ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110215163651/

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გრამატიკის ტროპულობა ანა კალანდაძის პოეზიაში (ატრიბუტული მსაზღვრელ-საზღვრული და მისი სტილისტური ფუნქცია)“

ჟუჟუნა შაინიძე

ანა კალანდაძის ენაში ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიტყვების ჩვეულებრივ თანწყობაში განსახოვნებულია სიტყვის მაგიური ძალმოსილება, გასაოცარი სტილური მომხიბვლელობა, რასაც ჰქვია სწორედ ანა კალანდაძის სტილი. მისი პოეტური ქსოვილის დახასიათებისათვის ნამდვილად გამოგვადგება მალარმეს პასუხი კითხვაზე „ვინ ლაპარაკობს?”. აქ ენა თავისი წიაღიდან გვეხმიანება.ანა იძირება ენის წიაღში. მისი პოეტური ენა თვითრეფერენციულია. ანა მხოლოდ პოეტია, სხვა ვინმე არ არის. მისი მოცალეობა რუსთაველის მიჯნურის მოცალეობას ჰგავს. ამიტომაც „განიხვნა მისთვის ბჭენი ცათანი” და ენამ აზიარა ერთგული მიჯნური თავის ღრმა საიდუმლოს. ანა კალანდაძის ლექსები „ენაში გაჩენილი ყვავილებია”(სხილაძე 2006: 3), ყვავილებივით უნებურად ამოსულნი, ყვავილთა უმანკოებაში განათლულნი... პოეტი ისე წმენდს სიტყვათა სემანტიკურ ველს, რომ ჩვენში გაუჩინარებულ ედემს, ლოგოსს, აძლევს საშუალებას გამოიწიოს ენის ზედაპირზე. ანა კალანდაძის ენობრივი ქსოვილი ქმნის ერთგვარ ეკრანს, მოკრიალებულ ცას, რომელსაც არსებობა მხოლოდ თაურ ენაში ჰქონდა, ზეგრძნობადსა და ყოვლის აღმნიშვნელში. „ის ენა, რომლითაც პირველი ადამიანი ელაპარაკებოდა ღმერთს, მიძინებულია ენების გულისგულში და ამ ენის გარეთ გამომტანი არის პოეტი.” (სხილაძე 2006: 3). ანა კალანდაძე გრძნობს და ხედავს ქართული ენის სიღრმეს: ~შენ ისე ღრმა ხარ ქართულო ცაო.~ (კალანდაძე 1976: 57). მისი პოეზიაც იმ მაღალი სიღრმიდან, იმ თავწყაროდან მოედინება. ანა ძლიერი ეფებოსია. მან გაითავისა მინჩხის, მტბევარის, ზოსიმეს ენა და თანადროულობის კუთვნილებად აქცია, რომლის სიძლიერითაც ყველაზე უკეთ გამოხატა უღმერთო ეპოქის ტრაგიზმი და არა მხოლოდ გამოხატა, არამედ დაუპირისპირდა და შეებრძოლა კიდეც მას. ამიტომ იყო, რომ გარკვეულ წლებში კომუნისტური ხელისუფლება კრძალავდა და აკრიტიკებდა ანას პოეზიას უიდეობის, არასაგნობრიობის, უპიროვნობის გამო. ე.ი. ყოველივე იმის გამო, რითაც ლექსი ნამდვილ პოეზიად იქცევა. ანასთან ვერ შეხვდებით მხოლოდ და მხოლოდ ექსპრესიულობისათვის მოხმობილ ბრჭყვიალა ეპიტეთებსა და მეტაფორებს. მის სალექსო სტრიქონში ყველა ბგერას, სიტყვას, სახეს, თვით სასვენ ნიშნებსაც კი თავისი სტილისტურ-სემანტიკური ფუნქცია აქვს. ყოველი მათგანი ქართული ენის იდუმალი შინაგანი სამყაროს გარეთ გამომტანია. მისი სემიოტიკური ველი ვიზუალურობასთან ერთად დახუნძლულია მინიშნებებით, მეტაფორული ქვეტექსტებით - ~ღვთიური სინათლის ლურჯი კონებით~, რათა უვნებლად გავიაროთ ~უამრავ ლერწმის გაუვალ ტევრში~ (180). ანა კალანდაძის პოეზიაში ერთ-ერთი ძირითადი სტილისტური ფუნქცია დაკისრებული აქვს ატრიბუტულ მსაზღვრელ-საზღვრულს. სხვასთან იშვიათად შეხვდებით მსაზღვრელ-საზღვრულის ისეთ მრავალფეროვნებას, როგორც ეს ანას ლექსებშია. მსაზღვრელ-საზღვრულთან ანასეული მიმართება საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ, ოდნავ მაინც ჩავწვდეთ მისი პოეტური ენის იდუმალებას. წესისამებრ, სიტყვათა თანწყობასა და განლაგებას ამა თუ იმ წინადადებაში განსაზღვრავს გრამატიკული წესები და სტილისტური ფუნქციები. სტილისტური თვალსაზრისით განსაკუთრებულ სიძნელეებს ვაწყდებით ატრიბუტული მსაზღვრელ-საზღვრულის ადგილის შეცვლით ან გათიშვით, რადგან ატრიბუტული მსაზღვრელი ანუ განსაზღვრება ერთადერთია წინადადების წევრთა შორის, რომელიც სინტაქსურ წყვილს არ ქმნის შემასმენელთან და მთლიანად საზღვრულზე არის დამოკიდებული (ცხადია, აქ არ იგულისხმება პრედიკატული განსაზღვრება). თანაც, მისი კავშირი საზღვრულთან ხშირად ბრუნვის ნიშნით არ არის გამოხატული და მხოლოდ ადგილით განისაზღვრება. ამიტომ ატრიბუტული მსაზღვრელ-საზღვრულის რიგს თანამედროვე ქართულში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამასთან, ცხადია, პრეპოზიციული წყობა უფრო მეტად შესაძლებელია პროზაულ ენაში, პოეზიას ამ მხრივ მეტი თავისუფლება ახასიათებს. მაგრამ სწორედ ეს თავისუფლება პოეტური ენისა მოითხოვს უდიდეს ოსტატობას, რათა ენის შინაგანი კანონების გათვალისწინებითა და შესაძლებელი მიმოხრით მივაღწიოთ სტილის სრულყოფილებას და ამავე დროს შევინარჩუნოთ ის სილაღე და ბუნებრიობა, რაც ასე გვხიბლავს ანა კალანდაძის ენაში. ანა კალანდაძის ლექსებში ატრიბუტულ მსაზღვრელად უმეტესად ზედსართავი სახელია გამოყენებული. მისი სტილისტური ფუნქცია სცილდება უბრალო აღწერილობას, დესკრიფციულობას და იძენს კრეაციულ დატვირთვას ანუ იქმნება ახალი, უჩვეულო სემანტიკური ველი: „ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო” (55), „მე ლამაზი მეგობარი მყავდა.”’(32). ორივე მაგალითში მსაზღვრელის გაძლიერება ხდება ზმნური კატეგორიით, რაც განაპირობებს მათს კრეაციულობას: ზმნა „მობარბაცებს” აძლიერებს „მთვრალის” აღქმას და იგი სტატიკურიდან დინამიკურ პოზიციაში გადაჰყავს, ხოლო სინტაგმა „ლამაზი მეგობარი” ესთეტიკური ზემოქმედების დატვირთვას იძენს „მყავდა” ზმნასთან. აწმყო დროში მთელი ტაეპი „მე ლამაზი მეგობარი მყავს” ქმნის კლიშეს, შტამპს და ვერ მაღლდება ესთეტიკურ კატეგორიამდე. „მყავდა” ზმნა განსაზღვრავს ამ ლექსის შემდეგი ტაეპების ესთეტიკურობასაც: „მე ლამაზი მეგობარი მყავდა, თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით, ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები, გაფრინდა და მეც არ ვიცი, სადა...”