ვიკიპედია:რჩეული ფოტოები/2006

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყინწვისის მონასტრის ფრესკა

ყინწვისის მონასტრის მოხატულობა უნიკალურია ქართულ შუა საუკუნეების მხატვრობაში, მისი განსაკუთრებული სილურჯის, შესრულების ტექნიკისა და რბილი ტონალობის გამო. ის მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ დროის სხვა ნიმუშებისგან. ტაძარი დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ძვირფასი ფრესკები დღითიდღე ირეცხება და ფერმკრთალდება წვიმის, ქარისა და ყინვისაგან. ფრესკები ერთ დროს ოქროს ფირფიტებით იყო შემოსილი. ამჟამად ისინი თითქმის ჩამორეცხილია. აქ მდებარეობს ცნობილი ყინწვისის ღვთისმშობლის ფრესკა, რომელიც ძლიერაა დაზიანებული. თამარ მეფის იშვიათი ფრესკა კი უკვე თითქმის გამქრალია.



სურათზე: გაბრიელ მთავარანგელოზის ფრესკა ყინწვისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან
სხვა რჩეული ფოტოები...


შტანგენცირკული.

შტანგენცირკული (გერმ. Stange) — მოწყობილობა, რომელსაც შიდა და გარე ზომების ასაღებად იყენებენ მილიმიტრის მეასედის სიზუსტით. ილუსტრაციაზე ნაჩვენებია შტანგენცირკულით ჭანჭიკის ზომის აღების პროცედურა. პირველი ორი ციფრი ირკვევა ქვემო შკალაზე 0-ის მდებარეობით. ბოლო ციფრს განსაზღვრავს ქვემო შკალაზე პირველი ხაზი, რომელიც ზუსტად ხვდება ზემო შკალას.


წყარო: ხოაკიმ გასპარი
სხვა რჩეული ფოტოები...


ჩაქვის ჩაის მკრეფავები.

სერგეი პროკუდინ-გორსკის 1915 წლის ფოტოსურათზე სოფელ ჩაქვის ჩაის მკრეფავები პოზირებენ ჩაის პლანტაციის ფონზე. ჩაი დასავლეთ საქართველოში მე-19 საუკუნის შუა წლებში შემოიღეს და უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის საკმაოდ გავრცელებული კულტურა გახდა. საბჭოთა პერიოდში მეჩაიეობა სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდა. სელექციური კვლევისა და გადამმუშავებელი ფაბრიკების ქსელის გაფართოებით 1980-იანი წლებისთვის საქართველო უკვე 150 ათას ტონა მზა პროდუქციას უშვებდა.


ფოტო: სერგეი პროკუდინ-გორსკის
სხვა რჩეული ფოტოები...


ტერმინი აგიტპროპი გაჩნდა ბოლშევიკურ რუსეთში, სადაც იგი აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების შემოკლებულ სახელად გამოიყენებოდა, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური და რეგიონული კომიტეტების ნაწილი იყო. მას რაიმე ნეგატიური ქვეტექსტი არ გააჩნდა, არამედ უბრალოდ "იდეათა გავრცელებას" ნიშნავდა. პროპაგანდა ადამიანის გონებაზე ახდენდა გავლენას, მაშინ როცა აგიტაცია ემოციებზე იყო გათვლილი, თუმცა ორივე, როგორც წესი, ერთდროულად მიმდინარეობდა, რამაც დასაბამი მისცა კლიშეს "აგიტ-პროპი".


სურათზე: 1941 წლის საბჭოთა აგიტპროპ პოსტერი "ნუ ლაყბობ! იყავი ფხიზლად, ასეთ დროს კედლებიც ისმენენ, ლაყბობა ღალატთან მიგიყვანს."
სხვა რჩეული ფოტოები...


ჰემისფერიკი.

ჰემისფერიკი - 14.000 მ² ფართობზე გადაჭიმული აიმაქსის სისტემის კინოთეატრი და პლანეტარიუმი ვალენსიაში, ესპანეთი, სანტიაგო კალატრავას პროექტით აგებული ხელოვნებისა და მეცნიერების ქალაქის ნაწილია - თანამედროვე არქიტექტურის შთამბეჭდავი კომპლექსი, რომელიც აწ დამშალი მდინარე ტურიას კალაპოტში აშენდა და 2005 წლის 9 ოქტომბერს გაიხსნა.

