან მიემგზავრება, რათა დაემშვიდობოს. მისი ეს ქმედება ალბერტთან კონფლიქტს იწვევს, თუმცა მალევე ალბერტის მამა, ჰერცოგი ერნესტ I-იც იღუპება, რის გამოც პრინცი ალბერტი გერმანიაში მიემგზავრება მის დაკრძალვაზე დასასწრებად. აქ იგი ბიძის, მეფე ლეოპოლდისაგან სიმართლეს იგებს, რომ ალბერტის დედას და ლეოპოლდს რომანი ჰქონდათ ერნესტის ზურგსუკან და რომ ალბერტი სწორედ მისი შვილია და არა ერნესტის, რაც მათ ურთიერთობას სერიოზულად აზარალებს.

გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ალბერტი ვიქტორიასთან ერთად საფრანგეთში, სამეფო კარზე მიემგზავრება მეფე ლუი ფილიპ I-თან მოსალაპარაკებლად. საფრანგეთის მეფე გეგმავს თავისი ვაჟის, მონპენსიეს ჰერცოგის დაქორწინებას ესპანეთის დედოფალ ისაბელ II-ზე, რაც ბრიტანეთს არ აწყობს, ამიტომაც ვიქტორია ცდილობს ლუი ფილიპი გადაარწმუნოს. წარმატებული მოლაპარაკებებისა და ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ ვიქტორია იგებს, რომ საფრანგეთის პრინცი მაინც დაინიშნა ესპანეთის დედოფალზე. ამ დროს კი ვიქტორია კვლავ ორსულდება და ამავე სეზონში იგი პრინცესა ალისას აჩენს.

ბრიტანეთში დაბრუნებულ ვიქტორიას რთული ვითარება ხვდება. ირლანდიაში კარტოფილის მოსავალი მთლიანად გაფუჭდა და მილიონობით ირლანდიელი შიმშილობს. დედოფალი ცდილობს დაეხმაროს ირლანდიას, რომელიც ასევე მისი სამფლობელოების დაქვემდებარებაშია და პარლამენტი დახმარების გაგზავნაზე დაიხმაროს, თუმცა არ გამოსდის. ამავე პერიოდში ალბერტი იწყებს ლონდონში მოგზაურობას და აღმოაჩენს, რომ ხალხი უკიდურეს გაჭირვებასა და ანტისანიტარიაში ცხოვრობს. სულ მალე დედოფლის სამსახურს ტოვებს რამდენიმე ირლანდიელი მოახლე, რომლებიც ოჯახებთან ერთად ამერიკაში გადადიან საცხოვრებლად.

ამ ამბებიდან მალევე კიდევ ერთხელ სცადეს ვიქტორიას მოკვლა. ამის შემდეგ ვიქტორია და ალბერტი შოტლანდიაში მიემგზავრებიან სამოგზაუროდ, სადაც მათ პატივით იღებს ადგილობრივი პრემიერ-მინისტრის მდივანი, ედუარდ დრუმონდი, თუმცა მეფე-დედოფალი ჯირითისას იკარგებიან და ღამეს შოტლანდიელი გლეხების სახლში ათევენ. მათ მეორე დღესვე პოულობენ და სამეფო რეზიდენციაში აბრუნებენ. ლონდონში დაბრუნებიდან მალევე მათი უფროსი ქალიშვილი ავადდება ვიქტორიას და შემდეგ უკვე მისი შვილების აღმზრდელის, ბარონესა ლეჰზენის დაუდევრობის გამო. ვინაიდან ალბერტს მასთან არც ისე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ამას საბაბად იყენებს და დედოფალს ლეჰზენს სამსახურიდან ათავისუფლებს, რის შემდეგაც იგი გერმანიაში ბრუნდება. ამ ამბიდან მალევე უესტმინსტერის სააბატოში კვლავ სცადეს დედოფლის მოკვლა, თუმცა მის ნაცვლად ტყვია ედუარდ დრუმონდს ხვდება და იგი ადგილზევე იღუპება.