. აქ „თვალჟუჟუნა” გრამატიკულად ქმნის განკერძოებულ განსაზღვრებას „ლამაზი მეგობარის” კონტექსტში, რაც სტილისტურად გამიზნულია მეგობრის სილამაზის განსაკუთრებულობის აღსაქმელად. აღსანიშნავია ამ სტრიქონების ევფემისტური ესთეტიზმიც. სიტყვათქმნადობის იშვიათ ნიმუშებს ვხვდებით ანა კალანდაძის იმ სტრიქონებში, სადაც ატრიბუტულ მსაზღვრელად გამოყენებულია კომპოზიტები, რომლებიც მიღებულია არსებითი სახელისა და მიმღეობისაგან (მიმღეობა უმეტესად ვნებითი გვარისაა) ან სხვადასხვა ტიპის სახელთა ფუძეების შერწყმით არიან მიღებულნი. ამ მხრივ საინტერესოა სინტაგმები: „ქუდმოხდილი ქვევრებია”, ზღვადარხეულ მინდორს გაუხარია”, ჯეჯილში ჩაიშრიალა თვალგახელილმა ყანამა”(37,25,35). მათ იშვიათ მეტაფორულობაშია ანა კალანდაძის სტილის ხიბლი. მსაზღვრელი ზოგჯერ ფუძეგაორკეცებული და ნაირფუძიანი ზედსართავი სახელით არის გადმოცემული, მათი სტილისტურ-სემანტიკური დატვირთვა გროტესკულია, რაც აორკეცებს წარმოსახვას: „მუქ-ლურჯი ნაირ-ნაირი მთები”, „წმიდათაწმიდა იდუმალი ხმით”, „სამკაულები ნაირ-ნაირი” (427, 228, 62). თავისუფლებაწართმეული ქვეყნის, ხალხის ალეგორიულ სახეს ქმნის სტრიქონი: „ყელჯაჭვიანნი ვეფხვნი ბრდღვინავენ” (346), ხოლო შესაშური თავისუფლებისა და ბუნებრიობის ხიბლით შემოდის ანას პოეზიაში „ფეხშიშველი ბოშა ქალი”(61). ამ ორ კონტრასტულ სახეს შორის მოქცეული სივრცეა შენი ისტორია, შენი ტრაგიკულობა და ბედნიერება, შენი თვისობრიობა. პოეზიის ასეთი სახეობრიობა შეგაგრძნობინებს მონობის საშინელებას თუ თავისუფლების მშვენიერებას და არა მყვირალა ლოზუნგებად ქცეული ლექსები, რომლებსაც რატომღაც პატრიოტულ ლირიკას არქმევენ. აი, როგორ ხსნის ანა ბედნიერების, თუნდაც უბრალოდ, კარგი განწყობილების თავწყაროს: „ალბათ ნექტარი შესვა თვალანთებული დილის”(383). მსაზღვრელ-საზღვრული „თვალანთებული დილა” ქმნის იშვიათ მეტაფორას - ეს ღვთაებრივი ნექტარია. ამ ნექტარის შესმა უფლის შემოსვლაა სულში. ატრიბუტულ მსაზღვრელად გამოყენებულია აგრეთვე ნამყო მიმღეობა: ლურჯი ედო აჩალულ ყანებს, და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, ატირებული მპყრობელი ვარ, დამწყვდეული ჭინკა და სხვა(39,34,24,37). კონტექსტებში მათ აღწერითი, დესკრიპტორული დანიშნულება გააჩნიათ. რიცხვით სახელთაგან მსაზღვრელად გვხვდება რაოდენობითი რიცხვითი სახელი („როგორც ეს ორი ჯადოქარი”90), შვიდი ზეცა გადირბინეს” 29), იშვიათად რიგობითი რიცხვითი: ყოველთვის ახალი, პირველი ხალისით...”