ვიქტორია ჰესენ-დარმშტადტელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვიქტორია ჰესენ-დარმშტადტელი
Princess Victoria of Hesse and by Rhine.jpg
სრული სახელი
ვიქტორია ალბერტა ელიზაბეთ მატილდა მარია
წოდებები
ბატენბერგის პრინცესა
მილფორდ-ჰევენის მარკიზა
დაიბადა 5 აპრილი, 1863
უინძორი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გარდაიცვალა 24 სექტემბერი, 1950, (87 წლის)
ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
საგვარეულო ჰესენ-დარმშტადტი
მეუღლე(ები) ლუდვიგ ბატენბერგელი
(ქ. 1884 - გარდ. 1921)
შვილ(ებ)ი ალისა, საბერძნეთის პრინცესა
ლუიზა, შვედეთის დედოფალი
ჯორჯი, მილფორდ-ჰევენის მარკიზი
ლუი, ბირმის ერლ-მაუნტბატენი
მამა ლუდვიგ IV, ჰესენის დიდი ჰერცოგი
დედა ალისა ბრიტანელი
რელიგია ლუთერანობა

პრინცესა ვიქტორია ალბერტა ელიზაბეთ მატილდა მარია ჰესენ-დარმშტადტელი (გერმ. Prinzessin Viktoria Alberta Elisabeth Mathilde Marie von Hessen-Darmstadt), შემდეგში ვიქტორია მაუნტბატენი (ინგლ. Victoria Mountbatten; დ. 5 აპრილი, 1863, უინძორი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო ― გ. 24 სექტემბერი, 1950, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) ― გერმანელი პრინცესა, ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ IV-ისა და პრინცესა ალისა ბრიტანელის უფროსი ასული. დედოფალ ვიქტორიას შვილიშვილი, რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას და, იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ცოლისდა, შვედეთის დედოფალ ლუიზა მაუნტბატენის დედა და დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს ბებია.

იგი ბატენბერგის მთავარ ლუდვიგის მეუღლე იყო, თუმცა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ჯორჯ V-ის მხარეს გადავიდა, რის გამოც დაკარგა გერმანული წოდებები და გახდა ვიქტორია მაუნტბატენი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინცესა ალისას ქალიშვილები, მარცხნიდან მარჯვნივ: ირენე, ვიქტორია, ელიზაბეთი და ალიქსი.

პრინცესა ვიქტორია დაიბადა 1863 წლის 5 აპრილს უინძორის სასახლეში. იგი იყო ჰესენის კრონპრინც ლუდვიგისა და მისი მეუღლის, პრინცესა ალისა ბრიტანელის პირველი შვილი. მას სახელი ბებიის, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად დაარქვეს. 27 აპრილს უკვე ლუთერანად მონათლეს, ნათლიები კი იყვნენ: დედოფალი ვიქტორია (ბებიამისი), პრინცესა მერი ადელაიდა კემბრიჯელი (ბებიამისის ბიძაშვილი), ჰესენის დიდი ჰერცოგი ლუდვიგ III (მამამისის ბიძა), უელსის პრინცი ედუარდი (ბიძამისი, შემდეგში ედუარდ VII) და პრინცი ჰაინრიხ ჰესენელი.

დაბადებიდან მალევე მისი ოჯახი საცხოვრებლად ჰესენის დედაქალაქ დარმშტადტში გადავიდა, სადაც დაიბადნენ მისი დანარჩენი და-ძმები. 1866 წელს დაწყებული ავსტრია-პრუსიის ომის დროს, მათი უსაფრთხოებისათვის ვიქტორია და მისი და, პრინცესა ელიზაბეთი ბრიტანეთში გააგზავნეს. უკვე 1870 წელს დაწყებულ საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს კი დედას ეხმარებოდა ხოლმე ჯარისკაცებისათვის ცხელი საჭმელების მომზადებაში. ცნობილია, რომ ერთხელ მას ცხელი სუპი გადაესხა და მხარი დაიწვა.

1877 წელს მამამისი ჰესენის დიდი ჰერცოგი ხდება ლუდვიგ IV-ის სახელით. ამ ამბიდან მალევე, 1878 წელს ვიქტორიას დედა, პრინცესა ალისა და ასევე მისი და, პრინცესა მარია, დიპტერიით გარდაიცვალნენ. შემდეგში ვიქტორია ამასთან დაკავშირებით წერდა: „ჩემი ბავშვობა მის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა, რადგან მე გავხდი ყველაზე უფროსი და ყველაზე პასუხისმგებლიანი“.

