შინაარსზე გადასვლა

ვიდეო თამაშების შექმნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიდეო თამაშების შემუშავებავიდეო თამაშის შექმნის პროცესი. ეს არის მრავალდისციპლინური საქმიანობა, რომელიც მოიცავს პროგრამირებას, დიზაინს, მხატვრობას, (არტს), აუდიოს, მომხმარებლის ინტერფეისს და სცენარის შექმნას. თითოეული ეს სფერო შეიძლება შედგებოდეს უფრო სპეციალიზებული უნარებისგან; მაგალითად, მხატვრობა მოიცავს ობიექტების 3D მოდელირებას, პერსონაჟების მოდელირებას, ანიმაციას, ვიზუალურ ეფექტებს და ა.შ. შექმნის პროცესი ხორციელდება პროექტის მენეჯმენტის, წარმოებისა და ხარისხის კონტროლის დახმარებით. გუნდი შეიძლება შედგებოდეს ასობით ადამიანისგან, მცირე ჯგუფისგან ან თუნდაც ერთი ადამიანისგან.

კომერციული ვიდეოთამაშების შექმნა, როგორც წესი, გამომცემლის მიერ ფინანსდება. ამ პროცესის დასრულება კი, შესაძლოა, 2-დან 5 წლამდე გაგრძელდეს. მცირე, თვითდაფინანსებული გუნდების მიერ თამაშის შემქმნელს დამოუკიდებელი დევველოპერი (იგივე ინდი-დეველოპერი) ეწოდება. ტექნოლოგიური ბაზა, რომელსაც თამაში იყენებს, შესაძლოა, ნულიდან იქნას დაწერილი, ან გამოყენებული იყოს კომპანიის სპეციფიკური, ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფა. ვინაიდან თამაშების შექმნა სულ უფრო და უფრო კომპლექსურ ხასიათს იძენს; როგორც დიდი, ისე დამოუკიდებელი კომპანიები იყენებენ მზა თამაშის ძრავას (ინგლ. Game Engines), როგორებიცაა Unity, Unreal Engine ან Godot.[1][2]

კომერციული თამაშების შექმნა 1970-იან წლებში დაიწყო არკადული ვიდეო თამაშების (როგორიცაა „Computer Space“), პირველი თაობის ვიდეო თამაშების კონსოლების (როგორიცაა Magnavox Odyssey) და სახლის კომპიუტერების (მაგალითად, Apple II) გამოჩენასთან ერთად. 1980-იან წლებში ერთ პროგრამისტს შეეძლო ერთი თამაშის თავიდან ბოლომდე შექმნა (მაგ. „Pitfall!“). 1980-იანი წლების ბოლოს, მეორე და მესამე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე 3-განზომილებიანი გრაფიკის მზარდი პოპულარობის, ვიზუალისა და ხარისხის მიმართ გაზრდილი მოთხოვნების გამო, მეინსტრიმ ვიდეო თამაში იმდენად რთული გახდა, რომ მის შექმნას ერთი ადამიანი ვეღარ უმკლავდებოდა. მაღალი ხარისხის (ხშირად AAA ეწოდება) თამაშის შექმნის საშუალო ღირებულება ეტაპობრივად გაიზარდა: 2000 წელს 1–4 მილიონი აშშ დოლარიდან 2023 წლისთვის 200 მილიონ დოლარამდე, გაიზარდა[3] (ან კიდევ უფრო მეტი). ამავდროულად, დაიწყო ინდი-დეველოპმენტის აღმავლობა. ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ვიდეოთამაში, Minecraft, თავდაპირველად ერთმა ადამიანმა დაწერა, შემდეგ მცირე გუნდმა განავითარა, სანამ კომპანია Microsoft-მა არ შეიძინა და მნიშვნელოვნად არ გააფართოვა.[4][5]

მეინსტრიმ კომერციული ვიდეო თამაშები, ძირითადად, ფაზებად იქმნება. ჯერ ყალიბდება კონცეფცია, რომელიც შემდეგ გადადის წინასწარ წარმოებაში (ინგლ. Pre-production), სადაც იქმნება პროტოტიპები და თამაშის მთლიანი გეგმა.[6] ამას მოსდევს სრულმასშტაბიანი წარმოება (ინგლ. Production), შემდეგ კი, ზოგჯერ, დგება პოსტ-წარმოების (ინგლ. post-production) ეტაპი, სადაც თამაშის დახვეწა მიმდინარეობს. მრავალი დეველოპერისთვის, განსაკუთრებით მცირე გუნდებისთვის, გავრცელებულ პრაქტიკად იქცა თამაშების „ადრეული წვდომის“ (ინგლ. Early Access) სახით გამოშვება, რა დროსაც თამაში ეტაპობრივად ვითარდება მოთამაშეების უკუკავშირის მეშვეობით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Comparing Popular Game Engines en. ციტირების თარიღი: 2025-01-19
  2. The Two Engines Driving the $120B Gaming Industry Forward en-US (2018-09-20). ციტირების თარიღი: 2020-06-03
  3. Schreier, Jason. (September 3, 2021) Former PlayStation Chief Muses on the Future of Gaming. Bloomberg News. ციტირების თარიღი: September 4, 2021.
  4. Stuart, Keith; Hern, Alex (15 September 2014). „Minecraft sold: Microsoft buys Mojang for $2.5bn“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 September 2022. ციტირების თარიღი: 9 August 2020.
  5. Minecraft to join Microsoft en-US (15 September 2014). ციტირების თარიღი: 9 August 2020
  6. Bates, Bob (2004). Game Design (2nd ed.). Thomson Course Technology. ISBN 1-59200-493-8.