ფოტო წყარო: Chosovi.
სხვა რჩეული ფოტოები...


ვასნეცოვის "მფრინავი ხალიჩა".

ამ ფერწერულ ტილოზე გამოსახულია რუსული ხალხური ზღაპრების გმირი მეფისწული ივანე, შინ მობრუნებული ფასკუნჯის დაჭერის შემდეგ, რომელიც მას გალიაში ჰყავს დამწყვდეული. ეს ნამუშევარი რუსული ხალხური ზღაპრების გამოსახვის ვასნეცოვის პირველი მცდელობა იყო და დასაბამი გახდა რუსულ ფოლკლორულ თემებზე აგებული ტილოების განთქმული სერიისა.

ნახატი: ვიქტორ ვასნეცოვი. მფრინავი ხალიჩა (1880). ნიჟნი ნოვგოროდის ხელოვნების მუზეუმი.
სხვა რჩეული ფოტოები...

სტალინი, ჩერჩილი და რუზველტი თეირანის კონფერენციაზე.

ამ განთქმულ სურათზე გამოსახულია მეორე მსოფლიო ომში სამი უმსხვილესი მოკავშირე ქვეყნის ლიდერი - იოსებ სტალინი (სსრკ), უინსტონ ჩერჩილი (დიდი ბრიტანეთი) და ფრანკლინ რუზველტი (აშშ) თეირანის კონფერენციის შემდეგ, რომელიც ქალაქ თეირანში 1943 წლის ნოემბრის ბოლოს შედგა, სადაც საფუძველი ჩაეყარა "დიდ სამეულს". ეს იყო კონფერენციათა სერიიდან რიგით მეორე, რომელიც პირველად ქაიროში ჩატარდა, შემდეგ კი - იალტასა და პოტსდამში.

ფოტო წყარო: აშშ-ის არმია
სხვა რჩეული ფოტოები...


დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე.

"ვარდების რევოლუცია" იყო 2003 წლის ნოემბერში ქალაქ თბილისში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერია, რომელსაც 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და შემდეგ საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა.


ფოტო წყარო: საქ. მთავრობის ვებგვერდი]
სხვა რჩეული ფოტოები...


ლოკომოტივის ავარია მონპარნასის სადგურზე.

ლონდონის ათასწლეულის ხიდი გაიხსნა 2000 წლის 10 ივნისს ფოსტერ ენდ პარტნერსისა და სერ ენტონი კაროს პროექტით. ეს იყო პირველი ახალი ხიდი ლონდონში ტემზაზე 1894 წელს აგებული ტაუერის ხიდის შემდეგ. მისი გახსნის დღეს მასზე მოძრაობის ზეგავლენით ხიდმა კრიტიკული ვიბრაცია დაიწყო. ხიმს მყისვე მეტსახელად ცანცარა (Wobbly Bridge) შეარქვეს. ორ დღეში პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ხიდი დახურეს.


ფოტო წყარო: პოლ ლომაქსი
სხვა რჩეული ფოტოები...


ლოკომოტივის ავარია მონპარნასის სადგურზე.

1895 წლის 22 ოქტომბერს მონპარნასის რკინიგზის სადგურზე გრანვილი-პარიზის ექსპრესმა ლიანდაგის სამუხრუჭე ბუფერს გადაუარა. შედეგად ლოკომოტივი სადგურის პლატფორმაზე თითქმის 30 მეტრზე გაცურდა, დაეჯახა 60 სმ სისქის კედელს, გადავიდა ტერასაზე, სადგურიდან გამოვარდა და რენის მოედანზე, რომელიც 10 მეტრით დაბლა იყო, ცხვირით დაერჭო.


ფოტო წყარო: სტუდიო ლევი ენდ სანს
სხვა რჩეული ფოტოები...


ანთებული ასანთის ღერი.

ასანთიცეცხლის სწრაფად დანთების მარტივი და მოხერხებული საშუალება, შედგება მყიფი ხის ან ქაღალდის ღერისა და მის ერთ ბოლოზე წასმული სპეციალური მასალისგან, როგორც წესი ფოსფორის შემცველობით, რომელიც ალდება სპეციალურ ზედაპრიზე ხახუნით წარმოქმნილი მხურვალებისგან. ასანთის ორი სახეობა არსებობს: უსაფრთხო ასანთი, რომელიც მხოლოდ სპეციალურ ზედაპირზე გაკვრით ინთება და საველე ასანთი, რომელიც ნებისმიერ მყარ ზედაპირზე გაკვრით ინთება.


