ვილი ბრანდტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვილი ბრანტი)
Jump to navigation Jump to search
ვილი ბრანტი
Willy Brandt
ვილი ბრანტი Willy Brandt
გერმანიის კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
21 ოქტომბერი, 1969 – 7 მაისი, 1974
პრეზიდენტი  გუსტავ ჰაინემანი
წინამორბედიკურტ გეორგ კიზინგერი
მემკვიდრეჰელმუტ შმიდტი

ბუნდესრატის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1957 – 1958
პრეზიდენტითეოდორ ჰოისი

გერმანიის ვიცე-კანცლერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 1966 – 21 ოქტომბერი, 1969
კანცლერი  კურტ გეორგ კიზინგერი

საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 დეკემბერი, 1966 – 20 ოქტომბერი, 1969

დასავლეთ ბერლინის მერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1957 – 1966

დაბადებული18 დეკემბერი, 1913
ლიუბეკი, შლეზვიგ-ჰოლშტაინი
გარდაცვლილი8 ოქტომბერი, 1992 (78 წლის)
უნკელი, რაინლანდ-პფალცი
პოლიტიკური პარტიაგსდპ
რელიგიაპროტესტანტი

ვილი ბრანდტი (გერმ. Willy Brandt) ნამდვილი სახელი ჰერბერტ ერნსტ კარლ ფრამი (გერმ. Herbert Ernst Karl Frahm; დ. 18 დეკემბერი, 1913 — გ. 8 ოქტომბერი, 1992) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე, გერმანიის ბუნდესკანცლერი 1969-1974 წლებში სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან, დასავლეთ ბერლინის მერი 1957-1966 წლებში, ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი 1966-1969 წლებში. მშვიდობის ნობელის პრემიის 1971 წლის ლაურეატი.

1964-1987 წლებში ბრანდტი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო, 1967-1992 წლებში ასრულებდა „სოციალისტური ინტერნაციონალის“ პრეზიდენტის მოვალეობებს. ვილი ბრანდტი მიიჩნევა ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკის ერთ-ერთ ავტორად. აღმოსავლეთის პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა „ცივი ომის“ შედეგად გახლეჩილ სამყაროსა და ევროპაში სხვადასხვა ბანაკს მიკუთვნებულ ქვეყნებს შორის დიალოგის განახლება. აღმოსავლეთის პოლიტიკის შედეგად გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ხელშეკრულებები გააფორმა საბჭოთა კავშირთან, პოლონეთთან, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და ვარშავის ბლოკის სხვა სახელმწიფოებთან. 1971 წელს ფედერალური კანცლერი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.

ბავშვობა და ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილი ბრანდტი 1913 წლის 18 დეკემბერს ქალაქ ლიუბეკის ერთ-ერთ განაპირა უბანში დაიბადა. მისი მშობლები დაქორწინებულნი არ ყოფილან. შესაბამისად, ახლად დაბადებული ბავში დედის, მარტა ფრამის გვარით ჩაიწერა დაბადების დამადასტურებელ დოკუმენტებში. ბრანდტს საკუთარი მამა არასდროს უნახავს, დედასთან კი სიცოცხლის ბოლომდე დისტანციას ინარჩუნებდა. 1919 წლიდან ბავშვის, ჰერბერტ ფრამის აღზრდაზე პასუხისმგებლობა გადმოიბარა ბრანდტის დედის მამობილმა ლუდვიგ ფრამმა. ბრანდტის დედა კი ცოლად გაჰყვა მშენებელ ემილ კულმანს და ცალკე ოჯახად დაიწყო ცხოვრება. ვილი ბრანდტი დედის მამობილს, ლუდვიგ ფრამმს მამად მოიხენიებდა. ბრანდტის საგამოცდო მოწმობებშიც აბიტურიენტის მამის გრაფაში სწორედ ლუდვიგ ფრამის სახელი და გვარია აღნიშნული. მოგვიანებით ვილი ბრანდტი თავის ადრეულ წლებს „მძიმე ბავშვობას“ უწოდებდა, ადრეულ ოჯახურ ურთიერთობებს კი „ქაოსურ მოვლენად“ აფასებდა. 1965 წელს, როდესაც ბრანდტი ლუდვიგ ერჰარდის წინააღმდეგ გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტის დასაკავებლად იბრძოდა, ოპონენტებმა მისი ოჯახის წარსულის კომპრომატად გამოყენება სცადეს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველადი დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, ვილი ბრანდტი 1927-1932 წლებში ლიუბეკის სხვადასხვა რეალურ სასწავლებელსა თუ გიმნაზიაში სწავლობდა. 1932 წელს მან ლიუბეკის იოჰანნოიმის უმაღლესი სამოქალაქო სკოლა დაასრულა. აბიტურიენტად რეგისტრაციის დროს მან სასურველ პროფესიად ჟურნალისტის სპეციალობა მიუთითა. ბრანდტს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება არ მისცემია. საუნივერსიტეტო განათლების მიღების ნაცვლად, იგი იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო სანავსადგურო ქალაქის ერთ-ერთ სამაკლერო კანტორაში.

