შინაარსზე გადასვლა

ვიდეო თამაშების მუსიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიდეო თამაშების მუსიკავიდეო თამაშების ნებისმიერი მელოდია, კომპოზიცია ან საუნდტრეკი. ადრეული ვიდეო თამაშების მუსიკა შემოიფარგლებოდა მხოლოდ ძველი ხმოვანი ჩიპების მეშვეობით, როგორიცაა პროგრამირებადი ხმის გენერატორები ან FM-სინთეზის ჩიპები. ამ შეზღუდვებმა საფუძველი ჩაუყარა მუსიკალურ სტილს, ჩიპტიუნი, რომელიც ადრეული ვიდეო თამაშების ჟღერადობად იქცა.

ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ვიდეო თამაშების მუსიკა გაიზარდა და ბგერების უფრო ფართო სპექტრი მოიცვა. მოთამაშეებს მუსიკის მოსმენა ვიდეო თამაშებში შესაძლებელია თამაშის მთავარ ეკრანზე, მენიუსა და თამაშის პროცესში.[1] თამაშის მუსიკა ასევე შეიძლება შეიცვალოს მოთამაშის ქმედებების ან სიტუაციის მიხედვით, მაგალითად: მიგვანიშნოს გამოტოვებულ ქმედებებზე რიტმულ თამაშებში, აცნობოს მოთამაშეს, რომ ის სახიფათო ზონაშია, ან დააჯილდოოს იგი კონკრეტული მიღწევებისთვის.

ვიდეო თამაშების მუსიკა შეიძლება იყოს ორი სახის: ორიგინალი ან ლიცენზირებული.[1] სათამაშო მუსიკის პოპულარობის ზრდამ ხელი შეუწყო განათლებისა და დასაქმების ახალი სფეროების გაჩენას, პრესტიჟული ჯილდოების დაწესებასა და საუნდტრეკების საკონცერტო დარბაზებში გაჟღერებას.

ვიდეო თამაშების მუსიკის ისტორია არკადული ვიდეო თამაშების ოქროს ხანაში, 1970-იან წლებში დაიწყო, როდესაც მუსიკა მონოფონური და მარტივი ჟღერადობის იყო. იმ პერიოდში მუსიკა ინახებოდა ფიზიკურ მედიაზე, როგორიცაა ფირები და ფირფიტები, რაც საკმაოდ ძვირი ჯდებოდა და ხშირად ადვილად ფუჭდებოდა. მოგვიანებით დეველოპერებმა დაიწყეს ციფრული მეთოდების გამოყენება, სადაც მუსიკა უშუალოდ კომპიუტერული ჩიპების მიერ გენერირდებოდა. „Space Invaders“ იყო ერთ-ერთი პირველი თამაში, რომელიც იყენებდა უწყვეტ მუსიკალურ ფონს თამაშის პროცესში. ოთხი ნოტისგან შემდგარი ეს მელოდია ჩქარდებოდა, როდესაც მტრები მოთამაშეს უახლოვდებოდნენ, რაც პირველი ინტერაქტიული აუდიოს მაგალითი იყო. პირველი თამაში, რომელიც სრულფასოვან მელოდიას იყენებდა, იყო „Rally-X“, სადაც მუდმივად ჟღერდა მარტივი მუსიკალური თემა.[2]

1980-იანი წლების დასაწყისში ტექნოლოგიურმა პროგრესმა საფუძველი ჩაუყარა სინთეზატორულ ჩიპებს. FM-სინთეზის დანერგვამ საშუალება მისცა მუსიკას, უფრო მრავალფეროვანი და რეალისტური გამხდარიყო. არკადული აპარატებიდან ეს ტექნოლოგია მალე გავრცელედა საშინაო კომპიუტერებსა და კონსოლებში.[2] Nintendo Entertainment System-ის გამოჩენამ მუსიკის წერის პროცესი უფრო კომპლექსური გახადა. NES-ის ხმის პროცესორს ხუთი არხი ჰქონდა, რაც კომპოზიტორებს საშუალებას აძლევდა, შეექმნათ ჰარმონიული და მრავალშრიანი მელოდიები. ამ ეპოქაში მუსიკა იწერებოდა კოდის მეშვეობით, სადაც ყოველი ნოტა პროგრამულად იყო გაწერილი. კოჯი კონდომ და სხვებმა შექმნეს ისეთი მელოდიები, რომლებიც დღესაც კლასიკად მიიჩნევა.

16-ბიტიანმა ეპოქამ, კერძოდ Super NES-მა და Sega Genesis-მა, აუდიო ხარისხი მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს. Super NES იყენებდა სემპლირებაზე დაფუძნებულ ხმას, რაც რეალური ინსტრუმენტების ჩაწერილი ბგერების გამოყენების საშუალებას იძლეოდა. მუსიკა უფრო ორკესტრულ ჟღერადობას დაემსგავსა და გაჩნდა პირველი ექოსა და რევერბერაციის ეფექტები. 1990-იან წლებში CD-ROM ტექნოლოგიის დანერგვამ სათამაშო ინდუსტრიაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. მეხსიერების დიდი მოცულობა ნიშნავდა, რომ მუსიკა აღარ იყო დამოკიდებული მხოლოდ ჩიპის სიმძლავრეზე. დეველოპერებს შეეძლოთ თამაშში ჩაესვათ ნებისმიერი წინასწარ ჩაწერილი აუდიოფაილი მაღალი ხარისხით. ბევრმა დაიწყო ცნობილი მუსიკოსებისა და მუსიკალური ჯგუფების სიმღერების გამოყენება.

ტექნოლოგიურმა ზრდამ გამოიწვია მუსიკის დინამიკური სტრუქტურის ჩამოყალიბება. კომპოზიტორებმა დაიწყეს მუსიკის ისე წერა, რომ იგი მოთამაშის ქმედებების მიხედვით შეცვლილიყო. თუ პერსონაჟი წყალში ჩადიოდა, მუსიკა იხშობოდა, ხოლო ბრძოლის დაწყებისას უფრო აგრესიული ხდებოდა. 2000-იან წლებში ორკესტრული მუსიკა თამაშებისთვის სტანდარტად იქცა. ბევრი მსხვილბიუჯეტიანი პროექტი მუსიკის ჩასაწერად ცნობილ სიმფონიურ ორკესტრებსა და გუნდებს ქირაობდა. დღეს სათამაშო მუსიკა აღარ აღიქმება როგორც მხოლოდ „ფონი“, ის დამოუკიდებელ ხელოვნებად ჩამოყალიბდა.

ბოლო ათწლეულში მუსიკამ გადაინაცვლა საკონცერტო დარბაზებში, სადაც თამაშების მელოდიები ცოცხლად სრულდება. შეიქმნა სპეციალური აკადემიური პროგრამები, რომლებიც მომავალ კომპოზიტორებს მხოლოდ ამ სფეროსთვის ამზადებენ. მუსიკალური სტრიმინგ პლატფორმები მილიონობით მსმენელს სთავაზობენ სათამაშო საუნდტრეკებს. ინდუსტრიამ მიაღწია იმ ნიშნულს, სადაც სათამაშო მუსიკა პრესტიჟულ მუსიკალურ ჯილდოებზე, მათ შორის გრემიზეა ნომინირებული. მუსიკის ევოლუცია დღემდე გრძელდება და ის მჭიდროდ მიჰყვება ვიზუალური ტექნოლოგიების განვითარებას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]