შინაარსზე გადასვლა

ვილჰელმ მათიას ნეფი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილჰელმ მათიას ნეფი

ვილჰელმ მათიას ნეფი (დ. 19 თებერვალი, 1802 – გ. 21 იანვარი, 1882) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი და შვეიცარიის ფედერალური საბჭოს იმ პირველ შვიდ წევრს შორის ერთ-ერთი, რომლებმაც ქვეყნის მართვა 1848 წელს დაიწყეს. ნეფი აღნიშნულ თანამდებობაზე 1875 წლამდე მოღვაწეობდა.

ვილჰელმ მათიას ნეფი რაინის ხეობის ძველ და დამკვიდრებულ ოჯახში, ალტშტეტენში დაიბადა. ნეფის მამა გავლენიან ვაჭარს წარმოადგენდა. ნეფმა სამართალი ჰაიდელბერგში (გერმანია) შეისწავლა, ხოლო შვეიცარიაში დაბრუნების შემდეგ, წმინდა გალენის კანტონის მთავრობაში აირჩიეს. ვილჰელმი ფართოდაა ცნობილი იმით, რომ პრინციპულად არ ერეოდა ლიბერალებსა და კონსერვატორებს შორის არსებულ კონფლიქტში, რომელიც იმ პერიოდში შვეიცარიაში დომინირებდა. რაინის ხეობა ლიბერალების საყრდენ პუნქტს წარმოადგენდა, რის გამოც ნეფს მხარდამჭერების იმედი მუდმივად ჰქონდა.

ვილჰელმ მათიას ნეფი „შვიდეულის ჯგუფის“ (Siebnergruppe) წევრი გახლდათ. აღნიშნულმა შვიდკაციანმა ჯგუფმა ნაპოლეონის ოკუპაციის შემდეგ შვეიცარიის კონფედერაციის 1848 წლის კონსტიტუცია შეიმუშავა, რომელიც ქვეყნის ამჟამინდელი კონსტიტუციის საფუძველს წარმოადგენს. 1848 წლის 16 ნოემბერს ვილჰელმ მათიას ნეფი, როგორც წმინდა გალენის წარმომადგენელი, შვეიცარიის ფედერალურ საბჭოში აირჩიეს. ვილჰელმ მათიას ნეფი აღნიშნულ პოსტზე 27 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, რაც იმ დროის სხვა კოლეგების მმართველობის ვადას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

მართალია, ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ნეფმა გავლენა თანდათან დაკარგა და „უსარგებლო მოღვაწის“ (deadhead) რეპუტაციაც კი შეიძინა. ვილჰელმ მათიას ნეფის ხელახალი არჩევა მხოლოდ მცირე უპირატესობით ხერხდებოდა. 1875 წლის 31 დეკემბერს ნეფი საბოლოოდ გადადგა. ვილჰელმ მათიას ნეფი შვეიცარიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან (ლიბერალ-დემოკრატები/რადიკალები) იყო აფილირებული.

ხანგრძლივი მმართველობის პერიოდში ვილჰელმ მათიას ნეფი შემდეგ დეპარტამენტებს (სამინისტროებს) ხელმძღვანელობდა:

  • ფოსტისა და მშენებლობის დეპარტამენტი (1848–1852)
  • პოლიტიკური დეპარტამენტი (1853)
  • ვაჭრობისა და საბაჟო დეპარტამენტი (1854)
  • ფოსტისა და მშენებლობის დეპარტამენტი (1855–1859)
  • ფოსტის დეპარტამენტი (1860–1866)
  • ვაჭრობისა და საბაჟო დეპარტამენტი (1867–1872)
  • რკინიგზისა და ვაჭრობის დეპარტამენტი (1873)
  • ფინანსთა დეპარტამენტი (1873–1875)[1]

1853 წელს ვილჰელმ მათიას ნეფი კონფედერაციის პრეზიდენტს წარმოადგენდა და საბჭოს თავმჯდომარეობდა. თანამდებობიდან 1875 წლის 31 დეკემბერს გადადგა.