ვიპატოსი
ვიპატოსი, იპატოსი (ბერძ. ὕπατος [Hypatos]) — ბიზანტიური საკარისკაცო ტიტული, თავდაპირველად შეესაბამებოდა გვიანდელი რომაული ხანის „კონსულის“ ტიტულს, მაგრამ უკვე ადრებიზანტიურ ხანაში დაკარგა მნიშვნელობა, ჯერ საშუალო რგოლის ადმინისტრაციულ და ფინანსურ მოხელეებს ენიჭებოდათ, ბოლოს კი შედარებით დაბალ წოდებად გადაიქცა თანამდებობის გარეშე.
IX–X საუკუნეებში შემოღებულ იქნა „ფილოსოფოსთა ვიპატოსის“ ტიტული, რომელიც ენიჭებოდა მოხელეს, მეცნიერს ჰუმანიტარული დარგის გამგებელს კონსტანტინოპოლის უმაღლეს სკოლაში. ვიპატოსის ტიტულს ზოგჯერ ანიჭებდნენ ვასალურ სახელმწიფოთა წარჩინებულ, მაგრამ არა უმაღლესი რანგის გამგებლებს.
საქართველოში VI–VII საუკუნეებში მცხეთის ჯვრის მონასტრის წარწერების მიხედვით, ვიპატოსის ტიტული ჰქონდა ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზის ძმას — დემეტრეს და შვილს — ადარნასეს (ერისმთავრად გახდომამდე). მომდევნო საუკუნეებში ვიპატოსის ტიტულით ცნობილია VIII-IX საუკუნეების მოღვაწე გრიგოლი, რომელიც კატაულას ქვასვეტზეა გამოსახული.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიპატოსი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
- Kazhdan, Alexander, ed., The Oxford Dictionary of Byzantium, Oxford, 1991. — pp. 963–964.