ვიკიპედია:კეთილსინდისიერება
| ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
| ორი სიტყვით: თუ მკაფიო საპირისპირო მტკიცებულება არ არსებობს, ჩათვალეთ, რომ სხვა რედაქტორები ცდილობენ პროექტის გაუმჯობესებას და არა მისთვის ზიანის მიყენებას. თუ კრიტიკა აუცილებელია, განიხილეთ რედაქტორების ქმედებები, მაგრამ მოერიდეთ მათ მავნე მოტივებში დადანაშაულებას. |
| ვიკიპედიის სახელმძღვანელოები |
|---|
| ქცევის წესები |
|
ნუ ეცემით ახალბედებს · ეტიკეტი · განხილვის გვერდების მართვა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · კატეგორიზაცია |
| შინაარსის სახელმძღვანელოები |
|
ლიტერატურის მითითება · სანდო წყაროები · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს |
| რედაქტირების წესები |
| სტილის სახელმძღვანელო |
|
იხ. აგრეთვე დებულებები |
კეთილი ზრახვების არსებობის დაშვება ნიშნავს მომხმარებლების მიერ იმის წარმოდგენა, რომ ადამიანები განზრახ არ ცდილობენ ვიკიპედიის დაზიანებას, მაშინაც კი, როდესაც მათი ქმედებები საზიანოა. ეს ვიკიპედიის ფუნდამენტური პრინციპია. ადამიანების უმეტესობა ცდილობს დაეხმაროს პროექტს და არა დააზიანოს იგი. სხვაგვარად, ვიკიპედიის მსგავსი პროექტი თავიდანვე განწირული იქნებოდა.
მაგალითად, თუ ვინმე ამატებს ცუდად დასაბუთებულ სადავო მასალას ცოცხალი ადამიანის შესახებ, მაშინ თქვენ ან დაუყოვნებლივ უნდა დაამატოთ მაღალი ხარისხის წყაროები, ან წაშალოთ იგი. მაგრამ არ არის აუცილებელი ჩათვალოთ, რომ ეს რედაქტორი თავისი წვლილით ვიკიპედიის დაზიანებას ცდილობდა.
მიდგომა, რომელიც კეთილ ზრახვებს გულისხმობს: „ეს ადამიანი, ალბათ, უბრალოდ ვერ ერკვევა ვიკიპედიის წყაროების სტანდარტებში. მე ვაუქმებ მის რედაქტორებას.“
მიდგომა, რომელიც ბოროტ ზრახვებს გულისხმობს: „ეს ადამიანი ცუდად დასაბუთებული „ნაგავის“ დამატებით ვიკიპედიის განადგურებას ცდილობს! მე ვაუქმებ მის რედაქტორებას.“
როდესაც უთანხმოება იჩენს თავს, მაქსიმალურად ეცადეთ ახსნათ და გადაჭრათ პრობლემა და არ გამოიწვიოთ კონფლიქტის გაღვივება; მიეცით სხვებსაც ანალოგიური პასუხის გაცემის შესაძლებლობა. დაფიქრდით, ხომ არ გამომდინარეობს დავა განსხვავებული შეხედულებებიდან და ეძებეთ კონსენსუსის მიღწევის გზები.
როდესაც კეთილი ზრახვები ეჭვქვეშაა, შეძლებისდაგვარად თავად ცადეთ დაუშვათ, რომ მომხმარებელს კეთილი ზრახვები ჰქონდა. იყავით თავაზიანი და მიჰყევით დავების გადაჭრის პროცედურებს, ნაცვლად იმისა, რომ პერსონალურ თავდასხმებზე გადახვიდეთ ან რედაქტირებების ომი დაიწყოთ. თუ გსურთ, გამოთქვათ ეჭვი ვიკიპედიელების საქციელთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაამყაროთ ეს ეჭვები კონკრეტული ცვლილებების ისტორიით და სხვა შესაფერისი მტკიცებულებებით, რათა სხვებმა გაიგონ თქვენი შეშფოთების საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი საქციელი შესაძლოა ბოროტი ზრახვებით იყოს განპირობებული, როგორც წესი, უმჯობესია განიხილოთ საქციელი და არა მისი მოტივები, ამ უკანასკნელმა, შესაძლოა, წყენა კიდევ უფრო გააღვივოს.
