ვიქტორია საქსენ-კობურგ-გოთელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორია საქსენ-კობურგ-გოთელი
სრული სახელი
ვიქტორია ფრანცისკა ანტონია იულიანა ლუიზა
წოდებები
ნემურის ჰერცოგინია
დაიბადა 14 თებერვალი, 1822
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 10 ნოემბერი, 1857, (35 წლის)
სარი, დიდი ბრიტანეთი
საგვარეულო საქსენ-კობურგ-გოთელები
მეუღლე(ები) ლუი, ნემურის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი გასტონი, ბრაზილიის კონსორტი
ფერდინანდი, ალანსონის ჰერცოგი
მარგარიტა, პრინცესა ჩარტორისკა
ბლანში
მამა ფერდინანდ საქსენ-კობურგ-გოთელი
დედა მარია ანტონია კოჰარი
რელიგია კათოლიციზმი

ვიქტორია საქსენ-კობურგ-გოთელი (გერმ. Viktoria von Sachsen-Coburg und Gotha, ფრანგ. Victoire de Saxe-Cobourg-Gotha; დ. 14 თებერვალი, 1822, ვენა, ავსტრიის იმპერია — გ. 10 ნოემბერი, 1857, სარი, დიდი ბრიტანეთის სამეფო) — საქსენ-კობურგისა და გოთას დინასტიის წარმომადგენელი. დედოფალ ვიქტორიას ბიძაშვილი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის ძის, ნემურის ჰერცოგ ლუი ორლეანელის ერთადერთი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია დაიბადა 1822 წლის 14 თებერვალს ვენაში. იგი იყო პრინც ფერდინანდ საქსენ-კობურგ-გოთელისა და მისი ცოლის, პრინცესა მარია ანტონია კოჰარის ასული. მამის მხრიდან იგი იყო ბელგიის მეფე ლეოპოლდ I-ის ძმისწული და დედოფალ ვიქტორიას, პორტუგალიის მეფე ფერნანდუ II-ის, პრინცი ალბერტის, ლეოპოლდ II-ისა და მექსიკის იმპერატრიცა შარლოტას ღვიძლი ბიძაშვილი. დედამისის მამა 1826 წელს გარდაიცვალა, რის გამოც, მზითვის სახით კოჰარების უზარმაზარი ქონება ვიქტორიას მამას დარჩა. ეს ქონება მოიცავდა საკმაოდ დიდ მამულებს, სასახლეებსა და ციხესიმაგრეებს უნგრეთსა და სლოვაკეთში.

1840 წლის 27 აპრილს შატო დე სენ-კლოდში პრინცესა ვიქტორია დააქორწინეს საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ისა და დედოფალ მარია ამალია ნეაპოლელის შუათანა ვაჟზე, ნემურის ჰერცოგ ლუი ორლეანელზე. ვიქტორიას საფრანგეთში ცხოვრება მაინცდამაინც დიდ ხანს არ გაგრძელებულა, რამეთუ 1848 წელს მისი მამამთილის მმართველობა დაამხეს, ამიტომაც ორლეანელების ოჯახმა თავი ვიქტორიას ბიძაშვილს, დედოფალ ვიქტორიას შეაფარა დიდ ბრიტანეთში. ლუი და ვიქტორია აქ სარის საგრაფოში, კლერმონის სახლში დააბინავეს, სადაც გაატარა მან თავისი დარჩენილი ცხოვრება.

ცნობილია, რომ პრინცესა ვიქტორია საკმაოდ ახლოს იყო დედოფალთან, რომელიც მას ხშირად იწვევდა თავისთან, ბაკინგემის სამეფო სასახლეში. პრინცესა ვიქტორია 1857 წლის 10 ნოემბერს კლერმონის სახლში, სარის საგრაფოში 35 წლის ასაკში გადაჰყვა მეოთხე მშობიარობას. მან ჯანმრთელი გოგონა გააჩინა, რომელსაც ბლანში დაარქვეს. ამის შემდეგ მისი ქმარი აღარ დაქორწინებულა. მოგვიანებით, 1979 წელს ვიქტორიას ნეშტი გადაასვენეს საფრანგეთში და იქ ორლეანელთა საგვარეულო აკლდამაში დაკრძალეს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გასტონი (1842-1922), ოს გრაფი, ცოლად შეირთო ბრაზილიის იმპერატორ პედრუ II-ის უფროსი ქალიშვილი, პრინცესა იზაბელა ბრაზილიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები და რომელთან ერთადაც დააარსა ორლეან-ბრაგანსის დინასტია;
  • ფერდინანდი (1844-1910), ალანსონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ავსტრია-უნგრეთის იმპერატრიცა ელისაბედ ბავარიელის და, პრინცესა სოფია შარლოტა ბავარიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  • მარგარიტა (1846-1893), ცოლად გაჰყვა პრინც ვლადისლავ ჩარტორისკას, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა.
  • ბლანში (1857-1932), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • René Bazin: Le Duc de Nemours. Paul Thureau-Dangin, Histoire de la monarchie de France, 1907.
  • Ralph Braun: In Zwanzig Jahre internationale Coburger Johann Strauss Begegnungen. Coburg 2007, S. 28
  • Thomas Raikes: A portion of the journal kept by Thomas Raikes, esq., from 1831 to 1847. Longman, Brown, Green, Longmans and Roberts, 1858, S. 202
  • Wolfgang Menzel: Die letzten 120 Jahre der Weltgeschichte. (1740–1860). Adolph Krabbe, 1860, S. 158.