ვიკიპედია:Creative Commons 3.0 ლიცენზიის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დეტალურად

  • ხელშეკრულების ფორმა — შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. კანონმდებლობა ელექტრონულად დადებულ ხელშეკრულებას უთანაბრებს წერილობითი ფორმის დაცვასთან, რომელიც სავალდებულოა სალიცენზიო ხელშეკრულებებისთვის. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონის) 42-ე მუხლის მიხედვით, სალიცენზიო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. ხოლო „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ კანონის მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ელექტრონული დოკუმენტი უთანაბრდება წერილობით მატერიალურ დოკუმენტს.

1) ტერმინთა განმარტებები და კანონმდებლობასთან შესაბამისობა

ტერმინი კანონმდებლობასთან შესაბამისობა საკანონმდებლო საფუძველი
ადაპტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი
კრებული შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი
გავრცელება შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან კანონის მე-18 მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი
ლიცენზიარი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან კანონის მე-18 მუხლი პირველი პუნქტის სიტყვები „საავტორო უფლების სხვა მფლობელს“
პირვანდელი ავტორი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მიხედვით მხოლოდ ფიზიკური პირი არის ნაწარმოების ავტორი, ცალკეულ შემთხვევაში იურიდიულ პირს აქვს ნაწარმოებთან დაკავშირებით გარკვეული უფლებები. კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი. მე-10 მუხლის მეორე პუნქტი. მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი. მე-4 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი. მუხლი 11. მუხლი 15. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი. მე-16 მუხლის პირველი პუნქტი.
ნაწარმოები შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან კანონის მუხლი 5. მუხლი 6. მუხლი 8. მუხლი 11.
პირი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის პირველი ნაწილი.
საჯაროდ შესრულება შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან კანონის მე-4 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი
რეპროდუცირება შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი

2) სამართლიანი გარიგების უფლებები

  • სამართლიანი გარიგების უფლებები — შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. ხელშეკრულების აღნიშნული ნაწილი აღიარებს ქართული კანონმდებლობის მიერ განსაზღვრულ საავტორო უფლებათა შეზღუდვის შემთხვევებს. დასახელებული საავტორო უფლებები არის დაკავშირებული ნაწარმოების ისეთ გამოყენებასთან, რომელიც ძირითადად არ მოითხოვს ავტორის თანხმობასა და უზღუდავს მას ჰონორარის მოთხოვნის უფლებას.

3) ლიცენზიით მინიჭებული უფლებები

  • ლიცენზიით მინიჭებული უფლებები — შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. მითითებული უფლებები წარმოადგენს ქონებრივ უფლებებს, რომელიც გადაეცემა ლიცენზიით მოსარგებლებს. კანონის მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე დასახელებული ქონებრივი უფლებამოსილების გადაცემა ლიცენზიით მოსარგებლისთვის. ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინი „როიალტი“ სრულ თანხვედრაშია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 21-ე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან და ჰონორარის იდენტურ მნიშვნელობას ატარებს.

4) აკრძალვები

  • აკრძალვები — შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. ხელშეკრულების აღნიშნული ნაწილი იცავს ავტორის, როგორც ქონებრივ, ასევე პირად (მორალურ) უფლებებს. დეტალურად აღწერს ამ უფლებათა სარგებლობის ტექნიკურ ნაწილს.

5) წარმომადგენლობა, გარანტიები და უარი პასუხისმგებლობაზე და 6.) პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • წარმომადგენლობა, გარანტიები და უარი პასუხისმგებლობაზე; 6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. დასახელებული პირობები დამახასიათებელია ანგლო-ამერიკული საერთო სამართლის მქონე ქვეყნებში არსებული კანონმდებლობისთვის. ისინი წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რადგან საკითხთან დაკავშრებით პირდაპირი შეზღუდვა არ მოქმედებს. მხარეებს შეუძლიათ ხელშეკრულებაში ნებისმიერი პირობის გათვალისწინება, რაც კანონმდებლობით აკრძალული არ არის. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია სამართლის ზოგადი ნორმებით მოხდეს აღნიშნული ნორმებისგან განსხვავებული დარეგულირება, რასაც ითვალისწინებს თვითონ წარმოდგენილი პირობებიც. მაგალითად, კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი) შესაძლოა მხარეს მაინც დაეკისროს პასუხისმგებლობა მიუხედავად დასახელებული ნორმისა. ამის წინასწარ განჭვრეტა დამოკიდებულია სამომავლოდ კონკრეტულ გარემოებებზე.

7) შეწყვეტა

  • შეწყვეტა —  შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. a. აღნიშნული პირობა წარმოადგენს შეთანხმების საგანს და არ არის შეზღუდული კანონით ან სხვა შესაბამისი კანონმდებლობით. B.  კანონის 31-ე და 32-ე მუხლების მიხედვით, საავტორო უფლებები მოქმედებს ნაწარმოების საჯაროდ გამოცემიდან 70 წლის ვადით,  ან თუ საჯაროდ გამოცემა არ მოხდა ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლების, სახელის უფლების, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა ხორციელდება უვადოდ. პირობა ითვალისწინებს ხელშეკრულების მოქმედებას კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.  აგრეთვე, ხელშეკრულების აღნიშნული პირობა შესაბამისია სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებთან, რადგან კოდექსის 62-ე მუხლის მიხედვით, გარიგების რომელიმე ნაწილის ბათილობა არ იწვევს სხვა ნაწილების ავტომატურად ბათილობას.

8) სხვა პირობები

  • სხვა პირობები — შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან. A.-e. პირობები წარმოადგენს შეთანხმების საგანს და არ არის შეზღუდული კანონით ან სხვა შესაბამისი კანონმდებლობით. F. საქართველო არის ჩამოთვლილი საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმომწერი ქვეყანა, გარდა, საავტორო უფლებათა უნივერსალური კონვენციისა.

იხილეთ აგრეთვე

ეს გვერდი შექმნილია ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის ინიციატივითა და მხარდაჭერით.