ფოტო წყარო: სებასტიან რიტერი
სხვა რჩეული ფოტოები...

მუჰამედ ალიმ ხანი, ბუხარას ემირი, 1911

ბუხარას ამირის მუჰამედ ალიმ ხანის ადრეული ფერადი ფოტოსურათი, გადაღებული 1911 წელს სერგეი პროკუდინ-გორსკის მიერ 1909-1915 წლებში რუსეთის იმპერიის შესახებ დოკუმენტური ინფორმაციის შეგროვების დროს. ალიმ ხანი, ჩინგის ყაენის პირდაპირი შთამომავალი, მანღითის დინასტიის ბოლო ამირი იყო. მმართველობდა 1911-20 წლებში, ბოლშევიკთა მიერ ბუხარას ანექსიის შემდეგ კი აზერბაიჯანში გაიქცა და იქიდან ბუხარას სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა.

ფოტო: სერგეი პროკუდინ-გორსკის
სხვა რჩეული ფოტოები...


მეჩეთის მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთიდან.

ჯენეს დიდი მეჩეთი უდიდესი ტალახის აგურით ნაგები შენობაა მსოფლიოში და მრავალ არქიტექტორთა მიერ სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის უდიდეს მიღწევად ითვლება. მეჩეთი ქალაქ ჯენეში, მალი, მდებარეობს, მდ. ბანის დელტაზე. მის ადგილას პირველი მეჩეთი აიგო მე-13 საუკუნეში, ამჟამინდელი ნაგებობა კი 1907 წლით თარიღდება. ეს მეჩეთი ამჟამად აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს.

სურათზე: მეჩეთის ჩრდილოეთის ფასადი.
წყარო: ენდი გილჰემი

სხვა რჩეული ფოტოები...


კადრი სპექტაკლიდან "აქ, ამ სავანეში". სამეფო უბნის თეატრი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა თეატრია. მდებარეობს გ. აბესაძის 10-ში, ყოფილ ქარვასლას შენობაში, რომელიც თეატრის კოლექტივმა საკუთარი ძალებით აღადგინა. პირველი სპექტაკლი ახალმა დასმა 1997 წელს გამართა. თეატრში მოღვაწეობენ ქართველი ოსტატები თემურ ჩხეიძე, რობერტ სტურუა, გოგა თავაძე და დათო საყვარელიძე, მსახიობები იზა გიგოშვილი, მედეა ჩახავა, თამარ სხირტლაძე, ნიკა თავაძე, ზაალ ჩიქობავა და მრავალი სხვა.


სურათზე: კადრი სპექტაკლიდან "აქ, ამ სავანეში".
წყარო: თეატრის ვებგვერდი

სხვა რჩეული ფოტოები...


საკე ბრინჯისგან გამოხდილი იაპონური ალკოჰოლური სასმელია. იაპონიაში ეს სიტყვა უბრალოდ ალკოჰოლურ სასმელს ნიშნავს. საკეს ცივად, თბილად ან ცხლად მიირთმევენ სეზონისა და სურვილის მიხედვით. სხვა ალკოჰოლური სასმელების მსგავსად იაპონიაში საკეს ხელდაღმა ასხამენ, განსაკუთრებით როცა სხვა ადამიანს მიართმევენ. ხელაღმა დასხმა უზრდელობად ითვლება და გაკვირვება ან უარყოფაც კი შეიძლება გამოიწვიოს.


სურათზე: საკეს კასრები იცუკუშიმას ტაძარში.
ავტორი: დენ სმიტი

სხვა რჩეული ფოტოები...


ნიუტონის აკვანი მოძრაობაში.

ნიუტონის აკვანი — მოწყობილობა, რომელიც იმპულსისა და ენერგიის შენახვის დემონსტრაციას ახდენს. მოძრაობაში მოყვანილი ბურთულა ეჯახება მეორეს და ენერგიას გასაცემს მისი გავლით ბოლო ბურთულას, რომელიც ასევე მოძრაობაში მოდის. 1967 წელს ინგლისელმა მსახიობმა საიმონ პრებლმა გამოიგონა და იმ დღიდან პოპულარული სამაგიდო სათამოშო გახდა.


