ვიქტორია პრუსიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორია პრუსიელი
დაბადების სახელი პრინცესა ვიქტორია ლუიზა პრუსიელი
დაბადების თარიღი 13 სექტემბერი, 1892
პოტსდამი, გერმანიის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 11 დეკემბერი, 1980 (88 წლის)
ჰანოვერი, გერმანია
ეროვნება გერმანელი
მეუღლე(ები) ერნესტ აუგუსტუსი
შვილ(ებ)ი 5
მშობლები მამა: ვილჰელმ II
დედა: აუგუსტა ვიქტორია შლეზვიგ-ჰოლშტაინელი

ვიქტორია ლუიზა ადელაიდა მატილდა ჩარლოტა პრუსიელი (გერმანული: Viktoria Luise Adelheid Mathilde Charlotte; დ. 13 სექტემბერი, 1892 - გ. 11 დეკემბერი, 1980) — გერმანიის იმპერატორის, ვილჰელმ II-ისა და შლეზვიგ-ჰოლშტაინელის ერთადერთი ქალიშვილი. დედოფალი ვიქტორიას შვილიშვილი.

1913 წელს დაქორწინდა პრინც ერნესტ აუგუსტ ჰანოვერზე და გახდა ბრუნსვიკის ჰერცოგინია. იყო სოფია ბერძენის და კონსტანტინოს II-ის ბებია.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ლუიზა 1902 წელს, 10 წლის ასაკში

პრინცესა ვიქტორია ლუიზა დაიბადა 1892 წლის 13 სექტემბერს, იყო გერმანიის იმპერატორის ვილჰელმ II-ისა და იმპერატრიცა ავგუსტა ვიქტორიას მეშვიდე შვილი და ერთადერთი ქალიშვილი. „ექვსი ვაჟის შემდეგ ღმერთმა მოგვცა ჩვენ მეშვიდე შვილი, პატარა, მაგრამ ძალიან ძლიერი პატარა ქალიშვილი“, - წერს იმპერატრიცა თავის დღიურში შვილის დაბადებიდან მალევე. [1] ახალგაზრდა პრინცესა მონათლეს 22 ოქტომბერს, [1] და დაარქვეს მისი პაპის ბებიის, დედოფალი ვიქტორიას და მისი დიდი ბებიის, ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელის სახელი. [2] ოფიციალურად ცნობილია როგორც ვიქტორია ლუიზა, მას ოჯახის წევრებმა მეტსახელად „სისი“ შეარქვეს. [1]

ვიქტორია ლუიზა და ერნესტ ავგუსტუსი, ბრუნსვიკის ჰერცოგი (1918 წლამდე)

ისტორიკოსი ჯასტინ ვოვკი წერს, რომ ვიქტორია ბებიის, იმპერატრიცა ფრედერიკსავით ინტელექტუალური იყო, დედასავით დიდებული და ღირსეული, მაგრამ მამასავით ქედმაღალი და მიზანდასახული. მას სიამოვნებდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, [1] იყო მამის ფავორიტი. [3] [4] მისი უფროსი ძმის, პრინც ვილჰელმის თქმით, ვიქტორია ლუიზა იყო „ერთადერთი ჩვენს შორის, რომელმაც ბავშვობაში მოახერხა მყუდრო ადგილის მოპოვება“ მათი მამის გულში. [1] 1902 წელს, მისმა ინგლისელმა გუვერნანტმა, ენ ტოფჰემმა, პირველ შეხვედრაზე შენიშნა, რომ ცხრა წლის პრინცესა იყო მეგობრული, ენერგიული, თუმცა ის ყოველთვის ჩხუბობდა თავის უფროს ძმასთან, პრინც იოახიმთან. [5]

ცხოვრობდნენ ჰომბურგის ციხესიმაგრეში. [5] 1905 წელს მუსიკას სწავლობდა პიანისტთან სანდრა დროკერთან. 1911 წლის მაისში ერთი კვირის განმავლობაში, ვიქტორია ლუიზამ მშობლებთან ერთად იმოგზაურა ინგლისში, სადაც ისინი ეწვივნენ ბიძაშვილს ჯორჯ V-ს, ბაკინგემის სასახლეში. [6]

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინში ყოფნისას ერნესტ ავგუსტუსმა გაიცნო ვიქტორია ლუიზა და ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ. [1] თუმცა, პოლიტიკის გამო ქორწინებაზე საუბარი თვეებით გაჭინაურდა; [1] ერნესტ ავგუსტუსი ასევე იყო ჰანოვერის სამეფოს მემკვიდრე, რომელიც ანექსირებული იყო პრუსიის სამეფოს მიერ, 1866 წლის ავსტრო-პრუსიის ომის შემდეგ.

