შინაარსზე გადასვლა

ვისენტე როკაფუერტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვისენტე როკაფუერტე
ვისენტე როკაფუერტე
ეკვადორის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 სექტემბერი, 1834  31 იანვარი, 1839
ვიცე-პრეზიდენტი  ხუან ბერნარდო ლეონი
წინამორბედიხუან ხოსე ფლორესი
მემკვიდრეხუან ხოსე ფლორესი

დაბადებული1 მაისი, 1783
გუაიაკილი
გარდაცვლილი16 მაისი, 1847
ეროვნებაეკვადორელი
მეუღლებალტასარა კალდერონი

ვისენტე როკაფუერტე ი ბეხარანო (ესპ. Vicente Rocafuerte y Bejarano; დ. 1 მაისი, 1783, გუაიაკილი — გ. 16 მაისი, 1847) — ეკვადორის პრეზიდენტი 1834 წლის 10 სექტემბრიდან 1839 წლის 31 იანვრამდე.

ვისენტე როკაფუერტე ქალაქ გუაიაკილში, არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. მისი მამა ხუან ანტონიო როკაფუერტე წარმოშობით ვალენსიიდან იყო და ესპანეთის სამეფო არმიის კაპიტნის რანგს ატარებდა. როკაფუერტეს დედა მარია ხოსეფა როდრიგეს დე ბეხარანო წარმოშობით გუაიაკილიდან იყო. როგორც დიდგვაროვანი ოჯახების ერთადერთმა გადარჩენილმა შთამომავალმა, მან დიდი ქონება მემკვიდრეობით მიიღო. ორივე მშობელი მსხვილი მიწის მესაკუთრეთა, ვაჭრებისა და მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებიდან იყვნენ. როკაფუერტეს მამულებში მოყავდათ კაკაო, შაქრის ლერწამი და თამბაქო. მის მხოლოდ ერთ ბაღში 150 ათასი ძირი კაკაოს ხე იდგა. აგრეთვე ეწეოდნენ ხე-ტყის გადამუშავებას და მეცხოველეობას[1]

მან დაწყებითი სწავლება კერძო რეპეტიტორებთან დაასრულა და 1793 წელს მისმა ბიძამ, ხასინტო დე ბეხარანომ ევროპაში წაიყვანა სწავლის გასაგრძელებლად. ხასინტო დე ბეხარანო ამ დროისთვის კაკაოს უდიდესი ექსპორტიორი იყო ეკვადორში.

ესპანეთში ის გრანადაში ახლად დაარსებულ ამერიკელ დიდგვაროვანთა კოლეჯში ჩაირიცხა, რათა „სამხედრო ხელოვნება“ შეესწავლა. ამ დროისთვის ეს სფერო მოიცავდა მათემატიკას, გეოგრაფიას, ისტორიას, მეცნიერებასა და სამხედრო ტაქტიკას. 1796 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, ის საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც სწავლა სენ-ჟერმენ-ან-ლეის კოლეჯში დაასრულა.[2]

ამ კოლეჯში მრავლად სწავლობდნენ იმ დროის ცნობილი ადამიანები, როკაფუერტემ ამ სასწავლებელში გაიცნო სამხრეთ ამერიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სიმონ ბოლივარი, ასევე ისეთი ცნობილი ევროპელები, როგორიცაა ბარონი ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტი.[3]

ვისენტე როკაფუერტე 1842 წელს, 57 წლის ასაკში, დაქორწინდა თავის ბიძაშვილ ბალტასარა კალდერონზე. მათ შვილები არ ჰყოლიათ.[4]

როკაფუერტეს ძეგლი გუაიაკილში
როკაფუერტეს მავზოლეუმი

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როკაფუერტე ლათინური ამერიკის ქვეყნების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო. ის უშუალოდ არ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის შეიარაღებულ კონფლიქტში, არამედ ყურადღება გაამახვილა შეთქმულებაზე და რევოლუციური მოძრაობების ორგანიზებაზე.

1807 წელს ის ეკვადორში დაბრუნდა და საკუთარი სამშობლოს ესპანელი კოლონიზატორებისგან გათავისუფლებას შეუდგა, მოგვიანებით კი დიდი კოლუმბიის რესპუბლიკისგან ეკვადორის გათავისუფლებას ცდილობდა.

ეკვადორის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ როკაფუერტე პიჩინჩის პროვინციის ეროვნული კონგრესის წევრად აირჩიეს. ის პრეზიდენტ ხუან ხოსე ფლორესის ოპოზიციას ხელმძღვანელობდა, რომელმაც მანამდე ის პერუში გადაასახლა.[5]

როკაფუერტე 1833 წლის 20 სექტემბერს გუაიასის პროვინციის გუბერნატორი გახდა. ის პრეზიდენტის ფლორესის წინააღმდეგ აჯანყდა, თუმცა დამარცხდა და დააპატიმრეს. მისი მრავალი მხარდამჭერის მიერ მის მიმართ პატივისცემის გამო, როკაფუერტემ ფლორესთან შეთანხმებას მიაღწია და ციხიდან გაათავისუფლეს. ამ შეთანხმების მიხედვით პრეზიდენტმა ფლორესმა უფლება მიიღო, თანამდებობაზე ყოფნის ვადა დაესრულებინა და ის ოპოზიციაში მყოფ როკაფუერტეს დაჰპირდა, რომ შემდგომში პრეზიდენტი სწორედ ის გახდებოდა, თავად ფლორესი კი ქვეყნის არმიას უხელმძღვანელებდა.[6]