მესამე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესამე სეზონის დაწყებისას დედოფალ ვიქტორიას უკვე კიდევ ორი შვილი: პრინცი ალფრედი და პრინცესა ჰელენა ჰყავს გაჩენილი და მეექვსე ბავშვზეა ორსულად. ამ ყველაფერს ემთხვევა ის, რომ დგება 1848 წელი და ევროპას რევოლუციის ტალღა მოედო. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპი დაამხეს, ბელგიაშიც რევოლუცია იწყება და ბრიტანეთშიც მღელვარებაა. ვიქტორია იფარებს დამხობილ ფრანგ მონარქს, რასაც ბრიტანელებში უარყოფითი რეაქციები მოჰყვება. სულ მალევე ვიქტორიასთან აფარებს თავს მისი ნახევარ-დაც, პრინცესა ფეოდორა, რომელიც ბადენიდან რევოლუციონერებს ძლივს გაექცა. პარალელურად ლონდონში მეამბოხე ჩარტისტების მხრიდან წამოსული საფრთხე სულ უფრო იზრდება, რის გამოც ალბერტი ცოლ-შვილთან ერთად მიემგზავრება ოსბორნის სახლში, უაითის კუნძულზე. გამგზავრებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ჩარტისტები ბაკინგემის სასახლეს ალყას არტყამენ, სტრესის გამო კი დედოფალს მშობიარობა ეწყება და აჩენს პრინცესა ლუიზას, რომელსაც სახელს ალბერტის დედის პატივსაცემად არქმევს. მალევე ჩარტისტების ამბოხი იშლება და მათ უფლება ეძლევათ პარლამენტში თავიანთი მოთხოვნა შეიტანონ. სულ მალე კი ვიქტორია იგებს, რომ ლუი ფილიპი მის შვილებს საფრანგეთის ისტორიის გაკვეთილებს უტარებს და უყვება საფრანგეთის რევოლუციებზე და იმასაც ეუბნებათ, რომ თუ მათი დედა კარგად არ მართავს ქვეყანას მარი ანტუანეტივით დაასრულებს გილიოტინაზე. ამის გამო ვიქტორია ლუი ფილიპს სამეფო კარიდან აძევებს, თავად კი ოჯახთან ერთად ლონდონში ბრუნდება, რამეთუ ჩარტისტებისაგან საფრთხე აღარ იგრძნობოდა.

ამასობაში დედოფალი ვიქტორია აანალიზებს, რომ ბრიტანეთის არცერთი მონარქი არ ყოფილა ირლანდიაში შუა საუკუნეების შემდეგ, რის გამოც მინისტრ პალმერსტონთან ერთად ესტუმრება ირლანდიას, ბავშვებს კი ფეოდორასა და ალბერტთან ტოვებს. იგი აქ იგებს, რომ პალმერსტონსა და მის ცოლს ღია ქორწინება აქვთ. ლონდონში დაბრუნებული ვიქტორია აღმოაჩენს, რომ ფეოდორამ და ალბერტმა პრინცი ბერტი მკაცრ მასწავლებელს მიაბარეს, რომელიც მასზე ფიზიკურადაც კი ძალადობს, რის შემდეგაც იგი დაუყოვნებლივ დაითხოვს მას. ამის შემდეგ დედოფალი ალბერტს ახარებს, რომ იგი კვლავ ორსულადაა. სულ მალე მათი ბიძა, მეფე ლეოპოლდი კვლავ ჩადის ლონდონში, რათა მათი მეშვიდე შვილის, პრინცი არტურის დაბადებას დაესწროს. ამის შემდეგ უკვე იწყება ვიქტორიასა და ალბერტის გაუცხოება. მათი პირველი სერიოზული ჩხუბისას ალბერტი ვიქტორიას ეუბნება, რომ მასაც და ბერტისაც მათი პაპის, მეფე ჯორჯ III-ის ტემპერამენტი აქვთ. პარალელურად ფეოდორა ბალს აწყობს ჯორჯიანული ეპოქის სამოსებით. ბალზე დებს შორის არსებული უთანხმოებები გამოსვლას იწყებს და ფეოდორა მას უყვება, რომ დედამ იგი მის გამო მოიშორა თავიდან და იძულებით გაათხოვა გერმანიაში, სადაც იგი ღარიბულად ცხოვრობდა ალკოჰოლიკ ქმართან ერთად. ასევე უყვება, რომ მას დედოფლობის შანსი ჰქონდა, რადგან მეფე ჯორჯ IV-ს მისი ცოლად შერთვა უნდოდა, თუმცა დედამ იგი სასწრაფოდ გაათხოვა, რათა ვიქტორიას ტახტს საფრთხე არ შეჰქმნოდა ახალი მემკვიდრის გაჩენით. ამის შემდეგ ვიქტორია რწმუნდება, რომ ფეოდორას იგი სძულს, ალბერტს კი აღარ უყვარს.

