შინაარსზე გადასვლა

ვირგულინუ ფერეირა და სილვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1926 წლის ფოტოსურათი

ვირგულინუ ფერეირა და სილვა (პორტ. Virgulino Ferreira da Silva), ცნობილი როგორც ლამპიანი (Lampião [lɐ̃piˈɐ̃w] — „ჭრაქი“ ან „ფარანი“) (დ. თ. უცნობია, სერა-ტალიადა, პერნამბუკუს შტატი — გ. 28 ივლისი, 1938, პოსო-რედონდუ, სერჟიპის შტატი) — ბრაზილიელი ყაჩაღი-კანგასეირუ (Cangaceiro), მეთაური („კაპიტანი“) ბრაზილიის ყველაზე ცნობილი ბანდიტური დაჯგუფებისა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მოქმედებდა XX საუკუნის 20–30-იან წლებში[1].

ბავშვობა და ახალგაზრდობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვირგულინუ ფერეირა და სილვას დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. სხვადასხვა გადმოცემით, იგი შეიძლებოდა, დაბადებულიყო 1898 წლის 4 ივნისს (ნათლობის ჩანაწერის მიხედვით), ან 1900 წლის 12 თებერვალს (ეს თარიღი თავად დაასახელა 1926 წელს, ჟურნალისტ ლეონარდო მოტასთან ინტერვიუში, რომელიც ჟუაზეირუ დუ ნორტიში შედგა)[2].  მისი მშობლები ჟოზე (ზე) ფერეირა და სილვა და მარია ლოპეს დე ოლივეირა ღარიბი მესაქონლეები იყვნენ. ოჯახს ეკუთვნოდა რანჩო, სახელად Passagem das Pedras, რომელიც მიწათმფლობელმა  ვენანსიო ნოგეირამ უწყალობა ზე ფერეირას, იმისა სანაცვლოდ, რომ მან ცოლად შეირთო ნოგეირასაგან დაორსულებული მარია და ბავშვის მამობა აღიარა. უფროსი ანტონიოს, მომდევნო ლივინუს და ვირგულინუს გარდა, ოჯახში კიდევ 6 ბავშვი დაიბადა — 2 ვაჟი (ჟუანი და ეზეკიელი) და 4 ქალი [3].

მომავალმა ყაჩაღმა ბავშვობა და სიყმაწვილე საქონლის მწყემსობაში გაატარა, რა დროსაც იგი განსაკუთრებულად დაოსტატდა ცხენოსნობაში, შეისწავლა მეტყავეობა და, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არასოდეს უვლია, წერა-კითხვასაც დაეუფლა კერძო მასწავლებლების მეშვეობით, რომლებიც იმხანად სოფელ-სოფელ დადიოდნენ და რამდენიმეთვიანი ხელშეკრულებით მუშაობდნენ სოფლის ბავშვებთან[3]. ვირგულინუს ახალგაზრდობიდანვე სუსტი მხედველობა ჰქონდა და სათვალეს ატარებდა, რაც სერტაოში მდებარე ღარიბი და განუვითარებელი სოფლისათვის ძლიერ უჩვეულო მოვლენა იყო.

იმხანად ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ე.წ. სერტაოს რეგიონებში, სუსტად იყო განვითარებული ადმინისტრაციული, საკანონმდებლო და მართლწესრიგის დამცველი სისტემა. მთელი ძალაუფლება მოქცეული იყო ადგილობვრივი მდიდარი მიწათმფლობელების (ე.წ. კორონელების) ხელში, რომლებიც ამ მიწაზე პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ლიდერის ფუნქციებსაც ითავსებდნენ. მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვა კორონელს დამორჩილებული საპოლიციო რაზმების თვითნებობა, რის შედეგადაც, ხშირად ისინი ყაჩაღებთან საქმის დაჭერას ამჯობინებდნენ პოლიციასთან თანამშრომლობას.  ამასთანავე, ხშირი იყო სამეზობლო დავები, რაც, გამოძიებისა და კანონიერი სასამართლოს არარსებობის პირობებში, ხშირად ძალადობასა და დანაშაულში გადაიზრდებოდა. 1916 წლის შემდეგ, მეზობელ ზე სატურნინოსთან კონფლიქტის გამო, სილვების ოჯახმა რამდენჯერმე იძულებით შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ჯერ ნაზარე დო პიკოში (პერნამბუკუს შტატში), შედეგ კი აგუა ბრანკაში (ალაგოასის შტატში) გადავიდა, თუმცა, ამით ოჯახის უსიამოვნებები არ დასრულებულა, რაკი ვირგულინუ და მისი უფროსი ძმები ანტონიო და ლივინუ არასოდეს იხევდნენ უკან სამაგიეროს გადახდაზე. ვირგულინუს სძულდა პოლიცია, რომელთაც „მაკაკებს“ უწოდებდა და ამჯობინებდა, მტრებისათვის თავად გაესწორებინა ანგარიში. სწორედ ამ დროს მიიღო მან მეტსახელი „ლამპიანი“, რადგან კარგად ისროდა შაშხანიდან და შეეძლო, განუწყვეტილივ ემართა ცეცხლი, ისე, რომ სიბნელეში შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ჭრაქი ეჭირა. მეტსახელი ერთი ვერსიით თანამებრძოლებმა, სხვა ვერსიით — პოლიციამ შეარქვა, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ[4].