ეს სახელმძღვანელო (პოლიტიკა) არ მოითხოვს რედაქტორებისგან, განაგრძონ კეთილი ზრახვების არსებობის დაშვება საწინააღმდეგოს აშკარა მტკიცებულებების არსებობისას (მაგ. ვანდალიზმი). კეთილი ზრახვების არსებობის დაშვება ასევე არ კრძალავს დისკუსიასა და კრიტიკას, რადგან რედაქტორებს, რომლებიც ვიკიპედიის გაუმჯობესებას ცდილობენ, შეიძლება არ ჰქონდეთ საჭირო ინფორმაცია ან უნარები თავიანთი კეთილსინდისიერი მიზნების მისაღწევად. უფრო მეტიც, რედაქტორებმა არ უნდა გააკრიტიკონ ქმედებები, როგორც ბოროტი განზრახვა, თუ ამის კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს.
კეთილი ზრახვების შესახებ
ყველას მოსდის შეცდომა, როგორც ქცევითი (როგორიცაა პირადი თავდასხმები), ასევე შინაარსობრივი (როგორიცაა ორიგინალური კვლევის დამატება). უმეტესად, ასეთი შეცდომების გამოსწორება მარტივი შეხსენებებით შეგვიძლია. თუმცა, შესაძლებელია, რომ ვიკიპედიაში იქნება უთანხმოებები, რომლებზეც არცერთ წესსა თუ სახელმძღვანელოს არ აქვს მარტივი პასუხი. როდესაც უთანხმოება ხდება, მის უკან შესაძლოა ბოროტი განზრახვა არ იყოს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გაეცანით კონფლიქტების გადაჭრის მექანიზმებს, თუ უთანხმოება გადაუჭრელი გეჩვენებათ. სინამდვილეში, ბევრი მათგანი ასეთი არ არის.
წესების დარღვევა — როგორიცაა მოქმედება რამდენიმე ანგარიშით, კონსენსუსის დარღვევა და ა.შ. — შეიძლება ჩადენილი იყოს როგორც კეთილი, ისე ბოროტი ზრახვებით. არსებობს ყველა ამ შემთხვევასთან გამკლავების პროცესები და სანქციები წესების განმეორებითი დარღვევისთვის, როდესაც ბლოკირების მექანიზმი გამოყენებული იქნება მიუხედავად იმისა, იყო თუ არა საქმეში ბოროტი განზრახვა.
კეთილი ზრახვები და ახალბედები

მნიშვნელოვანია, იყოთ მომთმენი ახალბედების მიმართ, რომლებიც შეიძლება არ იცნობენ ვიკიპედიის კულტურასა და წესებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, შესაძლოა ღირებულ რედაქტორებად იქცნენ.
ახალბედის ქცევა, სავარაუდოდ, მას თავად მიაჩნია სწორად და ამ მხრივ პრობლემა, როგორც წესი, ვიკიპედიის კულტურის არცოდნაზე ან გაუგებრობაზე მიუთითებს. იშვიათი არაა, რომ ახალბედას სჯეროდეს, რომ უცნობი წესი უნდა შეიცვალოს და მოერგოს მათ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მუშაობდეს ყველაფერი, განსაკუთრებით თუ ისინი ამჩნევენ, რომ აღნიშნულ წესთან დაკავშირებით უკვე არსებობს გარკვეული დონის უთანხმოება. ანალოგიურად, ბევრ ახალბედას სურს, რომ მათი წვლილი სტატიებში უსიტყვოდ იქნას მიღებული, განსაკუთრებით ის, რაც ეხება იმ თემებს, რომლებზეც მათ დიდი ცოდნა აქვთ. ასეთი შეხედულებებიდან გამომდინარე ქცევები, როგორც წესი, ბოროტი განზრახვით არ არის გამოწვეული (თუმცა, შესაძლოა მცდარი იყოს) და მათი „ბოროტებად“ განხილვა არ უნდა მოხდეს. ბევრი ახალი მომხმარებელი, რომელსაც ვიკიპედიის ჩვეულებების ინტუიციური აღქმა აკლია, თანდათან ეგუება, როგორც კი ამ ჩვეულებების მიღმა ლოგიკა მათთვის უფრო ნათელი ხდება.
