ვიკიპედია:რჩეული სტატიები/ახალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
P cal euro-green.png

ახალი „რჩეულები“[წყაროს რედაქტირება]

ანა ბრეტონელი

ანა ბრეტონელი (ფრანგ. Anne de Bretagne, ბრეტ. Anna Breizh, გერმ. Anna von Bretagne, იტალ. Anna di Bretagna; დ. 25 იანვარი, 1477, ნანტი, ბრეტანის საჰერცოგო — გ. 9 იანვარი, 1514, ბლუა, საფრანგეთის სამეფო) — მონფორთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. ბრეტანის ჰერცოგინია და ეტამპის გრაფინია 1488-1514 წლებში როგორც ფრანსუა II ბრეტონელის ასული. ავსტრიის ერცჰერცოგინია 1490-91 წლებში როგორც მაქსიმილიან I-ის მეუღლე. საფრანგეთის ორგზის დედოფალი 1491-98 და 1499-1514 წლებში, ნეაპოლის დედოფალი 1501-03 წლებში და მილანის ჰერცოგინია 1499-1512 წლებში როგორც ჯერ შარლ VIII-ის, ხოლო შემდეგ ლუი XII-ის მეუღლე. საფრანგეთის დედოფალ კლაუდია დე ვალუას დედა. ანა დაიბადა ბრეტანის საჰერცოგოს დედაქალაქში და იზრდებოდა თავის უმცროს დასთან, იზაბელთან ერთად. იგი იყო ბრეტანის ჰერცოგ ფრანსუა II-ისა და მისი მეორე მეუღლის, ნავარის პრინცესა მარგარიტა დე ფუას უფროსი ქალიშვილი და მათი ტახტის მემკვიდრე. 1488 წელს ჰერცოგი ფრანსუა ბრძოლაში დაიღუპა, რის გამოც ტახტზე 11 წლის ანა ავიდა, რომელსაც მაშინვე უამრავი ხელისმთხოვნელი გამოუჩნდა. თავდაპირველად იგი დანიშნული იყო ინგლისის მეფე ედუარდ V-ზე, თუმცა იგი მალევე დაიღუპა, რის გამოც ანამ ახალი საქმროს ძიება დაიწყო. იგი საბოლოოდ 1490 წელს ცოლად გაჰყვა ავსტრიის უკვე დაქვრივებულ ერცჰერცოგ მაქსიმილიან I-ს. ჯერ კიდევ დამოუკიდებელი, თუმცა უმწეო ბრეტანის ასეთმა დაახლოვებამ ჰაბსბურგებთან, შეაშინა საფრანგეთის მეფე შარლ VIII და დიდი არმიით შეიჭრა ბრეტანში. მან დაიკავა ძირითადი ბრეტონული ციხესიმაგრეები და 1491 წელს ანა იძულებით შეირთო ცოლად. რომის პაპმა მისი და მაქსიმილიანის ქორწინება გააუქმა და იგი შარლის ცოლად და შესაბამისად საფრანგეთის ახალ დედოფლად გამოაცხადა. იგი გარდაიცვალა 1514 წელს, 36 წლის ასაკში. მასთან ერთად არსებობა სამუდამოდ შეწყვიტა მონფორების დინასტიამაც, რომელიც ორას წელზე მეტხანს მართავდა ბრეტანს.


კლოდ დებიუსი, 1908, ფოტოგრაფი ფელიქს ნადარი

აშილ კლოდ დებიუსი (ფრანგ. Achille-Claude Debussy; დ. 22 აგვისტო, 1862 — გ. 25 მარტი, 1918) — ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი კომპოზიტორი გვიან XIX და ადრეულ XX საუკუნეებში. მოკრძალებული მატერიალური შესაძლებლობების და ძალზე მცირე კულტურული ჩართულობის ოჯახში დაბადებული დებიუსი საკმარისად ნიჭიერი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ათი წლის ასაკში ჩარიცხულიყო საფრანგეთის წამყვან მუსიკალურ სასწავლებელში — პარიზის კონსერვატორიაში. ის თავდაპირველად ფორტეპიანოს სწავლობდა, მაგრამ თავისი მოწოდება ინოვაციურ კომპოზიციაში დაინახა, მიუხედავად იმისა, რომ ამას კონსერვატორიის კონსერვატორი პროფესორები არ ეთანხმებოდნენ. თავისი მომწიფებული სტილის განსავითარებლად მრავალი წელი დასჭირდა და თითქმის 40 წლის იყო, როცა 1902 წელს საერთაშორისო აღიარებას მიაღწია თავისი ერთადერთი ოპერით „პელეასი და მელისანდე“. 1881 და 1882 წლებში იყო რუსეთში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მიიღო რომის პრემია (კანტატისთვის „უძღები შვილი“. 1885–1886 წლებში ცხოვრობდა რომში. 1887 წელს პარიზში დაბრუნდა და დაუახლოვდა სიმბოლიზმისა და იმპრესიონიზმის წარმომადგენელ პოეტთა და მხატვართა ჯგუფს, რომელსაც სტეფან მალარმე ხელმძღვანელობდა. დებიუსი ზოგჯერ მოიხსენიება პირველ იმპრესიონისტ კომპოზიტორად, თუმცა თავად ამ ტერმინის წინააღმდეგი იყო. ადრეული, მათ შორის რუსული და შორეული აღმოსავლეთის მუსიკის გავლენით შეიმუშავა ჰარმონიის და საორკესტრო ფერის საკუთარი სტილი, რომელსაც მაშინდელი მუსიკალური ისტებლიშმენტი დასცინოდა და უშედეგოდ ეწინააღმდეგებოდა. მან გადაახალისა მუსიკალური გამომსახველობის ფორმები, გაამდიდრა ბგერითი, საორკესტრო და საფორტეპიანო პალიტრა. კოლორიტისათვის იყენებდა ბუნებრივ კილოებს, პენტატონიკას, პოლიტონალობისა და ატონალობის ელემენტებს.


