ვიეტნამის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიეტნამი

ვიეტნამის დროშა
მიღებულია 1940
პროპორცია 2:3
დროშის ავტორი Nguyễn Hữu Tiến
კომპიუტერული
დიზაინი
წითელ ფონზე არსებული ყვითელი ხუთქიმიანი ვარსკვლავი
სიმბოლიკა წითელი ფერი - სისხლისა და რევოლუციის სიმბოლო, ყვითელი ფერი - ვიეტნამის ტრადიციული ფერი, ხუთქიმიანი ვარსკვლავი - ხუთი სოციალური ფენის გამომსახველი

ვიეტნამის დროშა, ოფიციალურად ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის დროშა (ვიეტ. Quốc kỳ nước Cộng hoà xã hội chủ nghĩa Việt Nam)[1][2] შემუშავდა 1940 წელს და თავდაპირველად გამოიყენეს ფრანგების წინააღმდეგ აჯანყების დროს.[3] წითელი ფონი რევოლუციისა და სისხლისღვრის სიმბოლოა, ხოლო დროშის ცენტრში არსებული ხუთქიმიანი ოქროსფერი ვარსკვლავი ვიეტნამის საზოგადოების ხუთი მთავარი კლასის — ინტელექტუალების, ფერმერების, მუშების, მეწარმეებისა და ჯარისკაცების — გამოსახულებაა.[4]

დროშა გამოიყენა ვიეტ მინმა, კომუნისტების ხელმძღვანელობით შექმნილმა ორგანიზაციამ, რომელიც შეიქმნა 1941 წელს იაპონიის ოკუპაციის წინააღმდეგ. მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ვიეტნამის ლიდერმა ხო ში მინდა ვიეტნამი დამოუკიდებლად გამოაცხადა და 1945 წლის 5 სექტემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას ვიეტნამის დროშის ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშად გარდაქმნასთან დაკავშირებით. დემოკრატები, ჟენევის შეთანხმების თანახმად, ჩრდილოეთ ვიეტნამში მოვიდნენ 1954 წელს. დროშა შეიცვალა 1955 წლის 30 ნოემბერს,  ვარსკვლავის სხივების  უფრო მკვეთრად გამოსახვისთვის. ვიეტნამის ომის დასრულებამდე, 1975 წლამდე, სამხრეთ ვიეტნამი იყენებდა ყვითელ დროშას სამი წითელი ზოლით. ჩრდილოეთ ვიეტნამის წითელი დროშა მოგვიანებით, 1976 წელს, მიიღეს, როგორც ერთიანი ვიეტნამის დროშა.

დიზაინი და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიეტნამის დროშაზე ყოველთვის ყვითელი და წითელი ფერების სხვადასხვა დიზაინს შევხვდებოდით. 1992 წლის ვიეტნამის კონსტიტუციის თანახმად: „ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ეროვნული დროშა მართკუთხა ფორმისაა, მისი სიგანე უდრის სიგრძის ორ მესამედს, წითელი ფონის შუაში არის ოქროსფერი ხუთქიმიანი ვარსკვლავი“.[5]

დროშა პირველად გამოჩნდა სამხრეთ ვიეტნამის აჯანყებაში (Nam Kỳ Khởi nghĩa) 1940 წლის 23 ნოემბერს, საფრანგეთის მმართველობის წინააღმდეგ სამხრეთ ვიეტნამში.[6] დროშა შეიქმნა ნგუინ ჰაუ ტიანის, აჯანყების ლიდერის, მიერ, რომელიც ფრანგებმა დააკავეს წარუმატებელი აჯანყების წინ და სიკვდილით დასაჯეს 1941 წლის 28 აგვისტოს. ტიანი, რომელიც ჩრდილოეთის სოფელ ლუნ ჰიუენში დაიბადა, ვიეტნამელი პუბლიკისთვის უცნობი იყო მანამ, სანამ სონ ტუნმა მის შესახებ დოკუმენტები არ გამოაქვეყნა. ტიანის მიერვე დაწერილი ლექსის მიხედვით, წითელი ფონი წარმოადგენდა ხალხის სისხლს, ხოლო ყვითელი წინა პლანზე წარმოადგენდა „ჩვენი ხალხის კანის ფერს“, მან ეს ლექსი იაპონური მმართველობის დროს დაწერა. ცენტრში გამოსახული ხუთქიმიანი ვარსკვავი ვიეტნამის ხუთ სოციალურ ტიპს ასახავს, ესენია: ინტელექტუალები, გლეხები, მუშები, ვაჭრები და ჯარისკაცები.[7]