1921 წელს მარია ლოპესი გარდაიცვალა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ჟოზე ფერეირა პოლიციის თავდასხმას ემსხვერპლა, რის შემდეგაც, ვირგულინუ ყაჩაღად გავარდა და კანგასეირუ გახდა. მისმა ძმებმა — ანტონიომ და ლივინუმ და მოგვიანებით — ეზეკიელმაც მას მიბაძეს.

კანგასეირუების მეთაური

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ლამპიანი თავისი შორეული ნათესავის, სებასტიაო (სინიო) პერეირას (1898-1979) რაზმს შეუერთდა, თუმცა, რამდენიმე თვეში, პერეირა ბანდიტურ ცხოვრებას ჩამოსცილდა. უმეთაუროდ დარჩენილი რაზმის ხელმძღვანელობა გადაებარა ლამპიანს, რომელიც მას მომდევნო 16 წლის განმავლობაში უძღვებოდა. რაზმი სხვადასხვა დროს ერთი ათეულიდან ასეულამდე წევრს ითვლიდა და ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებში (7 შტატში) მოქმედებდა.

ლამპიანის რაზმი თავს ესხმოდა ფერმებს, სოფლებს და პატარა ქალაქებს. ყაჩაღები იტაცებდნენ მძევლებს, სძალავდნენ ხალხს ფულს და სხვადასხვა ქონებას, პოლიციელებს და წინააღმდეგობის გამწევებს-კლავდნენ, ხოცავდნენ საქონელს, ანადგურებდნენ უძრავ-მოძრავ ქონებას და აუპატიურებდნენ ქალებს. ლამპიანის რაზმს დაახლოებით 1000 ადამიანის და 5000-მდე სული საქონლის მოკვლა და 200-მდე ქალის გაუპატიურება ბრალდებოდა.

1929 წელს ლამპიანმა გაიცნო 18 წლის მარია გომეს დე ოლივეირა, (იგივე მარია დე დეია, მარია ბონიტა (პორტ. Maria Bonita-მშვენიერი მარია)), რომელიც თავისი ბიძაშვილის, ღარიბი ხარაზის, ჟოზე ნენემის ცოლი იყო. ქალმა ქმარი მიატოვა და ლამპიანს გაყვა[5]. 1932 წელს პორტუ და ფოლიაში დაიბადა მათი ქალიშვილი, რომელსაც მშობლების აქეთ-იქით ხეტიალის გამო ექსპედიტა უწოდეს. ბავშვი აღსაზრდელად გადაეცა ჟუან ფერეიერას — ლამპიანის ერთადერთ ძმას, რომელიც კრიმინალურ საქმიანობას არ ეწეოდა.

სხვადასხვა დროს ლამპიანს და მის რაზმელებს არაერთი შეტაკება მოუხდათ მოხალისე პოლიციასთან. ყველაზე მასშტაბური ბრძოლა 1926 წლის 28 ნოემბერს გაიმართა სერა გრანდისთან, სადაც ლამპიანს და მის 100-მდე კანგასეირუს 295 ჯარისკაცი დაუპირისპირდა. ბრძოლაში 10 მათგანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა.

სულ ლამპიანმა დაახლოებით 200 შეტაკება გადაიტანა და სხვადასხვა დროს 6-ჯერ დაიჭრა.