(129). გვხვდება რიცხვითი სახელი „ერთი” განუსაზღვრელობითი ნაცვალსახელის როლში: „ერთი ნორჩი ნაძვის ძირას”(349). ანას პოეზიის ერთ-ერთი თავისებურება სწორედ ის არის, რომ უფრო ჭარბად გვხვდება გაურკვეველი რიცხვის აღმნიშვნელი სახელები, რაც კონკრეტულობიდან აბსტრაქტულობისაკენ გადახრის აღქმას, აგრეთვე იწვევს სამყაროული სისავსის განცდას: „ურიცხვი განძია ჩემში”, „ულეველი ბრწყინვა რომ ჰქონდათ”, „აურაცხელი მწუხარე გზებით”, „ბევრი წყარო და ბევრი ხევია”(314,313,264). ატრიბუტულ მსაზღვრელად ანა კალანდაძის ლექსებში შედარებით ნაკლებად გვხვდება ჩვენებითი ნაცვალსახელები, უმეტესად გამოყენებულია კუთვნილებით, კითხვითი, აგრეთვე განუსაზღვრელობითი და განსაზღვრებითი ნაცვალსახელები. ჩვენებითი ნაცვალსახელით გამოხატულ მსაზღვრელს მრავალ კონტექსტში უდიდესი ტროპული დატვირთვა გააჩნია: მიგვანიშნებს წარსულისა და აწმყოს უწყვეტ კავშირზე -„ასეთი დარი თუ იყო მაშინ...”(269), აღძრავს სიძველისადმი, წარსულისადმი მოწიწების გრძნობას - „იმ ძველს გალავანს”(384) აქ სტილისტური ფუნქცია დაკისრებული აქვს მსაზღვრელ-საზღვრულის შეთანხმების არქაულ ფორმას, როცა ორივე, მსაზღვრელიც და საზღვრულიც, სრულად დაირთავდა ბრუნვის ნიშანს -„ძველ-ს გალავან-ს”. „ეს” - ჩვენებითი ნაცვალსახელის გამოყენებით საგანგებო ხაზგასმაა მშობლიური მთების ბუმბერაზობაზე, მის სიდიადეზე, იგი აძლიერებს წინა ფრაზის რიტორიკაში შეფარებულ გაკვირვებას, რწმენას და ერთგვარ დაქადნებასაც: „ჩვენია, აბა, ვისია, ეს ბუმბერაზი მთები...”(69) ამავე სემანტიკურ ველში მოიაზრება სტრიქონები, სადაც მსგავსი ტროპულ-სტილისტური ფუნქცია დაკისრებული აქვს კუთვნილებით ნაცვალსახელებს: „ჩემს ლურჯ წყალზე”, „თქვენი გამოგვყვა გული”(90,271) და სხვ. ეს უკანასკნელი მსაზღვრელ-საზღვრულის პოეტური ტმესის ნიმუშია, მსაზღვრელ-საზღვრულის ამდაგვარი გათიშულობა ანა კალანდაძის პოეტური სინტაქსის ერთ-ერთი სახასიათო სტრუქტურული ნიშანია: „და დიდებული ბრწყინავს ბენგალი”, „მუნით დიდებულს ვხედავდი სახეს”, „და სხივთამთოვარს ეთხოვებოდა მზეს ნაძვისწვერი”, „იყო რაღაცა იმქვეყნიური მზის გრძნეულ რკალში და ძველისძველი”(73, 48). მსაზღვრელ-საზღვრულის გათიშვა იშვიათ სტილურ ელფერს სძენს შემდეგ ტაეპს: „რტომ გაუცინა მზესა მსუბუქი კამელიის”(68) თანამედროვე პოეზიაში მოჭარბებულია სწორედ ამგვარი სინტაქსიკის მაგალითები. და მაინც, ანა კალანდაძის პოეზიას განუმეორებელ სტილურ ელფერს ანიჭებს ინვერსიული წყობის მსაზღვრელ-საზღვრული, რომლის მაგალითებიც საკმაოა: „საქართველოო ლამაზო”, ‘„ჰა, შარავანდი უხილავი”, „ხე მაღალი, ხე ზურმუხტისფერი” (27, ,9,36) და სხვა. იშვიათი სინატიფითა და იდუმალებით არის აღბეჭდილი სტრიქონები, სადაც მსაზღვრელად კითხვითი ნაცვალსახელებია გამოყენებული: „რომელი ჩიტიიკეთებს ბუდეს” (376); პოეტური რიტორიკისა და ტმესის ნიმუშია სტრიქონი - „რამდენი ხარობს ზიზილა”(183) და სხვ. ასე იხატება ანასეულ სტრიქონებში ნაირფერებით ვრცეული მინდორი, მყუდროდ მოშრიალე, მოგალობე ტყე თუ სხივგვირგვინმოსილი პოეტის სახეც, რომლის უაღრესად გაფაქიზებულ სმენას გალაკტიონის მსგავსად ჩაესმის მარადიული კოსმიური