იმავდროულად ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკაში მინისტრ პალმერსტონის მოქმედებების გამო პრობლემები იქმნება. დიდი ბრიტანეთი საბერძნეთთან ომის ზღვარზე დგას, თუმცა საბოლოოდ ახერხებენ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას. პარალელურად ლონდონში ფეოდორას ქალიშვილი, პრინცესა ადელჰაიდა ჩადის, რომელიც იმედოვნებს, რომ დედის წყალობით რომელიმე ევროპელ მონარქზე დაქორწინდება. მალევე პრინც ალბერტს მოსდის იდეა, რომ მოაწყოს დიდი კულტურული გამოფენა, რომელზეც მსოფლიოს ყველა კუთხიდან წამოღებული ხელოვნების ნიმუში იქნება წარმოდგენილი, თუმცა ეს გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, რადგან ამდენი ნივთის დასატევად მას უწევს სრულიად ახალი, მინისაგან აგებული შენობის დაპროექტება და შემდეგ აშენება, რაც იმ ეპოქაში მრავალ სირთულესთან იყო დაკავშირებული. მისი ეს ნაბიჯები კიდევ უფრო აშორებს ვიქტორიასაგან, რომელიც ალბერტის ამ წამოწყებას მხარს არ უჭერს. თუმცაღა, ყველაფრის მიუხედავად ვიქტორია და ალბერტი რიგდებიან და დედოფალი მის დახმარებას იწყებს.