პრინცესა ვიქტორია ახალგაზრდობაში

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1884 წლის 30 აპრილს დარმშტადტში ვიქტორია დააქორწინეს მის ბიძაშვილზე, პრინც ლუდვიგ ბატენბერგელზე. ვინაიდან ლუდვიგი დიდად მდიდარი არ იყო და არც კარგი წოდება ჰქონია, ვიქტორიას მამამ მათი ქორწინება არ დალოცა. ამის გამო წყვილი ბრიტანეთის სამეფო კარზე გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიბადა მათი პირველი შვილიც, რომელსაც სახელი ვიქტორიას დედის პატივსაცემად დაარქვეს. ვიქტორიასა და მამამისს შორის განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა, რაც მან მეორედ იქორწინა პოლონელ გრაფინიაზე, თუმცა მალევე ევროპელი მონარქების ზეწოლით იგი მას გაეყარა.

ლუდვიგსა და ვიქტორიას სახლები ჰქონდათ სასექსში, ჩიჩესტერში, იუგენჰაიმში, შლოს-ჰაილიგენბერგსა და უოლტონ-ონ-თეიმზში. ასევე იგი ზამთრობით ხშირად დადიოდა მალტაზე. პრინცესა ვიქტორია ლონდონში დაესწრო ბებიამისის, დედოფალ ვიქტორიას ოქროს იუბილესაც. ცნობილია, რომ მას ძალიან უყვარდა კითხვა და მას დიდ დროსაც უთმობდა. პრინცესა ვიქტორია ათ წლამდე თავად აძლევდა საკუთარ შვილებს განათლებას,რის გამოც 1968 წელს მას მისმა ვაჟმა ლუიმ „მოსიარულე ენციკლოპედია“ უწოდა.

1914 წლამდე ვიქტორია რეგულარულად სტუმრობდა თავის და-ძმებს გერმანიასა და რუსეთში, იგი დაესწრო თავისი ნაბოლარა დის, პრინცესა ალიქსის (შემდეგში იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას) და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ქორწინებასაც. თუმცაღა, რასპუტინისა და 1914 წელს დაწყებული პირველი მსოფლიო ომის გავლენით ვიქტორია ჩამოსცილდა თავის რუსეთსა და გერმანიაში მყოფ ოჯახის წევრებს. ომამდე ცოტა ხნით ადრე, ვიქტორია თავის ქალიშვილ ლუიზასთან ერთად ეწვია თავის დას, იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას ეკატერინბურგში, შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგიდან ჩავიდა ფინეთს ქალაქ ტორნიოში, იქიდან მატარებლით შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, საბოლოოდ კი ნორვეგიის ქალაქ ბერგიდან გაცურა ბრიტანეთისაკენ.

ვიქტორია 1937 წელს, შესრულებულია ფილიპ დე ლაშლოს მიერ

პირველი მსოფლიო ომის პირობებში მეფე ჯორჯ V-მ 1917 წელს თავისი საქსენ-კობურგ-გოთას დინასტია უინძრებისად გადააკეთა და საკუთარი ოჯახის წევრებს, მათ შორის ვიქტორიასაც, ჩამოართვათ გერმანული წოდებები და სანაცვლოდ ბრიტანულები მისცათ. ასე გახდა იგი ბატენბერგის პრინცესიდან მილფორდ-ჰევენის მარკიზა.

ქვრივობა და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლის 11 სექტემბერს პრინცი ლუდვიგ ბატენბერგელი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაქვრივებული ვიქტორია კენსინგტონის სასახლეში გადავიდა. ამ პერიოდში მისი უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ალისა, შიზოფრენიით იტანჯებოდა, რის გამოც მის ვაჟის, პრინცი ფილიპეს აღზრდა-განათლებაზე პასუხისმგებლობა ვიქტორიამ აიღო.

უკვე 1931 წელს ვიქტორიას შვილიშვილი, პრინცესა სესილია ბერძენი ცოლად ვიქტორიას ძმისწულს, ჰესენის დიდ ჰერცოგ გეორგ დონატუსს გაჰყვა. 1937 წელს 26 წლის, ორსულად მყოფი პრინცესა სესილია და მისი ორი მცირეწლოვანი ვაჟი აეროკატასტროფის შედეგად ბავშვით მუცელში დაიღუპა, რამაც საშინლად იმოქმედა მთელს სამეფო ოჯახზე, მათ შორის უკვე ხანში შესულ ვიქტორიაზეც. სესილიას ერთადერთი დარჩენილი ქალიშვილი, პრინცესა იოჰანა, 1939 წელს მენინგიტით გარდაიცვალა.

