სპირიდონ ვირსალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვირსალაძე, სპირიდონ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვირსალაძე.

სპირიდონ სიმონის ძე ვირსალაძე (დ. 17 მარტი, 1868, სოფელი ნახშირღელე, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 30 მარტი, 1930, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1882 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ პროგრესულად განწყობილ ახალგაზრდობის წრეებში მონაწილეობისათვის დაითხოვეს. იძულებული გახდა წასულიყო კიევში და იქ დაემთავრებინა სემინარია. შემდეგ სწავლა განაგრძო ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1896 წელს და დაღესტანში გაამწესეს. 1898-1909 წლებში მუშაობდა პეტერბურგში ივანე პავლოვის, ალექსანდრე ნეჩაევისა და ვლადიმირ ბეხტერევის ხელმძღვანელობით. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში სადაც დაინიშნა საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ.

1919 წელს სპ. ვირსალაძე აირჩიეს თბილისის უნივერსიტეტის კერძო პათოლოგიის და თერაპიის კათედრის გამგედ და პროფესორად, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას. 1919 წელს სპირიდონ ვირსალაძე შ. მიქელაძესთან ერთად პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალის „ექიმის“, 1924 წლიდან კი „ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის ბიულეტენის“ დირექტორია.

ღვაწლმოსილმა ექიმმა დაგვიტოვა ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული 70-მდე მეცნიერული ნაშრომი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

სპირიდონ ვირსალაძის სახელს ატარებს პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 152, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]