შინაარსზე გადასვლა

ვიმ ვენდერსი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიმ ვენდერსი
დაბადების სახელი ერნსტ ვილჰელმ ვენდერსი
დაბადების თარიღი 14 აგვისტო, 1945
დიუსელდორფი, გერმანია
საქმიანობა რეჟისორი, დრამატურგი, მწერალი, სცენარისტი და ფოტოგრაფი
აქტიური 1967-დღემდე
მეუღლე(ები)

ედა კოხლი (1968-1974) ლისა კრეუზერი (1974-1978)

რონე ბლაკლე (1979-1981)

ისაბელ ვეინგარტენი (1981-1982)

დონატა ვენდერსი (1993-)

ერნსტ ვილჰელმ „ვიმ“ ვენდერსი (გერმან. Ernst Wilhelm "Wim" Wenders; დ. 14 აგვისტო, 1945, დიუსელდორფი, გერმანია) — გერმანელი რეჟისორი, დრამატურგი, სცენარისტი, მწერალი და ფოტოგრაფი. „ახალი გერმანული კინოს“ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მიღებული აქვს „ოსკარი“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმებისთვის: „ბუენა ვისტას კლუბი“ (1999) - კუბური მუსიკის შესახებ, „პინა“ (2011) - ქორეოგრაფის, პინა ბაუშის შესახებ და „დედამიწის მარილი“ (2014), რომელიც ბრაზილიელ ფოტოგრაფს, სებასტიაო სალგადოს ეხება.

მისმა ფილმმა, „პარიზი, ტეხასი“ (1984), კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა. 1987 წელს გამოვიდა ვენდერსის ფილმი, სახელწოდებით „ბერლინის ცა“, რომლისთვისაც მან 1987 წლის კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო.

ერნსტ ვილჰელმ ვენდერსი 1945 წლის 14 აგვისტოს დიუსელდორფში, გერმანიაში დაიბადა. მამამისი, ჰაინრიხ ვენდერსი, ქირურგი იყო. ვიმ ვენდერსი 1963 წლიდან 1964 წლამდე ფრეიბურგის უნივერსიტეტში მედიცინას, ხოლო 1964-1965 წლებში დიუსელდორფის უნივერსიტეტში ფილოსოფიას შეისწავლიდა. 1966 წლის ოქტომბერში პარიზში გადავიდა, რათა მხატვარი გამხდარიყო. [1]

ვენდერსს კინოსთან პირველი შეხება 1967 წელს ჰქონდა, როცა მიუნხენის ტელევიზიისა და კინოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა. 1967-1970 წლებში კინოკრიტიკოსად მუშაობდა. მან უნივერსიტეტში სწავლისას რვა მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. [2]

1972 წელს ვენდერსმა თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „მეკარის შიში პენალტისას“ (1972). იგი პეტერ ჰანდკეს რომანზეა დაფუძნებული. ჰანდკეს ასევე დაწერილი აქვს სცენარი ვენდერსის ფილმისთვის: „არასწორი სვლა“ (1975); არის თანასცენარისტი ფილმისა „ბერლინის ცა“.

ვიმ ვენდერსმა 1976 წელს გადაიღო ფილმი, „დროთა განმავლობაში“, რომლის პროდუსერიცა და სცენარისტიც თავად არის.

ვენდერსმა საერთაშორისო წარმატება 1984 წელს გამოსული ფილმით, სახელწოდებით „პარიზი, ტეხასი“ მოიპოვა. ვენდერსთან ერთად, ფილმის თანასცენარისტი სემ შეფერდია. ნამუშევარმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა. ფილმის გადაღების შემდეგ რეჟისორი მსოფლიოს გარშემო, მათ შორის, გერმანიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, კუბასა და ისრაელში მოგზაურობდა.[3]

ვენდერსი 2008 წელს

1985 წელს გადაიღო დოკუმენტური ფილმი ცნობილი იაპონელი რეჟისორის, იასუძირო ოძუს შესახებ, სახელწოდებით, „ტოკიო-გა“.