ერნესტი და ვიქტორია დაინიშნენ კარლსრუეში 1913 წლის 11 თებერვალს. [7] მათი ქორწილი, შედგა 1913 წლის 24 მაისს ბერლინში. პრესაში აღნიშნული მოვლენა გამოაცხადეს როგორც ჰანოვერის დინასტიასა და ჰოჰენცოლერნებს შორის განხეთქილების დასასრულად. [8] The Times-მა მათი ურთიერთობა რომეოსა და ჯულიეტას შეადარა, რომელიც უფრო ბედნიერად დასრულდა. [9] ისტორიკოსი ევა გილოი თვლის, რომ ქორწინება შედეგი იყო პრუსიის სურვილისა დაესრულებინა ავსტრიასა და პრუსიას შორის არსებული განხეთქილება. [10]

დიპლომატიური ჟესტით ვილჰელმ II-მ მთელი ოჯახი მიიწვია თავის სახლში. [1] ასევე ორი დაპატიმრებული ბრიტანელი ჯაშუში, კაპიტანი სტიუარტი და კაპიტანი თენჩი, შეიწყალეს და გაათავისუფლეს. [11] ქორწილი გახდა გერმანიაში მმართველი მონარქების ყველაზე დიდი შეკრება გერმანიის გაერთიანების შემდეგ და ევროპული სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ბოლო დიდი სოციალური მოვლენა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე. [1] ქორწილს ესწრებოდნენ ვილჰელმის ბიძაშვილები ჯორჯ V და ნიკოლოზ II. ქორწილში სულ 1200 ადამიანი იყო დაპატიჟებული. [1]

ბავშვები და ორსულობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიქტორია ლუიზა, 1918 წელს

ბრუნსვიკის ახალი ჰერცოგი და ჰერცოგინია საცხოვრებლად ბრუნსვიკის სასახლეში გადავიდნენ, მათ ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ გაუჩნდათ ვაჟი, პრინც ერნესტ ავგუსტუსი. [1] მათ მოგვიანებით შეეძინათ კიდევ ოთხი შვილი: პრინცი ჯორჯ უილიამი (დ. 1915), პრინცესა ფრედერიკა (დ. 1917), პრინცი ქრისტიან ოსკარი (დ. 1919) და პრინცი უელფ ჰენრი (დ. 1923).

1918 წლის 8 ნოემბერს მისი ქმარი იძულებული გახდა დაეტოვებინა ტახტი გერმანიის სხვა მეფეებთან, დიდ ჰერცოგებთან და მთავრებთან ერთად, ხოლო ბრუნსვიკის საჰერცოგო შემდგომში გაუქმდა.

მომდევნო ოცდაათი წლის განმავლობაში ერნესტ ავგუსტუსი იყო ჰანოვერის სახლის მეთაური, თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ძირითადად ბლანკენბურგის ციხესიმაგრეში და კუმბერლენდის ციხეში. ის ასევე ფლობდა მარიენბურგის ციხეს ჰანოვერის მახლობლად; თუმცა, 1945 წლამდე იქ იშვიათად ჩადიოდნენ.

მოგვიანებით ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვიქტორია ლუიზა თავისი დროის უმეტეს ნაწილს საჯარო ღონისძიებებს უთმობდა, მხარს უჭერდა მაღალი წრის საზოგადოების შეხვედრებს და ფილანტროპულ ღონისძიებებს. მისი მეუღლე გარდაიცვალა 1953 წლის 30 იანვარს.

1965 წელს მან გამოაქვეყნა თავისი ავტობიოგრაფია „ცხოვრება როგორც იმპერატორის ქალიშვილი“ და შემდეგ გამოსცა რამდენიმე სხვა წიგნი, მათ შორის დედისა და მისი რძლის სესილიას, გერმანიის პრინცესას ბიოგრაფიები.

დაკრძალულია ქმრის გვერდით სამეფო მავზოლეუმის წინ, ბერგგარტენში, ჰერენჰაუზენის ბაღებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Vovk 2012.
  2. Pakula 1997.
  3. Clay 2007.
  4. Cecil 1996.
  5. 5.0 5.1 Topham 1915.
  6. MacDonogh 2000.
  7. Viktoria Luise 1977.
  8. Riotte 2011.
  9. Riotte 2008.
  10. Giloi 2011.
  11. Emmerson 2013