დაღუპვა და რაზმის აღსასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წლის 28 ივლისს სერჟიპის შტატში მდებარე ფერმა „ანჟიკოში“ დაბანაკებული ლამპიანი და მისი რაზმელები გასცა ერთ-ერთმა მეკავშირემ, ჟოკა ბერნარდესმა. ტყვიამფრქვევებით შეიარაღებულმა პოლიციის რაზმმა, ჟუან ბეზერას მეთაურობით, ალყა შემოარტყა ყაჩაღებს და ცეცხლი გაუხსნა. ლამპიანი, მარია ბონიტა და კიდევ 9 ყაჩაღი შეტაკების დროს დაიღუპნენ, ორმოცამდე ყაჩაღმა გაქცევით უშველა თავს.

მოკლულებს თავები მოკვეთეს და სალვადორში-ბაიის დედაქალაქში გაგზავნეს, კრიმინალისტიკის ინსტიტუტში გამოსაკვლევად, შემდეგ პირანიასში გამოფინეს, ბოლოს ისევ სალვადორში დააბრუნეს და კრიმინალისტიკის მუზეუმში გადაიტანეს. შემდგომი წლების განმავლობაში ლამპიანის და სხვა ყაჩაღების ოჯახების წევრები ამაოდ ითხოვდნენ ნებართვას, რომ თავები შესაბამისი წესით დაეკრძალათ. საბოლოოდ, აკადემიური წრეებისა და სასულიერო პირთა ჩარევის შემდეგ, 1965 წელს გამოიცა დეკრეტი N2867, რომლის ძალითაც, 1969 წელს ჯერ ლამპიანის და მარია ბონიტას, შემდეგ კი — სხვა ყაჩაღების თავები მუზეუმიდან სალვადორის ქვინტასის სასაფლაოზე გადაასვენეს და დაკრძალეს[6].

ამჟამად, ლამპიანის და მისი რაზმელების ლიკვიდაციის ადგილზე სამახსოვრო ქვაა დადგმული, ყაჩაღების გვარ-სახელებით და მომხდარი ფაქტის აღწერილობით.

ლამპიანის რაზმი უკანასკნელი მსხვილი ყაჩაღური დაჯგუფება იყო. მისი დაღუპვის შემდეგ რამდენიმე წელიწადში კანგასეირუების წვრილ-წვრილი რაზმები მთლიანად ლიკვიდირებული, ან შემორიგებული იქნა ხელისუფლების მიერ.

ლამპიანის პიროვნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვესალო ფილიოს გადმოცემით, ლამპიანი იყო საშუალო ტანის, დაახლოებით 1,70 მ სიმაღლის, ხმელი აღნაგობის კაცი, ცალ თვალში მხედველობა არ ჰქონდა. იარაღთან ერთად, მუდმივად ატარებდა სანოვაგეს (შემწვარ ხორცს, ლორს, კრეკერებს, ყავას, ყველს და მანიოკას ფქვილში შერეულ ლერწმის შაქარს), ასევე, ბამბას, იოდის ნაყენს, ჟუას ქერქის ნაფხვენს, შნაპსს, ქაღალდს და ფანქარს და ფულს. მისი ბარგის წონა 20 კილოგრამამდე აღწევდა[4].

მიუხედავად ყაჩაღობების, ტერორისა და სასტიკი მკვლელობებისა, რასაც ლამპიანი თავის რაზმთან ერთად სჩადიოდა, იგი ძლიერ წინააღმდეგობრივი ქცევით გამოირჩეოდა, რის გამოც მის შესახებ დღემდე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს ბრაზილიაში. ნაწილი მას კრიმინალად მიიჩნევს, ნაწილი კი —სახალხო გმირად (რობინ ჰუდის, ან არსენა ოძელაშვილის მსგავსად). ზოგი ისტორიკოსის მოსაზრებით, ლამპიანი და მისი რაზმი სინამდვილეში კორონელების ხელისუფლების მსახური იყო.

ლამპიანი რელიგიური ადამიანი იყო — რეგულარულად აბარებდა აღსარებას და ეზიარებოდა ჟუაზეირუში მოღვაწე მამა სისეროსთან. იგი თან დაატარებდა სხვადასხვა რელიგიურ ატრიბუტიკას, რასაც. მისი აზრით, ამულეტის დანიშნულება ჰქონდა. ლამპიანი მოწყალებას იჩენდა   მოკავშირეების და ლოიალური პირებისადმი და დახმარებასაც კი უწევდა მათ, მაგრამ, დაუნდობლად უსწორდებოდა მოწინააღმდეგეებს და მათ დამხმარეებს.