პოლიტიკური საქმიანობა ვაიმარის რესპუბლიკაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრანდტის პოლიტიკით დაინტერესება მისი მამობილის, ლუდვიგ ფრამის სახელს უკავშირდება. ლუდვიგ ფრამი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიუბეკის ორგანიზაციის აქტიური წევრი იყო და კენჭს იყრიდა ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მოსახვედრად. 1925 წელს ვილი ბრანდტი ახალგაზრდული სოციალისტური ორგანიზაციის - „ფალკონების“ წევრი გახდა. 1929 წელს „ახალგაზრდა მშრომელი სოციალისტების“ რიგებში გადაინაცვლა, სადაც მალევე აირჩიეს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ. ახალგაზრდა ბრანდტის ერთ-ერთი მხარდამჭერი რაიხსტაგის დეპუტატი იულიუს ლებერი გახლდათ, რომელიც შემდეგ, ომის წლებში ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულების გამო დაიჭირეს. 1927 წლიდან მომავალი კანცლერი ინტენსიურდ აქვეყნებს წერილებს სოციალ-დემოკრატიული მიმართულების გაზეთს „ლიუბეკის სახალხო კურიერში“. მისი სტატიები სკოლის ზედამხედველთა ყურადღების ცენტრშიც მოექცა, მათ ბრანდტის დედას ურჩიეს: „მოაცილეთ თქვენი ვაჟი პოლიტიკას, მას კარგი მონაცმები აქვს. პოლიტიკა კი გაანადგურებს მას.“ 1930 წელს ბრანდტი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (გსდპ) წევრი გახდა. ერთი წლის შემდეგ იგი პარტიას გაემიჯნა, რადგან არ ეთანხმებოდა სოციალ-დემოკრატთა შემგუებლურ პოლიტიკას რეიხსკანცლერ ჰაინრიხ ბრიუნინგის მთავრობის მიმართ. 1931 წლიდან ბრანდტმა თანამშრომლობა დაიწყო გსდპ-ის რადიკალი მემარცხენე წევრებისგან ჩამოყალიბებულ გერმანიის სოციალისტურ მუშათა პარტიასთან. 1933 წლამდე ბრანდტი ლიუბეკელ სოციალისტთა აღიარებული ლიდერი გახლდათ.

საქმიანობა ნაცისტურ ეპოქაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1933 წელს საფუძველი ჩაეყარა ნაცისტურ დიქტატურას და გერმანიის მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობები ადოლფ ჰიტლერმა ჩაიბარა. ნაცისტებმა მმართველობის პირველივე წლებში აკრძალეს მემარცხენე და სოციალისტური ორგანიზაციები. შესაბამისად, ვილი ბრანდტსაც აეკრძალა ლიუბეკში ლეგალური პოლიტიკური საქმიანობა. დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იგი კანონის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და იატაკქვეშეთიდან ეწეოდა ანტინაცისტურ აგიტაციას. რეპრესიების საფრთხიდან გამომდინარე მოგვიანებით ბრანდტი იძულებული გახდა, რომ სამშობლო დაეტოვებინა. 1933 წლის ბოლო პერიოდიდან ბრანდტი ნორვეგიაში გადასახლდა. ნორვეგიაში ცხოვრების დროს მომავალი კანცლერი ემიგრანტულ და ადგილობრივ პრესათან თანამშრომლობდა. მუშაობდა რამდენიმე სოციალისტური ორგანიზაციის ანტინაცისტურ ბიუროში. წერდა სტატიებს ჰიტლერის რეჟიმის სისასტიკისა და ესპანეთის სამოქალაქო ომის შესახებ. რამდენჯერმე საიდუმლო მისიით იმოგზაურა გერმანიაშიც. 1943 წელს ავსტრიის მომავალ კანცლერ ბრუნო კრაისკისთან და სხვა ცნობილ სოციალისტებთან ერთად გამოაქვეყნა წერილი „დემოკრატ სოციალისტთა სამშვიდობო მიზნები“, სადაც აღწერილი გახლდათ ომისშემდგომი ევროპის წესრიგის ძირითადი საფუძვლები. საზღვარგარეთ ნაცისტური პარტიის საწინააღმდეგო მოქმედებების გამო ჰიტლერის ხელისუფლებამ ახალგაზრდა ჰერბერტ ფრამს მოქალაქეობა ჩამოართვა. სწორედ ნორვეგიაში დევნილობის დროს მიიღო ფრამმა რევოლუციური მეტსახელი ვილი ბრანდტი, რაც მალევე მის ოფიციალურ საბუთებშიც აისახა.

