შინაარსზე გადასვლა

ვილსონის კამერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვილსონის კამერა — დამუხტული ნაწილაკების კვლებზე დასაკვირვებელი ხელსაწყო. შექმნა ჩ. ვილსონმა 1912 წელს. ვილსონის კამერის მოქმედება ემყარება გადამეტჯერებული აირის კონდენსაციის მოვლენას, ე. ი. კონდენსაციის რაიმე ცენტრებზე მაგალითად, სწრაფად მოძრავი დამუხტული ნაწილაკების კვლების გასწვრივ წარმოქმნილ იონებზე, სითხის მცირე წვეთების წარმოქმნას. წვეთები აღწევენ ხილულ ზომებს და შეიძლება მათი ფოტოგრაფირება. გამოსაკვლევ ნაწილაკებს ან კამერის შიგნით მოთავსებული წყარო ამოაფრქვევს, ან ისინი კამერაში მოხვდებიან გარედან, მათთვის გამჭვირვალე სარკმლიდან. ვილსონის კამერას ჩვეულებრივ ათავსებენ მაგნიტურ ველში. გამოსაკვლევი ნაწილაკების ბუნებასა და თვისებებს ადგენენ მათი იმპულსისა და განარბენის სიდიდის მიხედვით. იმპულსის სიდიდეს ზომავენ იმის მიხედვით, თუ როგორ გამრუდდება ნაწილაკთა კვლები მაგნიტური ველის ზემოქმედებით. მცირე ენერგიის ნაწილაკთა კვლევისას ვილსონის კამერას ავსებენ ატმოსფერულზე ნაკლები წნევის აირით, მაღალი ენერგიის ნაწილაკთა კვლევისას კი — ათეულ ატმოსფერომდე წნევის აირით. კამერის ფორმა და ზომები, აგრეთვე კედლების მასალა ფართო საზღვრებში იცვლება. ვილსონის კამერამ დიდი როლი შეასრულა ნივთიერების აღნაგობის შესწავლაში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იგი პრაქტიკულად ბირთვული გამოსხივების რეგისტრაციის ერთადერთი საშუალება იყო. ბოლო წლებში ვილსონის კამერა შეცვალა ბუშტოვანმა კამერამ და ნაპერწკლოვანმა კამერამ.