1927 წლის ივნისში ლამპიანი 60 კანგასეირუსთან ერთად თავს დაესხა რიუ-გრანდი-დუ-ნორტის შტატში მდებარე ქალაქ მოსოროს. ყაჩაღებმა საყვირების ხმით შეატყობინეს ქალაქს თავდასხმის შესახებ, შემდეგ „ვაშა“ დასჭექეს და შემოსძახეს თავიანთი ცნობილი სიმღერა Mulher rendeira (მელასოე ქალი), თუმცა, სანამ ყაჩაღები ამით იყვნენ დაკავებული, მოქალაქეებმა შეიარაღება მოასწრეს, წინააღმდეგობა გაუწიეს მომხდურებს და უკან დაახევინეს.

1929 წელს ბაიის შტატის ქალაქ კეიმადასზე თავდასხმისას რაზმმა გადაჭრა ტელეგრაფის ხაზი, გაათავისუფლა პატიმრები და დააპატიმრა 7 პოლიციელი, სერჟანტთან ერთად. პოლიციელები მოგვიანებით დახვრიტეს, მხოლოდ სერჟანტი შეიწყალეს, მოქალაქეთა შორის პოპულარობის გამო. კანგასეირუებმა ქალაქის მდიდარ მოქალაქეებს ფული შეაწერეს, თუმცა, ამასთან ერთად, მაღაზიებში შეძენილ საპონსა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებში ფულის გადახდა არ დანანებიათ. ლამპიანის ბრძანებით, მოეწყო კინოჩვენება, გაიმართა ბალი, სადაც კანგასეირუებმა მოქალაქეებთან ერთად იცეკვეს და გაერთნენ. ლამპიანმა სასტიკად აუკრძალა რაზმელებს ქალაქელ ქალებზე ძალადობა. მეორე დღეს ბანდიტებმა ქალაქი დატოვეს. ლამპიანი ნათხოვარი ჯორით გაემგზავრა, რომელიც მოგვიანებით პატრონს დაუბრუნა.

ერთ-ერთი ვერსიით, ლამპიანს მიეწერება სიმღერის "Mulher rendeira" ავტორობა.

ლამპიანი პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • "Candeeiro Encantado", მუსიკის ავტორი Lenine
  • "O Encontro de Lampião with Eike Batista", ჯგუფი El Efecto
  • "Acende Lampião", ჯგუფი T-Remotto
  • "Ratamahatta", ჯგუფი Sepultura (1996) — ტექსტში ნახსენებია ლამპიანი, ზე დუ კაშოსა და ზუმბი დოს პალმარისთან ერთად
  • "Cangaceiro", ჯგუფი Soulfly (1998) — ტექსტი: Sou Lampião, sou bandido, eu sei que algum dia minha cabea vo degolar — ვარ ლამპიანი, ბანდიტი და ვიცი, რომ ერთ დღეს თავს მომკვეთენ)

ლამპიანი გამოყვანილია პერსონაჟად ჟორჟი ამადუს რომანის „ქვიშის კაპიტნების“ ერთ ეპიზოდში.

  • O Cangaceiro (1953)
  • Lamparina (1963)
  • Corisco, the Blonde Devil (1969)
  • Lampião e Maria Bonita მინისერიალი (Rede Globo,1982)
  • O Cangaceiro Trapalhão (1983)
  • Mandacaru , სერიალი (1997)
  • Perfumed Ball (1997)
  • Canta Maria (2006)
  • Cordel Encantado, სერიალი (Rede Globo 2011)
  • A Luneta do Tempo (2016)
  • Feminino Cangaço დოკუმენტური (2013)
  • Chandler, Billy Jaynes (1978). The Bandit King: Lampião of Brazil. Texas A&M University Press. ISBN 0-89096-194-8.
  • Singelmann, Peter (1975) Political Structure and Social Banditry in Northeast Brazil. Journal of Latin American Studies, Vol. 7, No. 1.
  • Elise Grunspan-Jasmin (2006) Lampião, senhor do sertão : vidas e mortes de um cangaceiro EdUSP, 2006 - Bahia
  1. de Mello, Frederico Pernambucano (2011). Guerreiros de Sol - Violência e Banditismo no Nordeste do Brasil. [S.l.: s.n.] ISBN 9788563610058
  2. Corrêa de Araujo, Antonio Amaury; Ferreira, Vera. «Virgulino Ferreira». Itinerant Culture. Cultural dance. Retrieved on January 12, 2012
  3. 3.0 3.1 დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
  4. 4.0 4.1 http://etalasquera.ueuo.com/cangaco/cangl.htm
  5. http://www.habanaelegante.com/November_2015/Invitation_vonHartenthal.html
  6. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-29. ციტირების თარიღი: 2020-05-27.