უკანასკნელი სერია სწორედ ალბერტის დიდი გამოფენით იწყება. აქ ალბერტი ცდილობს, რომ ფეოდორას შვილის დაქორწინებაში დაეხმაროს და მისთვის პრუსიელ პრინცს არჩევს სასიძოდ, თუმცა ირკვევა, რომ ფარულად ფეოდორა ადელჰაიდასა და საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ III-ის დაქორწინებას გეგმავდა, რამაც მასა და ალბერტს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა. მას შემდეგ, რაც ფეოდორა ალბერტს ჩამოშორდა, ვიქტორიასა და ალბერტის ურთიერთობაც ძველებურად აღდგა, როგორც გაირკვა, სწორედ ის განაწყობდა მას დედოფლის წინააღმდეგ. მიუხედავად დიდი ჩხუბისა, დედოფალი დას უკანასკნელ შანსს აძლევს, რომ ურთიერთობა გამოასწორონ. სერიალი კი მთავრდება იმით, რომ ვიქტორია იატაკზე გონებადაკარგულ ალბერტს პოულობს და დახმარების თხოვნით ყვირილს იწყებს.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯენა კოლემანი, დედოფალ ვიქტორიას როლის შემსრულებელი
    დევიდ ოაკსი, პრინცი ერნესტის როლის შემსრულებელი
    ჯენა კოლემანიდედოფალი ვიქტორია[1];
  • ტომ ჰაგსი — პრინცი ალბერტი[2], ვიქტორიას ქმარი;
  • პიტერ ბოულსი — ართურ უელსლი, ველინგტონის ჰერცოგი;
  • კათრინ ფლემინგი — ვიქტორია , კენტის ჰერცოგინია[1], დედოფლის დედა;
  • დანიელა ჰოლცი — ბარონესა ლუიზა ლეჰზენი[2], დედოფლის აღმზრდელი;
  • ნელ ჰუდსონი — ნენსი სკერეტი[3], დედოფლის მოახლე;
  • ფერდინანდ კინგსლი — მისტერ ფრანკატელი[4], დედოფლის მთავარი მზარეული;
  • ნიგელ ლინდსი — სირ რობერტ პილი[2];
  • ევა მილსი — მისის ჯენკინსი[5];
  • დევიდ ოაკსი — პრინცი ერნესტი, დედოფლის მაზლი;
  • პოლ რაისი — სირ ჯონ კონროი[1];
  • ადრიან შილერი — მისტერ პენჯი[3], დედოფლის მსახური;
  • პიტერ ფირტი — ერნესტ ავგუსტი[1], ჰანოვერის მეფე, ვიქტორიას ბიძა;
  • ნიკოლ მაკოლიფი — ფრედერიკა , ჰანოვერის დედოფალი[2], ვიქტორიას ბიცოლა;
  • ალექს ჯენინგსი — ლეოპოლდ I, ბელგიის მეფე, ვიქტორიას ბიძა;
  • რუფუს სეუელი — ლორდი მელბურნი[1], დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი;
  • მარგარეტ კლუნი — ჰარიეტი, სათერლენდის ჰერცოგინია, ვიქტორიას ახლო მეგობარი;
  • ჯორდან უოლტერი — ლორდი ალფრედ პეჯეტი;
  • ანა უილსონ-ჯონსი — ლედი ემა პორტმანი;
  • დიანა რიგი — შარლოტა, ბაკლეჩის ჰერცოგინია, ვიქტორიას სეფექალი;
  • საბრინა ბარლეტი — აბიგაილ ტურნერი;
  • კეიტ ფლიტვუდი — ფეოდორა, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა, ვიქტორიას ნახევარ-და;
  • ვინსენტ რეგანი — ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე;
  • ჯონ სესიონი — ლორდი ჯონ რასელი;
  • ლორენს ფოქსი — ლორდი პალმერსტონი;
  • პანდორა კლიფორდი — ლედი პალმერსტონი;
  • დევიდ ბამბერი — ავგუსტ ფრედერიკი, სასექსის ჰერცოგი, დედოფლის ბიძა;
  • დანიელ დონსკოი — დიდი მთავარი ალექსანდრე რომანოვი;
  • ჰეილი ვუდჰოლი (ჩვილობაში) და ლუიზა ბეი (ბავშვობაში) — პრინცესა ვიკი, ვიქტორიას და ალბერტის უფროსი შვილი;
  • მაკ ჯექსონი (ჩვილობაში) და ლორი შეფარდი (ბავშვობაში) — პრინცი ბერტი, ვიქტორიას და ალბერტის უფროსი ვაჟი;

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 "Rufus Sewell to join Jenna Coleman in major new ITV drama Victoria". ITV Press Centre. ITV. 21 October 2015.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 "Tom Hughes to star as Prince Albert in major new ITV drama Victoria". ITV Press Centre. ITV. 14 December 2015.
  3. 3.0 3.1 Tartaglione, Nancy (21 October 2015). "Rufus Sewell Joins ITV's 'Victoria' As Period Drama Adds More Cast". Deadline Hollywood. Penske Business Media, LLC. Retrieved 29 August 2016.
  4. "It was impossible to turn down Victoria, says Jenna Coleman". The Indian Express. PTI. 14 August 2016. Retrieved 29 August 2016.
  5. Leane, Rob (22 October 2015). "Victoria: first pic of Jenna Coleman, Eve Myles joins cast" დაარქივებული 2019-07-25 საიტზე Wayback Machine. . Den of Geek. Dennis Publishing Limited.