ყვითელი და წითელი ფერი დიდი ხანია, რაც ვიეტნამის დროშების გაფორმებისთვის გამოიყენება. 2000-ზე მეტი წლის განმავლობაში ყვითელი ფერი ვიეტნამელთა ტრადიციულ ფერად იყო მიჩნეული. 2001 წლის აპრილში, ვიეტნამის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი ოფიციალური დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ დროშის ავტორობა ტიანს მიეწერება. 2005 წელს, მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ივარაუდა, რომ დროშა მეკონგის დელტაში არსებული ერთ-ერთი სოფლის მკვიდრის, ლე ქუანგ სოს, მიერ შეიქმნა, ეს არგუმენტი კი ემყარება თავად სოს ვაჟის განცხადებებსა და თავად სოს 1968 წლის მემუარებს. დოკუმენტის თანახმად, ყვითელი ფერი გამოსახავს ვიეტნამს მაშინ, როცა წითელი ფერი კომუნისტური პარტიის დროშით იყო შთაგონებული და სიმბოლიზირებდა რევოლუციას. სომ თავდაპირველად სხვადასხვა ზომის ვარსკვლავის განლაგება დაიწყო დროშის ცენტრში, თუმცა საბოლოოდ დიდზე შეჯერდა, ესთეტიკური მიზეზების გამო. 1940 წლის აპრილში დროშა დაამტკიცა ფან ვან ხოემ, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელმა, მოგვიანებით იგი დამტკიცდა ეროვნული პარტიის მიერ, ამავე წლის ივლისში. 2006 წლისთვის არცერთ მედიასაშუალებას არ გაუკეთებია კომენტარი სოს მოვლენებთან დაკავშირებით.[8]

თავდაპირველად, დროშა აღიმართა 1941 წლის 19 მაისს. ვიეტ მინმა, ვიეტნამში არსებულმა კომუნისტურმა მოძრაობამ, იგი გამოაცხადა „ეროვნულ დროშად“  1945 წლის 17 აგვისტოს, ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ტან ტრაოში გამართულ კონფერენციაზე.[9][10] როდესაც იაპონელები დანებდნენ მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ვიეტ მინი შევიდა ჰანოიში და გამოაცხადეს „ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკა“. 5 სექტემბერს, დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰო ჩიმინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ვიეტ მინის დროშის მიღების შესახებ. მალე, საფრანგეთის ჯარები დაბრუნდნენ და ოქტომბრისთვის კოლონიური მმართველობა აღადგინეს სამხრეთში. ეროვნულმა ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი დროშის მიღებას 1946 წლის 2 მარტს. ჟენევის კონფერენციის თანახმად, რომელიც შედგა ვიეტნამსა და საფრანგეთს შორის, დემოკრატიული პარტია ჩრდილოეთ ვიეტნამს დაეუფლა.

1955 წლის 30 ნოემბერს დროშის დიზაინი ოდნავ შეიცვალა, მისი კონტურების უფრო მკვეთრად წარმოჩენისთვის. ამას მოჰყვა საბჭოთა კავშირის მსგავსი დროშის მოდიფიკაცია. დროშა მიიღეს სამხრეთ ვიეტნამში მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ვიეტნამი გაერთიანდა ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკად 1976 წლის 2 ივლისს. ვიეტნამის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა 1945 წლიდან 1955 წლამდე იყო ვიეტნამის ამჟამინდელი დროშის მსგავსი, მაგრამ განსხვავება იყო ის, რომ ვარსკვლავის კუთხეები უფრო ბლაგვი იყო.[11]

დღესდღეობით, ვიეტნამის დროშაზე წითელი ფონი, ჩვეულებრივ, არის სისხლისღვრის, ბრძოლისა და რევოლუციის წარმატების სიმბოლო, რომელიც შთაგონებულია კომუნისტური სიმბოლიზმით. წითელ ფონზე გამოსახული ხუთქიმიანი ვარსკვლავი კი ხუთ კლასს გამოსახავს. ვიეტნამის დროშა ვიეტნამის კომუნისტური პარტიის დროშაცაა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Government of Vietnam. About Vietnam: National flag, emblem, anthem, declaration of independence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი 2022. ციტირების თარიღი: 3 Apr 2022
  2. Quốc kỳ, Quốc huy, Quốc ca, Tuyên ngôn (National flag, National emblem, National anthem, Declaration (of Independence)) vi. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-03. ციტირების თარიღი: 2022-04-03
  3. History of the Vietnam flag. ციტირების თარიღი: 10 October 2020
  4. Vietnam Flag, Meaning of Vietnam Flag, History of Vietnam Flag. ციტირების თარიღი: 5 October 2013
  5. Constitution of the Socialist Republic of Vietnam, Article 141 დაარქივებული 3 March 2016 საიტზე Wayback Machine. .
  6. "VN Embassy : Flag Designer Urban Myths Squelched", Embassy of the Socialist Republic in Vietnam in the United States of America.
  7. Flag designer urban myths squelched en. ციტირების თარიღი: 2021-03-04[მკვდარი ბმული]
  8. "Tác giả quốc kỳ: vẫn là dấu chấm hỏi", Tuổi Trẻ, 23 November 2006
  9. Ho Chi Minh, Foreign Languages Pub. House, 1988, p. 76. "on 19 May 1941 Viet Minh Front officially made its appearance, and holding high the gold star red flag."
  10. (1990) „The General Uprising and Independence“, Vietnam : A Country Study. Dept. of the Army. ISBN 978-0160181436. „The following day, the Congress, at a ceremony in front of the village dinh, officially adopted the national red flag with a gold star, and Ho read an appeal to the Vietnamese people to rise in revolution.“ 
  11. Vietnam. CIA World Factbook. Central Intelligence Agency. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 29 May 2013