გერმანიაში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წელს ბრანდტი ნაცისტური რეჟიმის სხვა უამრავ გადარჩენილ მსხვერპლთან და დევნილთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. თავდაპირველად, იგი სკანდინავიური გაზეთებისთვის მუშაობდა და თავის წერილებში ზედმიწევნით აშუქებდა ნიურბერგის პროცესის მიმდინარეობას. 1945 წელს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰალვარდ ლანგემ ბრანდტი ბერლინში ნორვეგიის სამხედრო მისიის პრეს-ატაშედ დანიშნა. 1948 წლის 1 ივლისს შლეზვიგ-ჰოლშტაინის ფედერალური მიწის ადგილობრივი მთავრობის შუამდგომლობით ვილი ბრანდტს დაუბრუნეს ნაციტური რეჟიმის მიერ ჩამორთმეული გერმანიის მოქალაქეობა. მოქალქეობის აღდგენასთან ერთად, ვილი ბრანდტი ხელახლა გაწევრიანდა გსდპ-ის შემადგენლობაში და პარტიის ბერლინის ორგანიზაციის აქტიური ფუნქციონერიც გახდა. 1949 წელს ვილი ბრანდტი დასავლეთ ბერლინის კვოტით აირჩიეს გერმანიის პირველი მოწვევის ბუნდესტაგში. 1950 წლის სამი დეკემრის შემდეგ იგი ბერლინის ფედერალური მიწის დეპუტატთა პალატის წევრიც გახდა. 1955 წელს კოლეგებმა დეპუტატთა პალატის პრეზიდენტადაც აირჩიეს. 1957 წლის მიწურულს გარდაიცვალა დასავლეთ ბერლინის მერი ოტო ზური. ბერლინის საკანონმდებლო-წარმომადგენლობითმა ორგანომ ზურის მემკვიდრედ ბრანდტი დაასახელა. 1957 წლის 3 ოქტომბერს 86 დეპუტატის მხარდაჭერით ბრანდტმა ბერლინის მერის პოსტზე გადაინაცვლა. ბერლინის მერის რანგში ბრანდტს მოუწია, რომ 1957 წლის ნოემბრიდან 1958 წლის ოქტომბრამდე შეესრულებინა ბუნდესრატის პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებიც. 1957-დან 1966 წლამდე ბრანდტი სამჯერ აირჩიეს ბერლინის ფედერალური მიწის მმართველად. ორჯერ იგი ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად მართავდა ქალაქს. ბოლო ვადის მიმდინარეობისას კი ბრანდტის გსდპ-მ კოალიცია თავისუფალ დემოკრატთა პარტიათან შეკრა. 1956 წელს ბრანდტი სათავეში ედგა უნგრეთის სოლიდარობის მრვალაათასიან დემონსტრაციას, რომელიც ბერლინში გაიმართა.