1833 წლისთვის ფლორესის მთავრობას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა „თავისუფალი კიტოს საზოგადოების“ და გუაიაკილის ოპოზიციის მხრიდან, რომელსაც პედრო მენა მეთაურობდა. ამ წინააღმდეგობამ 1834 წელს ჩიხუახუას რევოლუცია და საბოლოოდ ვისენტე როკაფუერტეს პუნას კუნძულზე დატყვევება გამოიწვია.[7]

1834 წელს ქვეყნის კონგრესმა ის ეკვადორის პრეზიდენტად აირჩია. 1835 წელს როკაფუერტეს მეთაურობით ეკვადორის ახალი კონსტიტუცია შეიმუშავეს. კონსტიტუციის მისაღებად შეკრებილი დამფუძნებელთა კრებიდან სასულიერო პირები გარიცხეს, რამაც როკაფუერტეს ეკლესიიდან მოკვეთა განაპირობა. სამაგიეროდ მან რამდენიმე სასულიერო პირი ეკვადორიდან პერუში გადაასახლა. ახალი კონსტიტუციით გაუქმდა ეკვადორის სახელმწიფოს ძველი მისწრაფებები, ჩამოეყალიბებინა კოლუმბიის ფედერაცია ახალ გრანადასთან და ვენესუელასთან ერთად, რითაც ოფიციალურად შეიქმნა ავტონომიური და სუვერენული ეკვადორელი ერი.[8]

1839 წელს მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, ხუან ხოსე ფლორესის მეორე ვადის დროს იგი გუაიაკილის გუბერნატორად აირჩიეს და ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა 1843 წლამდე.

როკაფუერტეს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, მისი წინამორბედი ხუან ხოსე ფლორესი კვლავ აირჩიეს პრეზიდენტად და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ორ ადამიანს შორის არანაირი სირთულე არ ყოფილა. თუმცა 1843 წელს დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ ფლორესმა გააუქმა 1835 წლის კონსტიტუცია და მიიღო ახალი, რომელსაც როკაფუერტემ „მონობის წერილი“ უწოდა. 1843 წელს, ფლორესის მესამე ვადით პრეზიდენდად დარჩენის შემდეგ, როკაფუერტემ პროტესტის ნიშნად ეკვადორი დატოვა.

სულ რაღაც 2 წელიწადში, 1845 წელს როკაფუერტემ და ვისენტე რამონ როკამ ფლორესი დაამხეს და როკა იმავე წელს ეკვადორის მორიგი პრეზიდენტი გახდა.

1846 წელს როკაფუერტე ეკვადორის სენატის პრეზიდენტი გახდა. მოგვიანებით პრეზიდენტმა ვისენტე რამონ როკამ ის სამხრეთ ამერიკის ქვეყანებში სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. ვისენტე როკაფუერტე 1847 წლის 16 მაისს გარდაიცვალა.[9]

ქალაქ გუაიაკილის სან-ფრანცისკოს მოედანზე ვისენტე როკაფუერტეს ძეგლი დგას. ეს ძეგლი 1880 წლის 1 იანვარს დადგეს და პირველი ძეგლი იყო, რაც კი ამ ქალაქში ოდესმე დაუდგამთ.

როკაფუერტემ სიცოცხლის ბოლო წლები პერუს დედაქალაქ ლიმაში გაატარა, სადაც ის დაკრძალეს. მოგვიანებით ის ეკვადორში გადაასვენეს და დღესგუაიაკილის სასაფლაოზეა დაკრძალული. მის საფლავზე სპეციალური მავზოლეუმია აგებული. ქალაქის ერთ-ერთი საჯარო სკოლა მის სახელს ატარებს. დედაქალაქ კიტოსა და გუაიაკილში არსებობს ვისენტე როკაფუერტეს სახელობის ქუჩები.[10]

  1. Vicente Rocafuerte Rodríguez de Bejarano. ციტირების თარიღი: 8 February 2026
  2. Vicente Rocafuerte: Pensamiento y práctica política (PDF). ციტირების თარიღი: 8 February 2026
  3. Vicente Rocafuerte (PDF). ციტირების თარიღი: 8 February 2026
  4. Vicente Rocafuerte Rodríguez de Bejarano. ციტირების თარიღი: 8 February 2026
  5. Historia de Rocafuerte. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 February 2009. ციტირების თარიღი: 7 February 2026.
  6. Guayaquil y la tentación federalista en el siglo XIX (II). ციტირების თარიღი: 8 February 2026
  7. Guayaquil y la tentación federalista en el siglo XIX (II). ციტირების თარიღი: 8 February 2026
  8. Efraín Camacho Santos (1936). Apuntes biográficos de Don Vicente Rocafuerte: impulsor de la independencia americana y presidente de la República del Ecuador. Casa de la Cultura Ecuatoriana. 
  9. Vicente Rocafuerte y la invención de la república hispanoamericana, 1821‑1823 (PDF). ციტირების თარიღი: 8 February 2026
  10. Vicente Rocafuerte (PDF). ციტირების თარიღი: 8 February 2026