ვიქტორიას დიდი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ დაიწყო მეორე მსოფლიო ომიც. ეს პერიოდი მან მეფე ჯორჯ VI-თან ერთად უსაფრთხოდ გაატარა უინძორის სასახლეში. ვიქტორიას შუამავლობით მეფე ჯორჯმა მისი ვაჟი, პრინცი ლუი ინდოეთის მეფისნაცვლად დანიშნა. ასევე მისი შუამდგომლობით, უკვე 1947 წელს მისმა შვილიშვილმა, პრინცმა ფილიპემ ცოლად ჯორჯ VI-ის უფროსი ქალიშვილი და ტახტის მემკვიდრე, პრინცესა ელისაბედი შეირთო.

პრინცესა ვიქტორია საბოლოოდ 1950 წლის 24 სექტემბერს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონში, კენსინგტონის სასახლეში. დაკრძალეს 28 სექტემბერს უაითის კუნძულზე მდებარე წმინდა მილდრედის ეკლესიაში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ალისა 1885 Alice of -Battenberg.jpg 25 თებერვალი, 1885

უინძორი, ინგლისი

5 დეკემბერი, 1969

ლონდონი, ინგლისი

(84 წლის)

ცოლად გაჰყვა საბერძნეთისა და დანიის პრინც ანდრეასს, მეფე გეორგიოს I-ის ძეს,

რომელთანაც შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე,

ედინბურგის ჰერცოგი ფილიპე.

ლუიზა Drottlouise.jpg 13 ივლისი, 1889

იუგენჰაიმი, გერმანია

7 მარტი, 1965

სტოკჰოლმი, შვედეთი

(75 წლის)

ცოლად გაჰყვა შვედეთის დაქვრივებულ მეფე გუსტავ VI ადოლფს, რომელთანაც

შვილები არ ჰყოლია, თუმცა გახდა მისი შვილების, მათ შორის დანიის დედოფალ

ინგრიდისა და შვედეთის მომდევნო მეფის მამის, კრონპრინც გუსტავ ადოლფის

დედინაცვალი და აღმზრდელი.

ჯორჯი George Battenberg 2nd MH.png 6 დეკემბერი, 1892

დარმშტადტი, გერმანია

8 აპრილი, 1938

ლონდონი, ინგლისი

(45 წლის)

მილფორდ-ჰევენის მარკიზი და მედინას ერლი. ცოლად შეირთო გრაფინია ნადეჟდა

მიხაილოვნა დე ტორბი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი, მათ შორის მომავალი

მარკიზი დევიდ მაუნტბატენი.

ლუი Lord Mountbatten Navy Allan Warren.jpg 25 ივნისი, 1900

უინძორი, ინგლისი

27 აგვისტო, 1979

მალაგმორი, ირლანდია

(79 წლის)

ინდოეთის მეფისნაცვალი და ბირმის ერლ-მაუნტბატენი, ლორდთა პალატის წევრი.

ცოლად შეირთო ედვინა ეშლი, რომელთანაც შეეძინა ორი ქალიშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Massie, Robert K. (1995). The Romanovs: The Final Chapter. New York: Ballantine Books. ISBN 978-0-345-40640-8.
  • Miller, Ilana D. (2011). The Four Graces: Queen Victoria's Hessian Granddaughters. East Richmond Heights, California: Kensington House Books. ISBN 978-0-9771961-9-7. A "sisters" biography of the four surviving daughters of Princess Alice, Grand Duchess of Hesse and by Rhine, told from the point of view of Princess Victoria.
  • Weir, Alison (1996). Britain's Royal Families: The Complete Genealogy (Revised ed.). London: Pimlico. pp. 305–307. ISBN 0-7126-7448-9.
  • Ziegler, Philip (2004). "Mountbatten, Louis Francis Albert Victor Nicholas, first Earl Mountbatten of Burma". In Matthew, H. C. G.; Harrison, Brian (eds.). Oxford Dictionary of National Biography. Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/31480. ISBN 978-0-19-861411-1.
  • Victoria; edited by Hough, Richard (1975). Advice to a grand-daughter: letters from Queen Victoria to Princess Victoria of Hesse. London: Heinemann. ISBN 0-434-34861-9.
  • Ziegler, Philip (2004). "Alice, Princess [Princess Alice of Battenberg; married name Princess Andrew of Greece]". In Matthew, H. C. G.; Harrison, Brian (eds.). Oxford Dictionary of National Biography. Oxford Dictionary of National Biography (online ed.). Oxford University Press. doi:10.1093/ref:odnb/66337. ISBN 978-0-19-861411-1.
  • Vickers, Hugo (2000). Alice, Princess Andrew of Greece. London: Hamish Hamilton. p. 113. ISBN 0-241-13686-5.
  • Terraine, John; Foreword by Lord Mountbatten (1980). The Life and Times of Lord Mountbatten. London: Arrow Books Ltd. p. 6. ISBN 0-09-922630-8.