ავტორი: Dominique Toussaint
სხვა რჩეული ფოტოები...


ტადეუშ კოსტიუშკო ფიცს დებს პოლონეთის დამპყრობთაგან განთავისუფლებაზე

ტადეუშ კოსტიუშკო პოლონეთის ეროვნული გმირი, გენერალი და 1794 წელს რუსეთის წინააღმდეგ კოსტიუსკოს აჯანყების მეთაური იყო. ამ ნახატზე ის, როგორც აჯანყების ხელმძღვანელი, ფიცს დებს კრაკოვის ბაზრის მოედანზე. ის ასევე იბრძოდა ამერიკის რევოლუციურ ომში კონტინენტურ არმიაში ვაშინგტონის მხარეზე.


ნახატი: ვოიცეხ კოზაკი
სხვა რჩეული ფოტოები...


ბულბული (Luscinia), ბეღურასნაირთა რიგის ფრინველების გვარია. საქართველოშო ორი სახეობა გვხვდება: ჩვეულებრივი ბულბული მიმოფრენისას (აპრილ-მაისსა და აგვისტოში) ჩერდება, სამხრეთული ბულბული კი აპრილიდან სექტემბრამდე. ბინადრობს ბუჩქნარში, წყაროების, მდინარეების ნაპირებზე, ტყისპირებში, მთის ფერდობებზე და ბაღებში; უყვარს წყლის სიახლოვე. საუკეთესო მგალობელი ფრინველია.


ფოტო წყარო: Marek Szczepanek
სხვა რჩეული ფოტოები...

სექტემბერი 2006[წყაროს რედაქტირება]

1992-93 წლებში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმი 13 თვის განმავლობაში გამუდმებით იბომბებოდა რუსეთის სამხედრო ტექნიკით. მიუხედავად შიმშილის და უკიდურესად გაუსაძლისი პირობებისა სოხუმელთა დიდ ნაწილს ქალაქი ბოლო დღემდე არ მიუტოვებია. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემისას მოსახლეობა იძულებული გახდა მშობლიური ქალაქი დაეტოვებინა. ამ კონფლიქტის შედეგად აფხაზეთში ათობით ათასი ადამიანი ომისა და ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 250.000-ზე მეტი ლტოლვილი გახდა.


ფოტო წყარო: UNOMIG
სხვა რჩეული ფოტოები...


ანიმაცია (მულტიპლიკაცია) სტატიკური გამოსახულებების დროში მონაცვლეობით შექმინილი მოძრაობის ოპტიკური ილუზიაა. კინოპროდუქციაში ანიმაციის სახელით ცნობილია ტექნიკა, რომლის დროსაც ფილმის თითეული კადრი ინდივიდუალურად იქმნება. ეს კადრები შეიძლება შეიქმნას კომპიუტერის, ნახატი გამოსახულებების ფოტოგრაფირების ან სანიმუშო ერთეულისთვის განმეორებითი მცირე ცვლილებების გაკეთებისა და შედეგის სპეციალური ანიმაციური კამერით გადაღების საშუალებით.


სურათზე: 12 კადრი/წამში ტიპიური სიჩქარეა მულტფილმისთვის. / ავტორი: Janke
სხვა რჩეული ფოტოები...


ვარშავის გეტოს ამ ცნობილ ფოტოზე აჯანყების ჩახშობისას სს-ის ჯარისკაცებმა შეპყრობილ ებრაელებს თავშესაფარი იძულებით დაატოვებინეს, შემდეგ კი უმშლაგპლატცზე შეყარეს დეპორტაციისთვის. ვარშავის გეტო იყო უდიდესი ებრაელთა კონცენტრირებული დასახლება შექმნილი ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ მეორე მსოფლიო ომში ჰოლოკოსტის დროს. მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში დეპორტაციებით გეტოს მოსახლეობა სავარაუდო 450 000-დან 37 000-მდე დავარდა.


ფოტო წყარო: აშშ-ის ჰოლოკოსტის მუზეუმი
სხვა რჩეული ფოტოები...


მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევები სურათზე აღბეჭდილია ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ნანგრევები 2001 წლის 14 სექტემბერს. 1973 წლის 4 აპრილს გახსნილი იაპონელი არქიტექტორის მინორუ იამასაკის პროექტის შენობათა კომპლექსი 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შედეგად განადგურდა. ცენტრი 7 შენობისგან შედგებოდა, რომელთა შორის არქიტექტურულად დომინირებდა ორი ტყუპი-კოშკი, თითოეული მათგანი 110 სართულით (ჩრდ. 417, სამხ. 415 მ). ტერაქტის შედეგად ორივე შენობა მთლიანად ჩამოინგრა, კომპლექსის კიდევ ერთი შენობა (სასტუმრო მარიოტი) მათ ნანგრევებში მოჰყვა. დანარჩენი ოთხი შენობის კარკასი გადარჩა, თუმცა მოგვიანებით ისინი ექსპლოატაციისთვის გამოუსადეგად სცნეს და დაანგრიეს. ამ ადგილას ამჟამად მშენებლობის პროცესშია ფრიდომ ტაუერი, რომელიც გეგმით 2011 წელს უნდა დასრულდეს.


ფოტო წყარო: www.news.navy.mil
სხვა რჩეული ფოტოები...


პორფირიონი პორფირიონი, ხონთქრის ქათამი (Porphyrio porphyrio), ლაინასებრთა ოჯახის ფრინველი. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, სამხრეთ აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და დასავლეთ პოლინეზიაში. კავკასიაში გვხვდება აღმოსავლეთ დაღესტანსა და აზერბაიჯანში. უწინ საქართველოში გვხვდებოდა ჯანდარისა და კუმისის ტბებზე. ბინადრობს ზღვებისა და მტკნარი წყალსატევების პირას, ხშირ ლერწამ-ლელქაშში, ბუდეს მიწაზე იკეთებს. აპრილში დედალი დებს 5-7 (ჩვეულებრივ 3-5) კვერცხს, კრუხობს ორივე მშობელი, 22-25 დღე-ღამეს. იკვებება მცენარეული საკვებით, უმნიშვნელო რაოდენობით მწერებით. მეტად იშვიათად ჭამს ბაყაყს, ფრინველის მართვეს. შეტანილია "წითელ წიგნში".


ფოტო წყარო: Cheradenine
სხვა რჩეული ფოტოები...

კეპლერის სუპერნოვა ეს ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი კეპლერის ზეახალი ვარსკვლავიდან (SN 1604) შედგება ვარსკვლავის გიგანტური აფეთქების შედეგად დარჩენილი ნივთიერებისგან. ამ მოვლენის ორი შესაძლო სცენარი არსებობს: მასიურმა ვარსკვლავმა შეწყვიტა თერმობირთვული ენერგიის წარმოება და კოლაფსს განიცდის საკუთარი გრავიტაციის ძალით, ან კიდევ თეთრი ჯუჯა კომპანიონი ვარსკვლავისგან ნივთიერების დაგროვებით აღწევს კრიტიკულ მასას და მსგავს კოლაფსს განიცდის. ორივე შემთხვევაში წარმოქმნილი სუპერნოვას აფეთქება იწვევს ვარსკვლავური მასის მთლიანად ან დიდი ნაწილის გამოფრქვევას ყველა მიმართულებით უდიდესი ძალით.


ფოტო წყარო: NASA
სხვა რჩეული ფოტოები...

უოლტ დისნეის საკონცერტო ჰოლი უოლტ დისნეის საკონცერტო ჰოლი სამუსიკო ცენტრის ნაწილია ცენტრალურ ლოს-ანჯელესში, კალიფორნია; გაიხსნა 2003 წლის 23 ოქტომბერს. ფრენკ გერის პროექტის ლითონის ფირფიტებით შემოსილი შენობა დეკონსტრუქტივიზმის თვალსაჩინო ნიმუშია. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ფასადმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მიიღო, საკონცერტო ჰოლის აკუსტიკას სპეციალისტები საუცხოოდ მიიჩნევენ.


ფოტო წყარო: Jon Sullivan
სხვა რჩეული ფოტოები...