ორი კრიზისი ბერლინში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრანდტის მერად მუშაობის პერიოდი ბერლინში განვითარებული ორი უმძიმესი კრიზისის ხანას დაემთხვა. 1958 წელს, ბერლინის ბლოკადიდან ათი წლის შემდეგ გერმანიის დედაქალაქი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა „ცივი ომის“ ეპიცენტრში. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცეკას პირველმა მდივანმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა დასავლეთის ქვეყნებს მორიგი ულტიმატუმი წარუდგინა. იგი წელიწადნახევრის ვადაში ითხოვდა ბერლინის გაერთიანებასა და მის თავისუფალ ქალაქად გამოცხადებას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასავლეთ ბერლინსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული კავშირების ბლოკირებით დაიმუქრა. ხრუშჩოვის მუქარის შემდეგ ბრანდტმა წამოიწყო მასშტაბური კამპანია ლოზუნგით „ბერლინი თავისუფალ ქალაქად დარჩება“. კამპანიის ეგიდით ქალაქში მრავალრიცხვოვანი დემონსტრაციები იმართებოდა, ამასთანავე, დასავლეთ ბერლინის ადმინისტრაციასა და ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს შორის წარმოებდა ინტენსიური მოლაპარაკებები ხრუშჩოვის განცხადების შემდეგ წარმოქმნილი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. 1958 წლის მოვლენების შემდეგ ვილი ბრანდტმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა და მსოფლიოს პრესისთვის კარგად ნაცნობ მოღვაწედ ჩამოყალიბდა. 1958 წელს დასავლეთ ბერლინმა თავიდან აიცილა საბჭოთა ჯარების ინტერვენცია, რაც ბრანდტისა და სოციალ-დემოკრატების ავტორიტეტზეც აისახა. ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტებმა 52,6% მიიღეს, რითაც მიწის სტატუსის მქონე ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვეს. 1961 წელს დასავლეთ ბერლინში კიდევ ერთი კრიზისი განვითარდა. 13 აგვისტოს გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა ქალაქის არაკომუნისტური ნაწილის კედლით შემოფარგვლა დაიყეს. „ბერლინის კედელმა“ ქალაქი ორ ნაწილად გაჰყო. ქალაქის მერმა ბრანდტმა თავისი საარჩევნო კამპანია შეწყვიტა და რამდენიმე კვირა მსოფლიოს ყველა გავლენიან ლიდერთან კომუნიკაციის გზით ცდილობდა კედლის მშენებლობის შეჩერებას. ბრანდტის ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

ფედერალურ პოლიტიკაში (1961-1969)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერლინის მერის პოსტზე მუშაობის პარალელურად, ბრანდტი ცდილობდა ფედერალურ პოლიტიკაშიც მიეღო მონაწილეობა. 1961 წელს გერმანელმა სოციალ-დემოკრატებმა ბრანდტი პირველად წარადგინეს თავიანთ კანცლერობის კანდიდატად. პირველი ფედერალური კამპანიის წარმოების დროს ბრანდტის მთავარი ოპონენტი კონრად ადენაუერი გახლდათ. კონსერვატიული ბანაკის წარმომადგენლები ხშირად მწვავედ აკრიტიკებდნენ სოციალ-დემოკრატთა ლიდერს. კონრად ადენაურმა რეგენსბურგსა და ბონში ჩატარებულ საარჩევნო ღონისძიებებზე ღიად მიანიშნა, რომ ბრანდტი ქორწინებაში არმყოფი ქალის შვილი იყო. თავდაცვის მინისტრმა და ბავარიის მხარის მომავალმა პრემიერმა, ჰანს-იოზეფ შტრაუსმა ეჭვქვეშ დააყენა ბრანდტის ანტინაცისტური მოღვაწეობა: „რა გააკეთა ვილი ბრანდტმა 12 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ? ჩვენ ზუსტად არაფერი ვიცით.“ ბრანდტის პირადი ცხოვრების ინსტრუმენტალიზების მიუხედავად, ლიუბეკელმა მაინც მოახერხა 1961 წლის ფედერალურ არჩევნებზე სოციალ-დემოკრატთა შედეგების 4,4%-ით გაუმჯობესება. 1964 წელს გარდაიცვალა გსდპ-ის თავმჯდომარე ერიხ ოლენაუერი. სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერის ჰერბერტ ვენერის ინიციატივით პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვილი ბრანდტმა დაიკავა. 1965 წლის ფედერალურ არჩევნებზე ვილი ბრანდტი ხელმეორედ დასახელდა მემარცხენე-ცენტრისტთა კანცლერობის კანდიდატად. ამჟამად იგი ქრისტიან-დემოკრატ ლუდვიგ ერჰარდთან კონკურენციაში დამარცხდა. 1966 წელს ერჰარდმა კანცლერის თანამდებობა დატოვა. მისი მემკვიდრის სტატუსი კურტ-გეორგ კისინგერმა მიიღო, რომელმაც ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატების „დიდ კოალიციას“ ჩაუყარა საფუძველი. „დიდ კოალიციაში“ ვილი ბრანდტს ვიცე-კანცლერისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის თანამდებობები ხვდა წილად.