1987 წელს ვენდერსმა „ბერლინის ცა“ გადაიღო, რომლითაც კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მოიპოვა.

ვენდერსს გადაუღია ვიდეო-კლიპები ცნობილი მუსიკალური ჯგუფებისათვის, როგორებიც არიან U2 და Talking Heads.

ვენდერსი ასევე ცნობილია, როგორც ფოტოგრაფი. მან გადაღება 1980-იან წლებში დაიწყო. იგი ხშირად იღებს ლანდშაფტებს, მის ფოტოებში ხშირად ისახება მეხსიერების, დროისა და მოძრაობის თემები. მსოფლიოს გარშემო მიტოვებული ადგილების გადაღების შემდეგ, ვენდერსმა ფოტო-სერია გამოუშვა, სახელწოდებით Pictures From the Surface of the Earth and Places, Strange and Quiet“. იგი მსოფლიოს უამრავ მუზეუმსა და სახელოვნებო ინსტიტუციებში არის გამოფენილი. [4]

ვენდერსი არის ევროპული კინოაკადემიის პრეზიდენტი; არის მიწვეული პროფესორი მიუნხენის ტელევიზიისა და კინოს უნივერსიტეტში.

გამოშვებული აქვს ათეულობით წიგნი, მათ შორის „ჩემი დრო ანტონიონისთან ერთად: დღიური“ და „პიტერ ლინდბერგი. უთქმელი ამბები“.[5]

ამჟამად, ვიმ ვენდერსი და მისი ცოლი, ფოტოგრაფი დონატა ვენდერსი, ბერლინში ცხოვრობენ. 2012 წელს მათ დიუსელდორფში ვიმ ვენდერსის ფონდი დააარსეს.

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1972„მეკარი შიში პენალტისას“Die Angst des Tormanns beim Elfmeterრეჟისორი, სცენარისტი
1973„ალისფერი სიმბოლო“Der Scharlachrote Buchstabeრეჟისორი, სცენარისტი
1974„ელისი ქალაქებში“Alice in den Städtenრეჟისორი, სცენარისტი
1975„არასწორი სვლა“Falsche Bewegungრეჟისორი, სცენარისტი
1976„დროთა განმავლობაში“Im Lauf der Zeitრეჟისორი, სცენარისტი
1977„ამერიკელი მეგობარი“Der Amerikanische Freundრეჟისორი, სცენარისტი
1980„ჰამეტი“Hammetრეჟისორი, სცენარისტი
1982„გარემოება“Stand der Dingeრეჟისორი, სცენარისტი
1984„პარიზი, ტეხასი“Paris, Texasრეჟისორი, სცენარისტი
1987„ბერლინის ცა“Der Himmel über Berlinრეჟისორი, სცენარისტი
1991„სამყაროს აღსასრულამდე“Bis ans Ende der Weltრეჟისორი, სცენარისტი
1992„არიშა, დათვი და ქვის ბეჭედი“Arisha, der Bär und der steinerne Ringრეჟისორი, სცენარისტი
1993„შორს და ისე ახლოს!“In weiter Ferne, so nah!რეჟისორი, სცენარისტი
1994„ლისაბონის ამბავი“Lisbon Storyრეჟისორი, სცენარისტი
1995„ღრუბლებს მიღმა“Jenseits der Wolkenრეჟისორი, სცენარისტი
1995„ძმები სკლადანოვსკები“Die Gebrüder Skladanowskyრეჟისორი, სცენარისტი
1997„ძალადობის დასასრული“Am Ende der Gewaltრეჟისორი, სცენარისტი
2000„სასტუმრო „მილიონი დოლარი“The Million Dollar Hotelრეჟისორი, სცენარისტი
2004„სიუხვის ქვეყანა“Land of Plentyრეჟისორი, სცენარისტი
2005„დაუკაკუნებლად არ შემოხვიდე“Land of Plentyრეჟისორი, სცენარისტი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]