ვიტორიო ორლანდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვიტორიო ორლანდო (დ. 19 მაისი, 1860, პალერმო — გ. 1 დეკემბერი, 1952, რომი) — იტალიელი პოლიტიკოსი. იტალიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი. იტალიის ლიბერალური პარტიის ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იურიდიული განათლება პალერმოს უნივერსიტეტში მიიღო. ადრეული ასაკიდან ჩაერთო პოლიტიკაში. 1897 წელს აირჩიეს იტალიის პარლამენტის წევრად. სხვადასხვა წლებში იყო იტალიის ლიბერალური მთავრობის წევრი, იკავებდა განათლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტებს. 1915 წელს ლონდონის პაქტის შემდეგ, იტალია პირველი მსოფლიო ომიში ჩაება ანტანტის მხარეს. 1917 წელს როდესაც იტალიის არმიამ სამხედრო კატასტროფა განიცადა ავსტრია-უნგრეთთან, ლიბერალი პრემიერ-მინისტრი პაოლო ბოსელი პოსტზე ვიტორიო ორლანდომ შეცვალა. საბოლოოდ მოკავშირეებთან ერთად იტალიამ მსოფლიო ომში გაიმარჯვა, ხოლო ორლანდოს ზედმეტ სახელად „გამარჯვების პრემიერი“ შეარქვეს. იტალიამ, მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში ნომინალური გამარჯვება მოიპოვა მოკავშირეებთან ერთად, რეალურად ომის შედეგებით, პოლიტიკურ-ეკონომიკური ნადავლის გაყოფისას ყველაზე ნაკლები სარგებელი ნახა. პრემიერმა ორლანდომ 1919 წელს მოკავშირეთა ლიდერებთან, ლოიდ ჯორჯთან, კლემანსოსა და უილსონთან, ერთად გახსნა პარიზის სამშვიდობო მოლაპარაკებები.

ორლანდო ცდილობდა მანდატის მიღებას ადრიატიკისა და ხმელთაშუა ზღვაზე, თუმცა უშედეგოდ. 1919 წლის დასაწყისში, მაშინ როდესაც ბრიტანეთს ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილი ჰქონდა ამიერკავკასიის დატოვება, პრემიერ-მინისტრმა, ლოიდ ჯორჯმა, ამიერკავკასიის მანდატი იტალიას შესთავაზა. იტალიისათვის ამიერკავკასია მიმზიდველი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგის გამო. გარდა ამისა, მისთვის ორნალდო ვიტორიო სხვა ალტერნატივა ახალ სივრცეზე მანდატის მოპოვებისა არ ჩანდა. მიუხედავად ბრიტანეთისა და იტალიის მთავრობის წევრების წინააღმდეგობისა, პრემიერ-მინისტრების დონეზე ამიერკავკასიის მანდატის იტალიაზე მინიჭების საკითხი თითქმის გადაწყდა. საბოლოოდ იტალიის სამხედრო ძალების მეთაურმა, გენერალმა დიასმა, კავკასიის შესასწავლად 18-კაციანი ექსპედიცია გამოგზავნა პოლკოვნიკ გაბბას მეთაურობით. ექსპედიციის მისიის დასრულების შემდეგ გაბბა მხარს უჭერდა იტალიის მხრიდან კავკასიაზე მანდატის აღებას. ეს ფაქტორი აძლიერებდა ორლანდოს და უფრო მყარად იცავდა მანდატის აღების აუცილებლობის პოზიციას. თუმცა, ეკონომიკური კრიზისის გამო, 1919 წლის ივნისში პარლამენტმა ორლანდოს მთავრობა გადააყენა.

ახალ პრემიერ-მინისტრად ნიტი აირჩიეს, რომელმაც უარი თქვა კავკასიაზე სამხედრო-პოლიტიკური მანდატის აღებაზე და მხოლოდ ეკონომიკური საკითხებით დაინტერესდა. 1919 წლის დეკემბერში იტალიის პარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს. იტალიის ხელისუფლებაში ბენიტო მუსოლინის მოსვლის შემდეგ მხარს უჭერდა მის პოლიტიკას, 1925 წლიდან პოლიტიკურ აქტივობას თავი დაანება. 30-იან წლებში გახდა ნაციონალისტი. მხარს უჭერდა მუსოლინის მარშს ეთიოპიაში. 1944 წლიდან დაბრუნდა პოლიტიკაში. გახდა ეროვნულ დემოკრატიული კავშირის, აირჩიეს პარლამენტის, საკონსტიტუციო ანსამბლეისა და სენატის წევრად (სიცოცხლის ბოლომდე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 308-309, თბ., 2018 წელი.