ფედერალური კანცლერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1969 წელს ვილი ბრანდტმა მესამედ იყარა კენჭი გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე. არჩევნების შემდეგ მან თანაპარტიელთა ნების საწინააღმდეგოდ მოლაპარაკებები აწარმოა გერმანიის თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან. მოლაპარაკებები შედეგიანი გამოდგა. პირველად გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ისტორიაში ხელისუფლებაში სოციალ-ლიბერალური კოალიცია მოვიდა, რომელიც გსდპ-სა და თავისუფალ დემოკრატებს აერთიანებდა. 1969 წლის 21 დეკემბერს ბუნდესტაგმა ვილი ბრანდტი ფედერალურ კანცლერად აირჩია. ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი თავისუფალ დემოკრატთა ლიდერი ვალტერ შეელი გახდა. ბრანდტის კანცლერობის წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკის ინიცირება და მისი განხორციელების დაწყება გახლდათ. აღმოსავლეთს პოლიტიკის მიზანი „ცივი ომის“ დაძაბულობის განმუხტვა იყო. აღმოსავლეთის პოლიტიკის ფარგლებში გერმანიას „მცირე ნაბიჯების სტრატეგიის“ გამოყენებით დიალოგი უნდა დაეწყო „სოციალისტურ ბანაკში“ აღმოჩენილ ქვეყნებთან. ბრანდტის აღმოსავლეთთან ურთიერთობების იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, საფრანგეთის ლიდერი ჟორჟ პომპიდუ და დასავლეთ ევროპის გაერთიანების მესვეურნი. მიუხედავად ამისა, ბრანდტმა მაინც გადაწყვიტა მოლაპარაკებების წარმოება მოსკოვთან და მოსკოვის გავლენის ქვეშ მყოფ ევროპულ სახელმწიფოებთან. 1970 წლის 19 მარტს ვილი ბრანდტი ოფიციალურად ეწვია გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას (გდრ). ქალაქ ერფურტში ფედერალურ კანცლერს ადგილობრივები ოვაციებით დახვდნენ. ტურინგიის დედაქალაქში დასავლეთ გერმანიის ლიდერმა მოლაპარაკებები აწარმოა გდრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან, ვილი შტოფთან. 1970 წლის 21 მაისს უკვე ვილი შტოფი ეწვია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. კასელში ორ გერმანულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების საკითხები იქნა განხილული. 1970 წლის 12 აგვისტოს ვილი ბრანდტი მოსკობს ეწვია. ფედერალური მთავრობის მეთაურმა ხელი მოაწერა მოსკოვის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სსრკ და გფრ აღიარებდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ჩამოყალიბებულ საზღვრებს, მათ ურღვეობას და გამოთქვამდნენ მზაობას ურთიერთთანამშრომლობისათვის. 1970 წლის 7 დეკემბერს ბრანდტი და ახალი აღმოსავლეთის პოლიტიკის არქიტექტორები უკვე ვარშავაში ჩადიან. ფორმდება ვარშავის ხელშეკრულება. გფრ ოფიციალურად აღიარებს პოლონეთ-გერმანიის საზღვარს, რომელიც მდინარეების ოდერისა და ნაისის ხაზსს ემთხვევა. ვარშავაში ბრანდტის ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი პოლონელ ებრაელთა აჯანყების მემორიალის მონახულება გახლდათ. ვილი ბრანდტმა ყველასთვის მოულოდნელად, გერმანელთა სინანულის ნიშნად დაიჩოქა ვარშავის გეტოს წინააღმდეგობის მემორიალთან. ვარშავაში დაჩოქებამ დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. 1971 წელს ვილი ბრანდტმა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის დიალოგის გააქტიურებისათვის ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო. ვილი ბრანდტის საშინაო პოლიტიკა კი ეფუძნებოდა მის მიერვე საპარლამენტო მოხსენების დროს გაჟღებულ ლოზუნგს: „ჩვენ გვსურს, რომ მეტი დემოკრატია გავბედოთ“. საპარლამენტო მოხსენებას რეფორმების დიდი ტალღა მოჰყვა. სოციალურ, საგანმანათლებო, ჯანდაცვისა და საბინაო სისტემებში განხორციელებული რეფორმები პრიორიტეტად სოციალური სამართლიანობისა და საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპებს აცხადებდა. 1972 წელს ბრანდტის პოლიტიკისადმი ოპოზიციის უკმაყოფილებამ პიკს მიაღწია. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრები აცხადებდნენ, რომ გდრ-სთან და სხვა კომუნისტურ რეჟიმებთან თანამშრომლობით, მათთან სასაზღვრო თუ ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებათა გაფორმებით ფედერალური კანცლერი რესპუბლიკის ნაციონალურ ინტერესებს ღალატობდა. ამასთანავე, მათი მტკიცებით, ბრანდტის მთავრობის მიერ კეთილდღეობის ინსტიტუტებისადმი გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსება საბიუჯეტო დეფიციტის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო. სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და თავისუფლი დემოკრატების ფრაქციის რამდენიმე წევრმა (მათ შორის ყოფილმა ლიბერალმა ფედერალურმა მინისტრმა ერიხ მენდემ) საპარლამენტო უმრავლესობიდან ოპოზიციაში გადაინაცვლეს. ქრისტიან-დემოკრატიულმა ფრაქციამ ბრანდტს უნდობლობა გამოუცხადა და მის ნაცვლად კანცლერად კონსერვატორთა ფრაქციის ლიდერის, რაინერ ბარცელის კანდიდატურა წარადგინა. ბარცელს ბრანდტის ჩასანაცვლებლად ორი ხმა დააკლდა. ქრისტიან-დემოკრატებმა ვილი ბრანდტის გადაყენება ვერ მოახერხეს. უნდობლობის ვოტუმის ჩავარდნის მიუხედავად, ფედერალური მთავრობის ინიციატივით პრეზიდენტმა გუსტავ ჰაინემანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. 1972 წლის ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებზე ამომრჩეველთა 91% გამოცხადდა, რაც დღემდე ამომრჩეველთა აქტიურობის საუკეთესო მაჩვენებლად მიიჩნევა. მოქალაქეთა 45,8%-მა მხარი ვილი ბრანდტსა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას დაუჭირა. პირველად ფედერალური რესპუბლიკის საარჩევნო ისტორიაში სოციალ-დემოკრატები პირველ ადგილზე გავიდნენ. არჩევნებმა ერთგვარი პლებისციტის როლი შეასრულა და გამოხატა მოქალაქეთა პოზიტიური დამოკიდებულება აღმოსავლეთის პოლიტიკისა თუ კეთილდღეობის სახელმწიფოს მზარდი ხარჯების მიმართ.

