ვიეტნამის სამხედრო ისტორიის მუზეუმი
ვიეტნამის სამხედრო ისტორიის მუზეუმი | |
---|---|
მუზეუმის ექსპოზიცია ქუჩაში | |
21°01′56″ ჩ. გ. 105°50′24″ ა. გ. / 21.0322500° ჩ. გ. 105.8402500° ა. გ. | |
დაარსდა | 1959 |
ქვეყანა | ვიეტნამი |
მდებარეობა | ჰანოი |
ექსპონატი | 160 000 |
ვიეტნამის სამხედრო ისტორიის მუზეუმი (ვიეტ. Bảo tàng Lịch sử Quân sự Việt Nam) — სამხედრო მუზეუმი ჰანოიში, ვიეტნამი. ეძღვნება ვიეტნამის შეიარაღებული ძალების მიერ განვლილ სამხედრო გზას. მუზეუმში წარმოდგენილია საბჭოთა, ჩინური და ასევე ამერიკული და ფრანგული სამხედრო ტექნიკისა და იარაღის ნიმუშები. მუზეუმი მუშაობს სამშაბთიდან კვირის ჩათვლით 08:00-დან 11:00-მდე და 13:00-დან 16:00-მდე. მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასში შედის ასევე ცნობილი თანგ-ლონგის სამეფო ქალაქის (ე. წ. ჰანოის ციტადელის) დათვალიერებაც გადასახედი მოედნიდან, საიდანაც იშლება ჰანოის და მისი შემოგარენის მშვენიერი ხედები. მუზეუმის ტერიტორიას გარს აკრავს ლენინის სახელობის პარკი.
მუზეუმის მისამართი: ვიეტნამი, ჰანოი, ბა-დინის რაიონი 28ა.
ისტორია და არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხედრო ისტორიის მუზეუმი ვიეტნამის შვიდიდან ერთ-ერთი ეროვნული მნიშვნელობის მუზეუმია. მის გახსნას წინ უძღოდა ვიეტნამის სამხედრო სულისკვეთების შენარჩუნების მიზნით ჩატარებული გამოფენები. საბოლოოდ, ჰანოის სამხედრო მუზეუმი გაიხსნა 1959 წელს ვიეტნამის სახალხო არმიის დაარსებიდან 15 წლისთავის იუბილზე. მუზეუმის შექმნის ინიციატორი იყო ვიეტნამის პრეზიდენტი ხო ში მინი. სამხედრო მუზეუმის დაარსების 50 წლის იუბილეზე გაიხსნა მუზეუმის ოფიციალური ვებგვერდი, რომლის გახსნის მიზანიც იყო მუზეუმის მოღვაწეობის განვითარება. 2007 წელს თანგ-ლონგის სამეფო ქალაქი, რომელშიც მდებარეობს სამხედრო მუზეუმი, აღიარეს სახელმწიფო მნიშვნელობის არქიტექტურულ ძეგლად, ხოლო 2009 წლიდან - ეროვნულ ძეგლად. 2010 წელს კი ციხესიმაგრე შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. სამხედრო მუზეუმი მდებარეობს სამეფო სასახლის ყოფილ შენობაში. მუზეუმის კომპლექსის ნაწილია დროშის კოშკი, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს, ვიეტნამში, საფრანგეთის დესტრუქციული ქმედებების შედეგად გადარჩენილი ერთ-ერთი შენობის ნაწილია. კიდევ ერთი ობიექტი, რომელიც შედის არქიტექტურულ ანსამბლში, არის კინთხიენის ძველი სასახლის საძირკველი. შემონახულია ასევე კიბეები, რომელიც გაფორმებულია დრაკონის ფიგურებით. ძველი ნაგებობებიდან ჩვენს დრომდე შემონახულია სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭები. ამჟამად თვლიან, რომ მიწის ქვეშ მდებარეობს სამეფო ციტადელის მრავალი ნანგრევი, რომელიც ჯერ კიდევ ელოდება აღმოჩენას.
ექსპოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხედრო მუზეუმის ექსპოზიცია განთავსებულია ოცდაათ საგამოფენო დარბაზში. სულ დაცულია 160 000 საგანი და დოკუმენტი, რომლებიც დაკავშირებულია ვიეტნამის შეიარაღებული ძალების განვითარების ისტორიასთან. მუზეუმში შესაძლებელია საბრძოლო მანქანების, ტანკების, სამხედრო ველოსიპედების, სამხედრო ვერტმფრენების, თვითმფრინავებისა და სხვავასხვა სახის იარაღების ნახვა, რომლებიც მონაწილეობდნენ ვიეტნამის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლებში. როგორც ექსპონატები ასევე გამოიყენება ტანსაცმელი, რომელიც ეკუთვნოდა ვიეტნამელ ჯარისკაცებს.
მიმდებარე ტერიტორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სამხედრო მუზეუმის ახლოს მდებარეობს ჰანოის რევოლუციის მუზეუმი. აქ წარმოდგენილია ექსპონატები, რომლებიც დაკავშირებულია რევოლუციის ამბებთან. მუზეუმში შეგიძლიათ გაიგოთ ვიეტნამის კომუნიზმის ჩამოყალიბების ისტორია და ვიეტნამის ცნობილი პოლიტიკოსების ბიოგრაფიები. რამდენიმე კვარტალში მდებარეობს ლიტერატურის ტაძარი. ეს მუზეუმი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ხშირად მონახულებადი ტერიტორიაა[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური ვებგვერდი დაარქივებული 2021-05-18 საიტზე Wayback Machine.
- ექსპონატების ფოტოები დაარქივებული 2009-02-24 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Военный музей в Ханое в Ханое - фото, экскурсии, отзывы туристов. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-08. ციტირების თარიღი: 2017-11-29.