მუსიკის ჰანგები. არადა, რა უბრალო ლექსიკური მარაგით გამოხატავს ამ ბუმბერაზ სათქმელს: „რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა”... მსაზღვრელ-საზღვრული „ჩემთა ყურთა” ათმარცვლოვანი რიტმიკის ბოლო, ყრუ რეგისტრში თავსდება, სადაც მუსიკალური ტონალობა დაწეულია, მიმქრალია. ამ სირბილეს თა-ნიანი მრავლობითის ფორმა ქმნის, ამავე კონტექსტშია ზმნა „ესმით”. ყრუ ბგერა „თ”-ს სამსახოვანი ალიტერაციის - ესმით ჩემთა ყურთა - სტილისტური ფუნქცია ხმის დაწევის მინიშნებაა იმ იდუმალი პოლიფონიურობის გასაგონად თუ შესაგრძნობად, რომელიც მოედინება ფრაზიდან - „რა ჩურჩული”. ეს კოსმიური იდუმალების შემოდინებაა. იგი მხოლოდ რჩეულთ ესმით. ეს პირველყოფილი ენა ჩურჩულებს, რომლის სახეობრიობა ანასეული გაფაქიზებული პოეტური სმენით თუ აღიქმება მხოლოდ. ატრიბუტულ მსაზღვრელად გვხვდება აგრეთვე განსაზღვრებითი ნაცვალსახელებიც: „როცა აფრები ყოველ დილითა”(247), „და ყველა ზღვების ნაპირებზე თბება ნიჟარა”(387)... წესისამებრ, ამ ნაცვალსახელებთან საზღვრული წევრი მხოლობითში დაისმის, მაგრამ პოეტური ენის გრამატიკა ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია. ანა კალანდაძის პოეზიაში მსაზღვრელის როლში არ გვხვდება არსებითი სახელი, რაც მისი სტილის არასაგნობრიობით აიხსნება. ცალკე უნდა აღინიშნოს ატრიბუტული მსაზღვრელის მიმართება წინადადების სხვადასხვა წევრთან, რაც არსებითად განსაზღვრავს ანა კალანდაძის პოეტური სინტაქსის სტრუქტურას. აქ ატრიბუტული მსაზღვრელი ახლავს არსებითი სახელით გამოხატულ ყველა წევრს: ქვემდებარეს, პირდაპირ დამატებას, ირიბ დამატებას, შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილს, სხვადასხვა მნიშვნელობის უბრალო დამატებას, სხვადასვა გარემოებებს და სხვა, რომელთა განხილვა ძალიან შორს წაგვიყვანს. როცა ვსაუბრობთ ანა კალანდაძის პოეზიაში მსაზღვრელ-საზღვრულის ფორმათა მრავალფეროვნებასა და მრავალმხრიობაზე, აქ უპირველესად ვგულისხმობთ ობიექტური და სუბიექტური სტილური მონაცემების ჰარმონიული შერწყმით მიღებულ პოეტურ სრულყოფილებას, რაც წმინდა გრამატიკული ტროპულობის თვინიერ შესაშური პოეტური ინტუიციითა და ენის შინაგანი კანონზომიერებების ღრმა წვდომითაა განპირობებული.


შენიშვნა: ყველა მაგალითი მოყვანილია ა. კალანდაძის დასახელებული კრებულიდან. ხაზგასმა ყველგან ჩემია. ჟ.შ.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ანა კალანდაძე, რჩეული, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო” თბ. 1976 წ.;

2. ჟურნალი „ენიგმა”, №3, 2006 წ.;

3. ლიტერატურის თეორია, მე20 საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები და მიმდინარეობები კრებული, თბ. 2006;

4. ა. შანიძე. ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები, ტ. 3. 1980 წ. თბილისი.