კანცლერობის მეორე ვადაში ბრანდტმა ისრაელში იმოგზაურა. ბრანდტი პირველი გერმანელი კანცლერი აღმოჩნდა, რომელიც ისრაელს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ბრანდტმა მონაწილეობა მიიღო ისრაელის პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირსა და ეგვიპტის ლიდერებს შორის მიმდინარე საიდუმლო დისკუსიაში. ბრანდტი პიონერი გახლდათ მწვანე პოლიტიკის წარმოების სფეროშიც. ჯერ კიდევ 1961 წლის კამპანიის დროს გამოვიდა იგი მოწოდებით: „რურის ოლქის თავზე ცა კვლავ ლურჯი უნდა გახდეს!“. 1973 წელს მან პირველი ფედერალური გარემოსდაცვითი სტრუქტურა შექმნა გერმანიის ისტორიაში, რომლის მიზანიც ეკოლოგიური სტანდარტების უზრუნველყოფა და მწვანე პოლიტიკის გატარება იყო. 1974 წლის მაისში ვილი ბრანდტმა კანცლერის თანამდებობა დატოვა, რადგან მის ადმინისტრაციაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯაშუშის მუშაობის ფაქტი დადასტურდა. ვილი ბრანდტის პერსონალური რეფერენტი გიუნთერ გიიომი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს საგანგებო სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდა.

