ვისოკოვოს ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვისოკოვოს ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი
ვისოკოვოს ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი — რუსეთი
ვისოკოვოს ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 57°23′46″ ჩ. გ. 43°55′09″ ა. გ. / 57.39611° ჩ. გ. 43.91917° ა. გ. / 57.39611; 43.91917
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი
ადგილმდებარეობა ვისოკოვო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5210153000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1784

ვისოკოვოს ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი (რუს. Высоковский Успенский монастырь) — მამათა მართლმადიდებლური მონასტერი ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის კოვერნინის რაიონის სოფელ ვისოკოვოში. მდებარეობს მდინარე დიდი უტრუსის მაღალ ნაპირზე, ნიჟნი-ნოვგოროდიდან 160 კმ-ში. დაარსებულია 1784 წელს. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს გოროდეცკის ეპარქიას.

ვისოკოვოს ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი ერთ-ერთი იმ მონასტერთაგანია რომელიც ხასიათდება კლასიციზმის პერიოდის საინტერესო არქიტექტურით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონელი კაზაკი გრიგორი ივანოვი 38 წლის ასაკში წავიდა სტაროობრიადულ კომაროვსკის სკიტეში, სადაც მან მიიღო სახელწოდება გერასიმე და ცხოვრობდა 10 წელი. 1784 წელს ბერ პაისთან ერთად იგი განდეგილის ცხორებას შეუდგა მდინარე უტრუსის ტყიან ნაპირზე. ახალ დასახლებას ეწოდა ვისოკოვოს სკიტე, ახლომდებარე სოფლის სახელის მიხედვით. ვისოკოვოს სკიტეში ნელ-ნელა თავი მოიყარეს ღვთისმსახურებმა. მალევე მიირეს გადაწყვეტილება აეშენებინათ ხის სამლოცველო სახლი. 1800 წლისათვის აქ უკვე 50 მაცხოვრებელი მოითვლებოდა.

1804 წლის 10 აგვისტოს წმინდა სინოდმა გამოიტანა დადგენილება ვისოკოვოს სკიტეში სამლოცველოს ეკლესიად გადაკეთებისა და კურთხევის შესახებ. ამ პერიოდისათვის სკიტეში ცხოვრობდა 18 მღვდელი და 168 მორჩილი.

1807 წლის 7 ივნისს კოსტრომის სასულიერო კონსისტორიის დადგენილებით მიიღეს ეკლესიის კურთხევის ნებართვა. ამავე წლის 13 აგვისტოს შედგა პირველი ხის ეკლესიის კურთხევის ცერემონია.

1820 წლიდან იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მონასტერს ვისოკოვოს ღვთისმშობლის მიძინების სახელი უწოდა.

1825 წლის 6 იანვარს ეპისკოპოსმა სამუელმა გერასიმე აიყვანა იღუმენის ხარისხში, ხოლო ამავე წლის 29 ივნისს არქიმანდრიტის ხარისხი მიენიჭა.

მონასტრის ტერიტორიაზე დააარსეს სამი ეკლესია: მიძინების ეკლესია, ნიკოლოზის ეკლესია და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

1910 წელს ეკლესიაში ითვლებოდა სამი მღვდელმონოზონი, ერთი დიაკვანი, ოთხი ბერი და 14 მორჩილი.

1929 წელს მონასტერი დახურეს. მის ტერიტორიაზე გაიყვანეს ასფალტის გზა, ხოლო მოედანზე ააგეს მაღაზიები. მონასტრის შენობა გადასცეს კოლექტივს. მიძინების მონასტერში ინახავდნენ თივას, სამების ეკლესიაში ხისგადამამუშავებელი საწარმო გახსნეს, წინამძღვრის სახლში კოლმეურნეობის კანტორა და საცხოვრებელი ოთახები. კოლექტივის გადატანის შემდეგ სამონასტრო შენობა მიტოვებული აღმოჩნდა.

1979 წელს გორკის საოლქო აღმასკომის გადაწყვეტილებით შემონახული არქიტექტურული ანსამბლი სახელმწიფო დაცვის ქვეშ აიყვანეს, როგორც არქიტექტურის ძეგლი, ხოლო 1995 წელს მიანიჭეს რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

1996 წლიდან იწყება მონასტრის აღორძინება. 2000 წლის 19-20 აპრილის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით ეკლესიაში სამონასტრო ცხოვრება აღსდგა.

2002წელს ეკლესიის წინამძღვრად ალექსანდრე ლუკინის დანიშვნის შემდეგ იწყება მონასტრის აქტიური აღდგენა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]