მონუმენტი ევპატორიაში

ყირიმელი თათრების დეპორტაცია (ყირიმ. Qırımtatar halqınıñ sürgünligi, Къырымтатар халкъынынъ сюргюнлиги; უკრ. Депортація кримських татар; რუს. Депортация крымских татар) — ყირიმელი თათრების იძულებითი გადასახლება ყირიმიდან უზბეკეთში და მის მიმდებარე ყაზახეთისა და ტაჯიკეთის რაიონებში. მცირე ჯგუფები ასევე გადაასახლეს მარის ასსრ-ში და რსფსრ-ის სხვადასხვა რეგიონებში. დეპორტაცია განახორციელა საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა 1944 წლის 18-დან 20 მაისის ჩათვლით თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, მისი ხელმძღვანელის იოსებ სტალინის ხელმოწერით. ოფიციალურად, დეპორტაცია დასაბუთებული იყო ყირიმელი თათრების მასობრივი მონაწილეობით კოლაბორაციონისტულ ფორმირებებში, რომლებიც გამოდიოდნენ ნაცისტური გერმანიის მხარეზე დიდი სამამულო ომის პერიოდში. ასევე ერთ-ერთი მიზეზი იყო თანამშრომლობა ოკუპანტებთან, თუმცა არც საერთაშორისო სამართალი და არც საბჭოთა კანონები არ განიხილავდა კოლექტიურ პასუხიმგებლობას ცალკეული პირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1967 წლის 5 სექტემბრის № 493 ბრძანებულებით „ყირიმში მცხოვრები თათარი მოქალაქეების შესახებ“ აღიარებულია, რომ „1944 წელს, ნაცისტური ოკუპაციის შემდეგ ყირიმის გათავისუფლების დროს, ყირიმში მცხოვრები თათრების გარკვეული ნაწილის გერმანელ დამპყრობლებთან აქტიური თანამშრომლობის ფაქტები უსაფუძვლოდ გავრცელდა ყირიმის მთელ თათრული წარმოშობის მოსახლეობაზე“. 1989 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ ყირიმელი თათრების დეპორტაცია უკანონოდ და დანაშაულებრივად აღიარა. 2014 წლის 21 აპრილს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ყირიმელი თათრებისა და სხვა ყირიმელი ხალხის რეაბილიტაციის შესახებ, რომლებიც დაზარალდნენ სტალინური რეპრესიების გამო.


ფილმის პოსტერი

ბორატი! ამერიკის კულტურული გამოკვლევა ყაზახეთის სახელოვანი ერის სასარგებლოდ, მოკლედ ბორატი (ინგლ. Borat! Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan) — „Mockumentary“-ის ჟანრის ფილმი, რომლის პროდიუსერიც და მთავარი როლის, ბორატ საგდიევის შემსრულებელი არის ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი. ფილმის გადაღება და დისტრიბუცია მოახდინა კინოკომპანია „20th Century Fox“-მა, ხოლო რეჟისორი იყო ლარი ჩარლზი. ძირითადად, ფილმში ნაჩვენებია ბორატის და სხვა ამერიკელების ურთიერთობა, რომელთა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ მათ ფილმში იღებდნენ, ხოლო ბორატი ეგონათ უცხოელი სტუმარი, რომელსაც ზედაპირული გაგება ჰქონდა ამერიკულ კულტურაზე. ბორატის მიერ შექმნილი „Da Ali G Show“-დან, ბორატი არის მეორე პერსონაჟი, რომლის ისტორიაზეც ფილმი გადაიღეს. პირველი ფილმი, „ალი ჯი პარლამენტში“ გამოვიდა 2002 წელს, ხოლო მესამეს, „ბრუნო“ პრემიერა 2009 წელს შედგა. ფილმის პროდიუსირებაზე იზრუნა ბარონ კოენის კომპანია „Four By Two“-მ (სლენგზე, „Four By Two“ ნიშნავს ებრაელს). ფილმი დადებითად იქნა მიღებული მაყურებლის მიერ და აგრეთვე კომერციულად წარმატებული გამოდგა; შემოსავალმა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 262 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ბარონ კოენმა შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი მოიგო, ხოლო ფილმი კომედიურ და მუსიკალურ ჟანრში საუკეთესო კინოსურათის ნომინანტთა შორის მოხვდა. ოსკარის 79-ე დაჯილდოებაზე, ბორატი ნომინირებული იყო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში. ფილმი, გამოსვლიდან ორი წლის განმავლობაში, არაერთი უთანხმოებისა თუ სკანდალის ცენტრში მოექცა. გადამღები ჯგუფისა თუ მსახიობთა გუნდის არაერთმა წევრმა სურათის შემქმნელები გააკრიტიკა, ზოგმა სასამართლო დავაც კი წამოიწყო. ფილმი აკრძალეს ყველა არაბულ ქვეყანაში (გარდა ლიბანისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისა, სადაც ცენზურაში გატარებული ვერსია აჩვენეს), ხოლო რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა კინოთეატრებს, ფილმი არ ეჩვენებინათ. „ბორატი“ DVD-ზე 2007 წლის 5 მარტს გამოვიდა.