კანცლერობის შემდგომი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანცლერის პოსტიდან გადადგომის მიუხედავად, ბრანდტი აქტიური პოლიტიკიდან არ წასულა. 1987 წლამდე იგი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებდა. საშინაო პოლიტიკის გარდა, ყოფილი კანცლერი კვლავ აქტიურად მონაწილეობდა საგარეო პოლიტიკურ პროცესებშიც. 1979-1990 წლებში მას ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვთან, პალესტინის ლიდერ იასირ არაფატთან, კუბის რევოლუციის მეთაურ ფიდელ კასტროსთან, ჩინეთის ფაქტობრივ მმართველ ძენ სიაოპინთან, აღმოსავლეთ გერმანიის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ერიკ ჰონეკერთან. 1990 წელს ბრანდტი ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს შეხვდა. დახურულ კარს მიღმა საუბრის შემდეგ ჰუსეინმა ბრანდტის თხოვნით 175 ტყვე გაათავისუფლა. 1977 წელს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის, რობერტ მაკნამარას თხოვნით ბრანდტი სათავეში ჩაუდგა „განვითარების საკითხთა საერთაშორისო დამოუკიდებელ კომისიას“, რომელიც გლობალურ სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის არსებული უთანასწორობის შემსწავლელ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტად იქცა. სამწლიანი მუშაობის შემდეგ კომისიამ კრიტიკული ანგარიში წარადგინა. 1983 წლის ოქტომბერში ბრანდტი ნატოს დამატებითი შეიარაღების გერმანიის ტერიტორიაზე განლაგების საწინააღმდეგო დემონტრაციის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ. 1977-დან 1992 წლამდე ვილი ბრანდტი „სოციალისტური ინტერნაციონალის“ პრეზიდენტის პოსტსაც იკავებდა.

პირადი ცხოვრება და სიცოცხლის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილი ბრანდტი სამჯერ იყო დაქორწინებული. 1941-1948 წლებში მისი მეუღლე იყო ნორვეგიელი კარლოტა თორკილდსენი, რომელთან თანაცხოვრებისას სოციალ-დემოკრატს ერთი ქალიშვილი ნინია შეეძინა. 1948-1980 წლებში ვილი ბრანდტის მეუღლე გახლდათ ნორვეგიელი სოციალისტი რუთ ბერგაუსტი. ვილისა და რუთს სამი ვაჟი შეეძინათ ისტორიკოსი პეტერ ბრანდტი, მწერალი ლარს ბრანდტი და მსახიობი მათიას ბრანდტი. 1980-1992 წლებში ვილი ბრანდტის მეუღლე ისტორიკოსი ბრიგიტე ზეებახერი იყო. ვილი ბრანდტი გარდაიცვალა 1992 წლის 8 ოქტომბერს. დაკრძალულია ცალენდორფის ტყის სასაფლაოზე, ბერლინის ყოფილი მერის ერნსტ როიტერის გვერდით.

ვილი ბრანდტი ქართულ წყაროებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვილი ბრანდტის შესახებ ქართულ ენაზე ორი ძირითადი მასალა მოიპოვება. 2018 წლის ზაფხულში „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის მსმენელებისათვის ვრცელი ვიდეო - ლექცია „ვილი ბრანდტი — გერმანიის პირველი სოციალისტი კანცლერი“ მოამზადა მემარცხენე პოლიტოლოგმა ლევან ლორთქიფანიძემ[1]. 2018 წლის დეკემბერში კი ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა ბიურომ გამოსცა ეგონ ბარის წიგნი „ეს შენ უნდა მოჰყვე — მოგონებები ვილი ბრანდტზე“. წიგნი ქართულ ენაზე თარგმნა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კიკნაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 507, თბ., 1977 წელი.
  • Egon Bahr, „Das musst du erzählen“: Erinnerungen an Willy Brandt. Berlin 2013
  • Eine totale Opposition wird scheitern. Spiegel-Gespräch mit Bundeskanzler Willy Brandt. In: Der Spiegel. Nr. 44, 1969, S. 29–34 (online – 27. Oktober 1969, Titelthema: „Bonns neue Herren“).
  • Peter Merseburger: Willy Brandt, 1913–1992. Visionär und Realist. Stuttgart 2002, ISBN 3-423-34097-5
  • Hans-Joachim Noack: Willy Brandt. Ein Leben, ein Jahrhundert. Rowohlt Berlin Verlag, Berlin 2013, ISBN 978-3-87134-645-3
  • Wilfried Rott: Die Insel. Eine Geschichte West-Berlins 1948–1990. C.H. Beck, München 2009, ISBN 978-3-406-59133-4
  • Helga Grebing, Gregor Schöllgen, Heinrich August Winkler (Hrsg.): Willy Brandt. Berliner Ausgabe. Band 2: Zwei Vaterländer. Dietz-Verlag, Bonn 2000, ISBN 3-8012-0302-6
  • Klaus Misgeld: Die „Internationale Gruppe demokratischer Sozialisten“ in Stockholm 1942–1945. In: Acta Universitatis Upsaliensis. Studia Historica Upsaliensis 79, Uppsala, 1976
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]