მზის ჩასვლა, სოჭი სოჭი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შავი ზღვისპირა კურორტია, ამჟამად კრასნოდარის ოლქში, ყოფილი აფხაზეთის ტერიტორია, საქართველოში. მდებარეობს თვალწარმტაც ბუნებრივ უბესთან, რომელსაც თოვლიანი კავკასიონის მთები გადმოჰყურებს. მზის ჩასვლის ფოტოსურათი სოჭში გადაღებულია პროკუდინ-გორსკის მიერ 1915 წელს, და შესანიშნავი მაგალითია ადრეული ფერადი ფოტოგრაფიის.


ფოტო წყარო: სერგეი პროკუდინ-გორსკი
სხვა რჩეული ფოტოები...

ოპტიკური ილუზია ოპტიკურ ილუზიას ადამიანის მხედველობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს, იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით. არსებობს ფიზიოლოგიკური ილუზიები და შემეცნებითი ილუზიები. მირაჟი ბუნებრივი ილუზიის მაგალითია, რაც ოპტიკურ ფენომენს წარმოადგენს, სხვა მაგალითია მთვარის ხილული სიდიდის ვარიაცია (მცირეა ზენიტზე, დიდია ჰორიზონტთან), თუმცა ეს არ არის ოპტიკური ფენომენი, არამედ უფრო შემეცნებითი ან კოგნიტიური ილუზიაა.


სურათზე კვადრატი A ზუსტად იგივე ნაცრისფერია, რაც კვადრატი B.

ფოტო წყარო: Edward H. Adelson
სხვა რჩეული ფოტოები...


ფუშიმი ინარის ჭიშკრები ფუშიმი ინარი-ტაიშა (伏見稲荷大社) ინარის სულისთვის მიძღვნილი შინტოს აკლდამა, ფუშიმი-კუ, კიოტო, იაპონია. ინარის სულს მიიჩნევენ მარცვლეულის, განსაკუთრებით ბრინჯის მფარველად, და შესაბამისაც ის ისტორიულად სიმდიდრესთან ასოცირდებოდა. იაპონური კომპანიები ინარის აკლდამებს როგორც წესი ბრინჯის ღვინოს (საკე) ან ტორიით შემოსილ ჭიშკრებს სწირავენ.


ფოტო წყარო: Paul Vlaar
სხვა რჩეული ფოტოები...

მონუმენტის ხეობა მონუმენტის ხეობა (ინგლ. Monument Valley) მდებარეობს იუტას სამხრეთ საზღვარზე ჩრდ. არიზონასთან (კოორდ. 36°59′N 110°6′W). ხეობა ნავახოს ეროვნული რეზერვაციის ფარგლებში მდებარეობს ქალაქ გულდინგთან. მიისვლება აშშ-ის #163 გზატკეცილით. ნავახოს ენაზე ხეობის სახელია: ცე ბიი ნძისგაიი (ქვათა ხეობა).


ფოტო წყარო: Huebi
სხვა რჩეული ფოტოები...


ერთი დღის წიწილა ქათამი მოშინაურებული ფრინველის ნაირსახეობაა, რომელიც ასევე ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩიტია მსოფლიოში — მათმა რაოდენობამ 2003 წელს 24 მილიარდს გადააჭარბა. ადამიანთა საკვებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხორცის პროდუქტია მთელს დედამიწაზე, და მისი მომზადების მრავალი რეცეპტი არსებობს. აზიის ზოგიერთ ქვეყანაში დეკორატიულ ფრინველად ჰყავთ.


ფოტო წყარო: Fir0002
სხვა რჩეული ფოტოები...

1927 წლის სოლვეის კონფერენცია კვანტურ მექანიკაში

სოლვეის კონფერენცია კვანტურ მექანიკაში ტარდება ყოველ სამ წელიწადში და ეძღვნება უმნიშვნელოვანეს მიმდინარე ღია პრობლემებს ფიზიკასა და ქიმიაში. 1927 წლის კონფერენციას (მონაწილეები იხ. სურათზე) ესწრებოდა 17 ნობელის პრემიის ლაურეატი და მან დასაბამი მისცა ბორ-აინშტაინის დებატებს, სადაც ალბერტ აინშტაინმა ეჭვქვეშ დააყენა კვანტური მექანიკის სტანდარტული ანუ კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია.

ფოტო წყარო: ბენჯამინ კუპრი
არქივი - სხვა რჩეული ფოტოები...