კეთილი ზრახვები და საავტორო უფლებები

საავტორო უფლებების შესაძლო დარღვევებთან მუშაობისას, კეთილი ზრახვების არსებობა გულისხმობს იმის დაშვებას, რომ რედაქტორები აპირებენ საიტის პოლიტიკისა და კანონის დაცვას. ეს განსხვავდება იმ ვარაუდისგან, რომ მათ რეალურად შეასრულეს ორივე მოთხოვნა. რედაქტორებს აქვთ პროაქტიული ვალდებულება, შესაბამისი დოკუმენტირება გაუკეთონ სურათებს ატვირთვისას და ა.შ. და შესაბამისად, მასალა შეიძლება წაიშალოს, თუ დოკუმენტაცია არასწორი ან არასაკმარისია. კეთილსინდისიერი კორექტირება მოიცავს რედაქტორების ინფორმირებას პრობლემების შესახებ და მათთვის ამ მხრივ მუშაობის გაუმჯობესებაში დახმარებას.
კეთილი ზრახვები და ადმინისტრაციული ჩარევა
წესების პოტენციურ დარღვევებთან მუშაობისას, ადმინისტრატორებმა არ უნდა ჩათვალონ, რომ რედაქტორმა წესები ბოროტი ზრახვებით დაარღვია, თუ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.
რას არ მოიცავს კეთილი ზრახვების არსებობის დაშვება

ბევრს არასწორად ესმის ვიკიპედიის „კეთილი ზრახვების არსებობის დაშვების“ წესი, თითქოს ის ნიშნავდეს „ჩათვალე, რომ სხვა რედაქტორმა სათანადო გულმოდგინება გამოიჩინა“ ან „ბრმად ენდე“ წყაროს, რედაქტორს ან შინაარსს. თუმცა, რეალურად, მისი შინაარსი უფრო ახლოსაა „კეთილი განზრახვის ვარაუდთან“ და არ ნიშნავს: „მე არ მაქვს წვდომა წყაროზე, ამიტომ „კეთილი ზრახვების არსებობას ვუშვებ“, რომ მისი შინაარსი სწორია“ და არც იმას: „რედაქტორმა წაშალა წყაროს გარეშე მოცემული მასალა, ამიტომ „კეთილი ზრახვების არსებობას ვუშვებ“, რომ მან სათანადო გულმოდგინება გამოიჩინა და დარწმუნდა, რომ სანდო წყაროები არ არსებობს.“
ეს წესი ასევე არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა უგულებელყოთ დესტრუქციული ქცევის ან საიტის წესების დარღვევის აშკარა მტკიცებულებები, ან უსიტყვოდ მიიღოთ ყველა რედაქტირება. ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა პირმა შეიძლება მოითხოვოს, რომ მათდამი ნდობა უცვლელი იყოს „კეთილი ზრახვების არსებობის დაშვების“ წესის თანახმად, მაშინაც კი, როდესაც ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არსებობს. თუმცა, რედაქტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ არ უგულბელყონ დამაზიანებელი რედაქტირებები და არ დახუჭონ თვალი მოტყუების, ვანდალიზმის ან მიკერძოებული რედაქტორების აშკარა მცდელობებზე. ამის ნაცვლად, „კეთილი ზრახვების არსებობის დაშვება“ მოუწოდებს რედაქტორებს, დაიწყონ იმ რწმენით, რომ სხვები ვიკიპედიის გაუმჯობესებას ცდილობენ. როდესაც პრობლემურ რედაქტირებას წააწყდებით, მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევა და აღმოფხვრა, მაგრამ გააკეთეთ ეს იმ აზრით, რომ შეცდომები ხდება და ყველა შეცდომა ბოროტი განზრახვით არ არის დაშვებული. კეთილი ზრახვების არსებობის დაშვების მიზანია თანამშრომლობითი და პატივისცემაზე დამყარებული სარედაქციო გარემოს შენარჩუნება.
კეთილი ზრახვების დემონსტრირება
გარდა კეთილი ზრახვების არსებობის დაშვებისა, წაახალისეთ ამაში სხვებიც, რომ მათაც დაუშვან კეთილი ზრახვების არსებობა, ამისთვის კი თავად თქვენ უნდა მოახდინოთ საკუთარი კეთილი ზრახვების დემონსტრირება. ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი პატიოსანი მოტივების გამოხატვით და ისეთი რედაქტირებით, რომელიც აჩვენებს თქვენს მზადყოფნას კომპრომისზე წასასვლელად, ვიკიპედიის გაუმჯობესებისადმი ინტერესს, პოლიტიკისა და წესების დაცვას, თქვენი რედაქტირებების სიზუსტის რწმენას, სისტემის მანიპულირების თავიდან აცილებას და სხვა კეთილსინდისიერ ქცევას. კეთილსინდისიერების გამოვლენა სავალდებულო არ არის, მაგრამ ის ხელს უწყობს რედაქტორებთან შეუფერხებელ და წარმატებულ ურთიერთობას.
ბოროტ ზრახვებთან გამკლავება

მაშინაც კი, თუ ბოროტი ზრახვები აშკარაა, სანაცვლოდ თავად არ მოიქცეთ არათავაზიანად, არ გადახვიდეთ პირად თავდასხმებზე და ამის გამო არ დაკარგოთ სიმშვიდე. საბოლოო ჯამში, სხვებისთვის ბევრად უფრო ადვილია დავის გადაწყვეტა და იმის დანახვა, თუ ვინ არღვევს წესებს, როდესაც ერთი მხარე აშკარად სათანადოდ იქცევა.
ვიკიპედიის ადმინისტრატორები და დავების გადაწყვეტაში ჩართული სხვა გამოცდილი რედაქტორები, როგორც წესი, მოხარული იქნებიან დაგეხმარონ და მათ სრულად შეუძლიათ წესების დამრღვევი ქცევის იდენტიფიცირება, თუ მათ ყურადღებას მიაპყრობთ მკაფიო და კონკრეტულ მტკიცებულებებზე.
ფრთხილად იყავით ამ წესის ზედმეტად აგრესიულად ციტირებისას. ისევე, როგორც შეიძლება არასწორად შეაფასო, რომ სხვა ბოროტი ზრახვებით მოქმედებს, ასევე შეიძლება შეცდომით დაასკვნა, რომ ბოროტი ზრახვები იგულისხმეს; „კეთილი ზრახვების არსებობის დაშვებისკენ“ მოწოდებები თავად შეიძლება სხვების მიმართ ნეგატიურ დაშვებებს ასახავდეს.
სხვების ბოროტ ზრახვებში დადანაშაულება
მოერიდეთ სხვა რედაქტორების ბოროტ ზრახვებში (არაკეთილსინდიერებაში) დადანაშაულებას კონკრეტული ცვლილებების მტკიცებულებებად წარმოდგენის გარეშე. ასეთ ბრალდებები, ხშირად არანაირ მიზანს არ ემსახურება და შეიძლება პროვოკაციულად იქნას აღქმული, რითაც დავას კიდევ უფრო გაამწვავებთ. აშკარა მტკიცებულების გარეშე, რომ სხვა რედაქტორის ქმედება ნამდვილად არაკეთილსინდიერობით არის განპირობებული ან შემავიწროვებელია და ამის მრავალჯერ განმეორებით მტკიცება შეიძლება პირად თავდასხმად შეფასდეს. შედეგად, თქვენ თვითონ შეიძლება იყოთ დადანაშაულებული არაკეთილსინდიერებაში, რომელიც, როგორც წესი, ქმნის უსარგებლო ბრალდებებისა და კონტრბრალდებების ციკლს.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ იგულისხმება თამაშ მონოპოლიის ბარათი, რომელიც „ციხიდან“ ყოველგვარი განმარტების გარეშე გათავისუფლებს.